The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



სანდრო შანშიაშვილი

სანდრო შანშიაშვილი
Legal name:ალექსანდრე ილარიონის ძე შანშიაშვილი
Date of birth:24 July, 1888
Date of death:28 October, 1979  (at 91 years)
Burial location:თბილისი, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი
Category:Playwright, Writer, Publicist

Biography

     სანდრო შანშიაშვილი დაიბადა 1888 წელს სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში. მამა – ილია ალექსანდრეს ძე შანშიაშვილი ჯერ სოფლის მასწავლებელი იყო, შემდეგ მღვდლად აკურთხეს. დედა – დარო სოსანას ასული თოფჩიშვილი–ათანელაშვილი სოფელ ტიბაანიდან იყო.   პატარა სანდრომ დაწყებითი სწავლა–განათლება ჯუგაანში  ეგნატე მენთეშაშვილთან მიიღო. შემდეგ სწავლობდა ხისრის მონასტრის სამრევლო სკოლაში, მაგრამ როგორც ანტირელიგიური პიროვნება სასწავლებლიდან "გაათავისუფლეს".

       1905–1906 წლებში სანდრო შანშიაშვილი სწავლობდა თბილისში კერძო სამხატვრო სასწავლებელში, სადაც პედაგოგად ოსკარ შმერლინგი მუშაობდა, მაგრამ სამწუხაროდ, უსახსრობის გამო, სკოლა მალე დაიხურა. ამის შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში, რომელიც 1908 წელს დაამთავრა. სანდრო შანშიაშვილმა პირველი ნაბიჯები მწერლობაში ჯერ კიდევ მოწაფეობის დროს გადადგა. გიმნაზიაში გამოსცა და რედაქტორობდა ჟურნალ "ჩანგს". ცარიზმის წინააღმდეგ მიმართული ლექსის "მტარვალის" გამო დააპატიმრეს და სამი თვით მეტეხის ციხეში ჩასვეს. როგორც მცირეწლოვანი გაციმბირებას გადაურჩა. 

    სანდრო შანშიაშვილი პოეტურ ასპარეზზე 1905 წლიდან გამოვიდა. სამხედრო სასწავლებელში სწავლის პერიოდში მან პირველი ლექსი გაზეთ "ისარში" 1906 წელს გამოაქვეყნა, ხოლო პირველი პოეტური კრებული "სევდის ბაღი" 1909 წელს. აქედან მოყოლებული აქტიურად მონაწილეობდა ლიტერატურულ საქმიანობაში და სისტემატურად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. ტიციან ტაბიძე მას "ცისფერყანწელთა" აკვნის დამრწევად თვლიდა და მის შემოქმედებაში ქართული პოეზიის სათავეს ხედავდა.

      საშუალო განათლების მიღების შემდეგ, უკვე სახელმოხვეჭილი და ნიჭიერი ახალგაზრდა პოეტი, უმაღლესი განათლების მისაღებად 1911 წელს ევროპაში გაემგზავრა.  სწავლობდა ციურიხში, ბერნში, ბერლინში და ბოლოს ლაიპციგის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, სადაც 1914 წლამდე დარჩა. ომის დაწყების გამო იძულებული გახდა ხელი აეღო უმაღლესი განათლების მიღებაზე, დაბრუნდა სამშობლოში და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაება.

     1914 წელს სანდრო შანშიაშვილმა გაზეთი "საქართველო" გამოსცა. 1917 წელს ჟურნალ "მერანის" რედაქტორად მუშაობდა და ამავე წელს დაუბრუნდა მშობლიურ სოფელს. სოფელში სანდრო ეწეოდა, როგორც ფიზიკურ, ისე შემოქმედებით საქმიანობას – წერდა ლექსებს, პიესებს, მოთხრობებს. 

     1923 წელს სანდრო შანშიაშვილი თბილისში დაბრუნდა. 1927 წლამდე ჟურნალ "დროშაში" მდივნად მუშაობდა.

სანდრომ ცხოვრების დიდი გზა განვლო. ოცნებობდა ყოფილიყო "ხალხის მომღერალი", "ერთგული მსახური" თავისი ხალხისა და ეს მაღალი მოქალაქეობრივი დანიშნულება ღირსეულად შეესრულებინა.

      სანდრო შანშიაშვილი ორმოცი წლის მანძილზე მხარში ედგა ქართულ თეატრს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა რუსთაველის თეატრში, რომელთანაც დრამატურგმა ეს კავშირი ჯერ კიდევ გასაბჭოებამდე დაამყარა, როდესაც მის სცენაზე დაიდგა მისი ორი პიესა: "უგვირგვინო მეფენი" და "ბერდო ზმანია". სწორედ ამ უკანასკნელი სპექტაკლის დადგმით დაიწყო ტრიუმფალური სვლა სანდრო ახმეტელმა.

       სანდრო შანშიაშვილის კალამს ეკუთვნის 30-მდე სხვადასხვა ჟანრის დრამატული ნაწარმოები, მათ შორის: "სპატაკი", "ჰერეთის გმირები", "როდამ", "ანზორი", "სამნი", "არსენა", "ფოლადაური", "გიორგი სააკაძე", "კრწანისის გმირები" და სხვა. მასვე ეკუთვნის ზაქარია ფალიაშვილის ოპერის "ლატავრასა" და დიმიტრი არაყიშვილის ოპერის "თქმულება შოთა რუსთაველზე" ლიბრეტო. აგრეთვე აღსანიშნავია მწერლის მთარგმნელობითი საქმიანობა. მან გაამდიდრა ჩვენი თეატრი კლასიკური რეპერტუარით: შილერის, გოგოლის და სხვათა ნაწარმოებებით.

      მინიჭებული ჰქონდა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება, იყო სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და შრომის წითელი დროშის ორდენის კავალერი.

     1960–1973 წლებში გამოვიდა სანდრო შანშიაშვილის ნაწერების ექვსი ტომი.

     სანდრო შანშიაშვილი 1979 წლის 28 ოქტომბერს გარდაიცვალა და დაკრძალულია თბილისში, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მეუღლის, მარიამ კასრაძის გვერდით.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1908-)

Awards and Honors

  • შრომის წითელი დროშის ორდენის კავალერი
  • სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი
  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: