The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ოლღა თადეოზის ასული ჭავჭავაძე

ოლღა თადეოზის ასული ჭავჭავაძე
ოფიციალური სახელი:ოლღა თადეოზის ასული გურამიშვილი
დაბადების თარიღი:25 მარტი, 1842
გარდაცვ. თარიღი:27 აპრილი, 1927  (85 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პათეონი
კატეგორია:საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   ოლღა გურამიშვილი დაიბადა 1842 წლის 12 მარტს (ძვ. სტ.) ქვემო ავჭალაში თავად თადეოზ გურამიშვილის ოჯახში. დედა ადრე გარდაეცვალა და დები - ოლღა და ეკატერინე მამიდასთან, უშვილოდ დარჩენილ მდიდარ გენერალ - მაიორ სავარსამიძის ქვრივთან სიდონია გურამიშვილთან გადადიან. სწორედ მისგან ერგო ოლღას მემკვიდრეობით დიდი ქონება.

     1854 წლის 1 საქტემბერს ოლღა თბილისში ამიერკავკასიის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტში ჩაირიცხა, სადაც შეისწავლა საღვთო სჯული, მსოფლიო ისტორია, გეოგრაფია, არითმეტიკა, რუსული, ფრანგული და მშობლიური ქართული ენა, ცეკვა, ფერწერა  და ყველა საგანში ფრიადზე სწავლისა და მისაბაძი ყოფა-ქცევის წყალობით 1856 წლის სექტემბერში წარმატებით გადავიდა მომდევნო კლასში, მაგრამ იმავე წლის 7 დეკემბერს მამის სურვილით სასწავლებლისთვის თავი მიანებებინეს.

     წარჩინებული მამიდის ოჯახში მყოფი ოლღა გურამიშვილი თბილისის მაშინდელი მაღალი საზოგადოების წრეში ტრიალებდა და ყურადღებით ადევნებდა თვალს "ცისკრის" გამოცემაში გაჩაღებულ "მამათა და შვილთა" ბრძოლას. ეს ის პერიოდია, როდესაც პეტერბურგიდან ახლადდაბრუნებული ილია ჭავჭავაძე სამშობლოში საკუთარ ადგილს იმკვიდრებს. ილიას და ოლღას დაახლოება ემთხვევა "საქართველოს მოამბის" პუბლიკაციის ასპარეზს. კერძოდ, 1863 წლის იანვარს, რაც თავის მხრივ, მიუთითებდა ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის ახალი ძალებით განახლებას. ოლღა გურამიშვილში ილიამ დაინახა თავისი მომავალი მეუღლისა და მძიმე ჭაპანის ერთგულად გამზიარებლის სახე და პირველსავე წერილში, მიძღვნილი ოლღასადმი, რომელიც 1863 წლის  8 თებერვლით თარიღდება, იმ ხანისთვის ჯერ კიდევ გამოუცემელ "საქართველოს მოამბის" კრიტიკოსობას სთავაზობს.

      ილიას თანამოაზრეები შიშობდნენ, რომ მათი მედროშის კარს მომდგარი ჯვრისწერა პირდაპირ ხელის შემშლელი იქნებოდა "საქართველოს მოამბის" გამოცემისა. თუმცა ილიასთვის "საქართველოს მოამბე" უკვე შე4მდგარი იყო, რაზეც დიდი სიხარულით უზიარებდა ჯერ კიდევ ჯვარდაუწერელ მეუღლეს, ოლღას: "გუშინწინ კეკე ბარათაშვილიც დამელაპარაკა შენზე. მე ვუთხარი, რომ უკვე ჯვარდაწერილი ვარ, ცოლი ფეხმძიმედ მყავს და მალე მეყოლება ვაჟიშვილი, რომელსაცდ სრულიად წინასწარ "საქართველოს მოამბე" დავარქვი მეთქი".

   1863 წლის 10 აპრილს (და არა 21 აპრილს) ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის ჯვრისწერა თბილისის სამების ტაძარში საიდუმლოდ ჩატარდა. ილიას მხრიდან ჯვრისწერას ესწრებოდნენ  "საქართველოს მოამბის" თანამშრომელი, დავით ყიფიანი და ნიკოლოზ ჭავჭავაძე, ხოლო ოლღას მხრიდან - ფლიგელ–ადიუტანტი, ვიცე-პოლკოვნიკი ილია ჩოლოყაშვილი და "კოლეჟის ასესორი" სულხან თუმანიშვილი. ჯვარი დასწერა მღვდელმა ნიკოლოზ არდაზიანმა. აღსანიშნავია, რომ "საქართველოს მოამბემ" ერთი წელი იარსება და მხოლოდ 12 ნომრით შემოიფარგლა. მთელი ამ ხნის მანძილზე ილიას გვერდით იდგა ოლღა, რომელიც ყველანაირად უწყობდა ხელს ჟურნალის გამოცემაში. თავად ილია, რა თაქმა უნდა, დიდად აფასებდა და ანგარიშს უწევდა ოლღას ნიჭიერებასა და ლიტერატურულ გემოვნებას. 

     თითქმის 20 წელი იცოცხლა ოლღამ  ილიას სიკვდილის შემდეგ. ოლღას დიდბუნოვნება და საქები ადამიანობა კიდევ უფრო გამოიკვეთა მაშინ, როდესაც ილიას მკვლელებს სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტეს. მან უმაღლეს მთავრობას თხოვნით მიმართა მკვლელები შეეწყალათ, რადგან თავად ილია სასტიკი წინააღმდეგი იქნებოდა სიკვდილით დასჯისაო.

     ოლღა სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად მისდევდა ილიას მიერ მისდამი მიწერილ მცნებებს: "დედობა, ცოლობა და დობა დიდი საქმე არ არის. ეს ზოგი ბუნების საქმეა, ზოგი გარემოებისა. საქმე კარგი დედაკაცობაა, ქალს სხვა ბევრი რამ მოვალეობა აწევს საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე."  მართლაც,ოლღა ქართველი ერის კარგი დედაკაცობის განსახიერებად იქცა, რომელსაც ერის წინაშე არაერთი მოვალეობა ეკისრა: ის იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" საპატიო წევრი, ამიერკავკასიია ქალთა ინსტიტუტის მზრუნველთა საბჭოს წევრი, საქართველოს "საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების" წევრი, 1895-1906 წლებში ქართველ ქალთა საქველმოქმედო საზოგადოების თავმჯდომარე, აგრეთვე ხელმძღვანელობდა ქალთა ჭრა-კერვის სკოლას, ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეთა შემწეობის თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოებას. 

     1908 წელს ოლღას აქტიური მონაწილეობით გაიხსნა სკოლა საგურამოს ილიასეულ სახლში. ილიას სიკვდილის შემდეგ მან წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა თბილისის ილიასეული სახლი და საგურამოს მამული. 

     ოლღა გურამიშვილი 1927 წლის 25 აპრილს ღრმად მოხუცებული 85 წლის ასაკში აღესრულა. ქართველმა ერმა 29 აპრილს მთაწმინდაზე, სადაც იგი ყოველთვის ესწრაფვოდა დაკრძალვას, დიდებული მეუღლის გვერდით მიაბარა მიწას. 

     ცნობილმა ქართველმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ იოსებ იმედაშვილმა, შემდეგი სიტყვები წარმოსთქვა ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძის დაკრძალვაზე: "... ახლა მიწას ვაბარებთ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს დიდი ჭირისუფლის, ქართველი ხალხის წინამძღოლისა და საიმედო პატრონის ილია ჭავჭავაძის ცხოვრების თანამგზავრს, მის ღირსეულ მეუღლესა და თანამზრახველს ოლღა თადეოზ გურამიშვილის ასულს, ვინაც მასთან ერთად სწია ქართველი ერის ჭაპანი და თავისი მეუღლის ნარ-ეკლით მოფენილ ცხოვრებასა და სისხლიან სიკვდილს უმწიკვლო ზვარაკად შეეწირა..."

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტის მზრუნველთა საბჭო, საბჭოს წევრი (1894-)
  • ქართველ ქალთა საქველმოქმედო საზოგადოება, საზოგადოების თავმჯდომარე (1895-1906)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების საპატიო წევრი (1894-)

გააზიარე: