The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



თევდორე (თედო) ზურაბის ძე ღლონტი

თევდორე (თედო) ზურაბის ძე ღლონტი
სხვა სახელი:ლანჩხუთელი ფედკა  (ფსევდონიმი)
მოუსვენარი  (ფსევდონიმი)
სპეტაკი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:20 აპრილი, 1888
გარდაცვ. თარიღი:11 ივლისი, 1937  (49 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:უცნობია (დახვრეტილი)
კატეგორია:დამფუძნებელი წევრი, ეკონომისტი, პოლიტოლოგი, პუბლიცისტი, რეპრესირებული

ბიოგრაფია

     თევდორე (თედო) ღლონტი დაიბადა 1888 წლის აპრილში ოზურგეთის მაზრის სოფელ ლანჩხუთში, გლეხის ოჯახში. ლანჩხუთის ორკლასიანი სკოლის დამთავრების შემდეგ  სწავლობდა ფოთის საქალაქო სასწავლებელში.

    1903-1904 წლებში თედო ღლონტმა ექსტერნად ჩააბარა ბათუმის გიმნაზიაში და სწავლის პერიოდში დაინტერესებული იყო პოლიტიკური ეკონომიით.

    1905-1906 წლების რევოლუციური მოძრაობის დროს სოფელ ლანჩხუთში ხელმძღვანელობდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ დაარსებულ მკითხველთა წრეებს. თანამშრომლობდა სოციალ-დემოკრატიულ პრესასთან.  მისი პირველი ქართული ფელეტონი - „დამარცხდება თუ არა მოძრაობა?“ - დაიბეჭდა გაზეთ „ელვაში“.

    თედო ღლონტი სწავლობდა პეტერბურგის უმაღლეს კომერციულ კურსებზე და მუშაობდა ს. ნ. პოკროვსკის ხელმძღვანელობით. კლასიკურ ეკონომიკურ მეცნიერებათა შესწავლის პარალელურად გატაცებული იყო ფრ. ლისტის მოძღვრებით და დაიწყო ქართული ეკონომიკის შესწავლა. პეტროგრადში წაიკითხა რამდენიმე საჯარო ლექცია ევროპის სოფლის ეკონომიკაზე. თანამშრომლობდა „Экономист России“-სთან და მიწათმოქმედების სამინისტროსთან არსებულ სტატისტიკურ გამოცემებთან, რომელთა საპატიო თანამშრომლადაც ითვლებოდა 1917 წლამდე.

    1909 წელს, პეტერბურგიდანვე დაიწყო თანამშრომლობა ქართულ გაზეთებთან - წერდა აკადემიურ საკითხებზე და თავის მონოგრაფიებს ათავსებდა ყველა მიმართულების ჟურნალ-გაზეთებში. სწავლის დასრულების შემდეგ პეტერბურგი დატოვა და მუშაობდა ბაქოში.

    1911 წელს სამშობლოში დაბრუნდა და  პოლიტიკურ საკითხებზე მუშაობამ საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიასთან დააკავშირა. 1912 წლიდან გახდა პარტიის წევრი და 1913-1914 წლებიდან  თანამშრომლობდა მხოლოდ სოც-ფედერალისტთა პრესასთან. იყო „სახალხო საქმის“ მთავარი თანამშრომელი. გამოქვეყნებული აქვს შემდეგი მონოგრაფიები: „თავადაზნაურობის მიწისმფლობელობა საქართველოში“, „გლეხკაცობის მდგომარეობა საქართველოში“, „მუშა ქალი საქართველოში“, „ქალი და კოოპერაცია“, „აგრარული საკითხი საქართველოში“, „ქართველი ერის სტატისტიკა“, „რუსული იმპერიალიზმი საქართველოში“, „ეროვნული საკითხი და სოციალ-დემოკრატია“, „ომი და ფედერალიზმი, ერობა საქართველოში“. ასევე, წერდა ირიგაციის, მელიორაციის, კრედიტის, მუნიციპალური და სახელმწიფოებრივი საკითხების შესახებ. თედო ღლონტი მეფის რეჟიმის მიერ პოლიტიკური საბაბით რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული.

    1917 წლის ნოემბერში თედო ღლონტი  საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად აირჩიეს, ხოლო 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი.

    1919 წლის 15 აპრილიდან თედო ღლონტი საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად ჩაირიცხა საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის სიით და გზათა, ტექნიკური, მომარაგებისა და აგრარული კომისიებში მუშაობდა. 1919 წელს მან დააარსა და რედაქტორობდა გაზეთ „ზვირთს“.

    1921 წელს თევდორე ღლონტი საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ თბილისში დარჩა და რევკომის ნებართვით დაიწყო გაზეთ „სოციალისტ-ფედერალისტის“ ბეჭდვა, სადაც თანამოაზრეებთან ერთად საზოგადოებას მოუწოდებდა ბოლშევიკურ რეჟიმთან კომპრომისის მიღწევისა და თანამშრომლობისაკენ.

    1922 წლიდან იკავებდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებს. ამავე წლიდან რედაქტორობდა მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის გაზეთ „ტრიბუნას“. 1923 წლის ნოემბერში პარტიამ თვითლიკვიდაცია გამოაცხადა და საქართველოს კომუნისტურ პარტიას შეუერთდა. თავად თედო ღლონტიც 1924 წლიდან  საქართველოს კომუნისტურ პარტიაში შევიდა.

   1926-1928 წლებში თედო ღლონტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გახლდათ, ხოლო იმავე წლიდან  ამიერკავკასიის სფსრ-ს მუდმივი წარმომადგენლად მიავლინეს რსფსრ-ში, შემდეგ კი ბერლინში მარგანეცის საექსპორტო საზოგადოების გამგეობის წევრად.

    1930 წლიდან დაბრუნდა თბილისში და მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე. პარალელურად აგრძელებდა პუბლიცისტურ საქმიანობას, იბეჭდებოდა მისი კრიტიკული ნაშრომები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის შესახებ.

    1937 წლის 15 ივნისს,  დიდი საბჭოთა ტერორის დროს, თედო ღლონტი დააპატიმრეს კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით და  10 ივლისს სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ მას დახვრეტა მიუსაჯა.

    დახვრიტეს 11 ივლისის ღამით.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1916-)

გააზიარე: