The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ვასილ მარკოზის ძე ნოდია

ვასილ მარკოზის ძე ნოდია
დაბადების თარიღი:1891
გარდაცვ. თარიღი:1924  (33 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:უცნობია (დახვრეტილი)
კატეგორია:დამფუძნებელი წევრი, პოლიტიკოსი, რეპრესირებული

ბიოგრაფია

    ვასილ ნოდია დაიბადა 1891 წელს ქალაქ ფოთში გლეხის ოჯახში. დაამთავრა ქალაქ ფოთის სამოქალაქო ორკლასიანი სასწავლებელი. სწავლის დროს ჩაბმული იყო  მარქსისტული წრეების მუშაობაში. სწავლის დამთავრების შემდეგ 1912 წლამდე მუშაობდა ფოთის ნავსადგურში შავ მუშად. ვასილ ნოდია  რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი იყო და 1905 წლიდან მუშაობდა რსდმპ „მენშევიკების“ ფრაქციაში - ფოთის ნავსადგურის მუშათა ორგანიზაციასა და სამეგრელოს სოფლებში. მეფის რეჟიმის დროს პოლიტიკური საბაბით სამჯერ იყო დაპატიმრებული.

    1912 წელს არმიაში გაიწვიეს, სადაც  სამედიცინო-საფერშლო ნაწილში მსახურობდა. 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ,  ავსტრიის ფრონტზე გაიგზავნა, სადაც ტყვედ ჩავარდა. გათავისუფლების შემდეგ  სამშობლოში დაბრუნდა და  პარტიული მუშაობა განაგრძო.

    1919 წლის 12 მარტს ვასილ ნოდია საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს  და  იურიდიულ, შრომისა და სახალხო ჯანმრთელობის კომისიებში მუშაობდა. საქართველოს პროფკავშირთა პირველ ყრილობაზე ვასილ ნოდია   პროფკავშირების ცენტრალური საბჭოს პრეზიდიუმის წევრად აირჩიეს და რუსეთში გასაგზავნი პროფკავშირების დელეგაციის წევრი გახდა.

   1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების დროს, რიგით ჯარისკაცად იბრძოდა თბილისის დასაცავად და 24 თებერვალს ტყვედ ჩავარდა. ტყვეების სხვა ჯგუფებთან ერთად ბაქოში გადაგზავნისას გზიდან გაიქცა და კვლავ თბილისში დაბრუნდა. მალევე, 1921 წლის 22 მაისს დააპატიმრეს, იზოლაციის წესით სამი თვით პატიმრობა მიუსაჯეს და მეტეხის N2 „გამასწორებელ სახლში“ მოათავსეს. 1922 წელს  პატიმრობის ვადა 6 თვით გაუხანგრძლივეს და სხვა პოლიტმატიმრებთან ერთად მოსკოვის გავლით პოლონეთში გადააგზავნეს, თუმცა მალევე არალეგალურად საქართველოში დაბრუნდა და ნოე ხომერიკთან ერთად  ბოლშევიკურ ოკუპაციასთან საბრძოლველად ორგანიზაციების ჩამოყალიბებისა და ძალების კოორდინირებისათვის დაიწყო მუშაობა.

   1924 წელს ვასილ ნოდია დამოუკიდებლობის კომიტეტმა, ინფორმაციის გაცვლის და სამომავლო მოქმედების გეგმის შეთანხმების მიზნით, ემიგრაციაში მყოფ მთავრობასთან არალეგალურად პარიზში მიავლინა. მარსელში მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ვასილ ნოდია  ბენია ჩხიკვიშვილთან, ვალიკო ჯუღელთან, გრიგოლ ცინცაბაძესა და ვიქტორ ცენტერაძესთან ერთად,  1924 წლის მაისში საქართველოში დაბრუნდა და შეიარაღებული აჯანყების სამზადისში ჩაერთო.

   1924 წლის აგვისტოში ვასილ ნოდია  ანტისაბჭოთა აჯანყების დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე დააპატიმრეს და მალევე მოსკოვში გადააგზავნეს სსრკ გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს განკარგულებაში, რომელმაც სუზდალის პოლიტიზოლატორში დაპატიმრება გადაუწყვიტა.

   1924 წლის 28 აგვისტოს ანტისაბჭოთა შეიარაღებული აჯანყების დაწყების შემდეგ, 30 აგვისტოს ამერკავკასიის სფსრ-ს მთავრობის მოთხოვნით სსრკ გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს თავმჯდომარემ  ძერჟინსკიმ სანქცია გასცა გადასახლებაში მყოფი საქართველოს წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერების - ბენია ჩხიკვიშვილის, ნოე ხომერიკის, გოგიტა ფაღავას, ვასილ ნოდიასა და გიორგი წინამძღვრიშვილის დახვრეტაზე. ისინი  სუზდალის პოლიტიზოლატორიდან ეტაპით გადაყვანისას გაურკვეველ სადგურზე დახვრიტეს. შესაბამისად,  დასაფლავების ადგილი უცნობია.

წყარო: SOVLAB

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ფოთის განყოფილების ნამდვილი წევრი (1910-1920)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1917-1921)

გააზიარე: