The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



პეტრე გიორგის ძე ჭარაია

პეტრე გიორგის ძე ჭარაია
სხვა სახელი:გიორგიძე  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:25 ივნისი, 1861
გარდაცვ. თარიღი:2 დეკემბერი, 1919  (58 წლის ასაკში)
კატეგორია:ეთნოლოგი, კრიტიკოსი, მწერალი, პედაგოგი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

   პეტრე ჭარაია დაიბადა 1861 წელს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ეშქეთში. 1877 წელს მან მარტვილის სასულიერო სასწავლებლის სრული კურსი გაიარა და სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო, მაგრამ მშობლების ადრიანად გარდაცვალების გამო უსახსროდ დარჩენილი, იძულებული გახდა მეხუთე კლასიდან სწავლა შეეწყვიტა და მშობლიურ კუთხეს დაბრუნებოდა.

    1883 წლიდან პეტრე ჭარაია პედაგოგიურ მოღვაწეობას შეუდგა. იგი მასწავლებლობდა აფხაზეთში, კერძოდ სამურზაყანოს სოფლის სკოლებში და ბავშვებს ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. რუსეთის მმართველობის პერიოდში პეტრე თავგამოდებით იცავდა ქართული ენის ინტერესებს და მიუხედავად დევნა-აკრძალვისა, ამ კუთხეში მოღვაწე თანამოაზრეებთან (ანთიმოზ ჯუღელი, ივანე გეგია, თედო სახოკია, ნიკო ჯანაშია და სხვ.) ერთად მიზნად დაისახა ქართული ენის თავის უფლებებში აღდგენა, რის გამოც პეტრე ჭარაიასა და მისი მეგობრების საქმიანობას რუსმა მოხელეებმა "ქართული პარტიის" ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა უწოდეს და მათი საჯარო გასამართლებაც კი მოაწყვეს. ზოგიერთ სკოლასთან საკუთარი სახსრებით გახსნა ქართული ბიბლიოთეკა. იგი ბევრჯერ მიიწვიეს ქუთაისში და თბილისში სამუშაოდ, მაგრამ ყოველთვის სამურზაყანოში არჩევდა დარჩენას, რადგან თვლიდა რომ აქ მეტის გაკეთებას შესძლებდა. პეტრეს "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამვრცელებელი საზოგადოებიდან" მოსდიოდა წიგნები და მათ შორის იაკობ გოგებაშვილის "დედა ენა", რომელსაც იგი უფასოდ ურიგებდა თავის მოწაფეებს.

    1908 წლიდან პეტრე ჭარაიას, როგორც `უდიპლომო პედაგოგს, მასწავლებლობა აუკრძალეს, რითაც თავის რჩენის ერთადერთი საშუალებაც მოუსპეს.

   1910 წელს, ჯერ კიდევ იაკობ გოგებაშვილის სიცოცხლეში გამოიცა პეტრე ჭანაიას "დედა ენის ზოგიერთ სიტყვათა განმარტება".

     "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამვრცელებელი საზოგადოების" გამგეობის მეცადინეობით 1915 წელს გალის სკოლაში შემოღებული იქნა  ქართული ენის სწავლება. მასწავლებლად დაინიშნა პეტრე ჭარაია, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე არ მოშორებია ამ სკოლას.

    პეტრე ჭანაია აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ პერიოდულ გამოცემებთან. ფსევდონიმით "გიორგიძე" მისი მრავალი ლიტერატურული ნარკვევი, გამოკვლევა და კრიტიკულ-პუბლიცისტური სტატიაა დაბეჭდილი იმდროინდელ ქართულ პერიოდიკაში. პეტრე წერილებში ეხებოდა ქართული სალიტერატურო ენის განვითარების საკითხებს, სასკოლო ცხოვრებას. იგი კარგად ფლობდა აფხაზურ ენას, იღწვოდა აფხაზებში წერა-კითხვის გასავრცელებლად, ქართულ პრესაში აქვეყნდებდა ეთნოგრაფიულ სტატიებს აფხაზეთისა და აფხაზების შესახებ.

    პეტრე ჭარაია გარდაიცვალა 1919 წელს.

 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სამურზაყანოს განყოფილების გამგეობის მდივანი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სამურზაყანოს განყოფილების წევრი (1916-1917)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ოჩამჩირის განყოფილების წევრი (1914-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: