The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



დუშიკო (დემურ) გიორგის ძე ფალავანდიშვილი

დუშიკო (დემურ) გიორგის ძე ფალავანდიშვილი
ოფიციალური სახელი:დიმიტრი გიორგის ძე ფალავანდიშვილი
სხვა სახელი:ეგატუსი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:17 დეკემბერი, 1869
გარდაცვ. თარიღი:8 მარტი, 1944  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, ვერის სასაფლაო
კატეგორია:მხატვარი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   დიმიტრი (დუშიკო) ფალავანდიშვილი დაიბადა 1869 წელს გორის მაზრის სოფელ კნოლეში თავადიშვილის ოჯახში. დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო სკოლის ხუთი კლასი და თვითგანვითარებასთან ერთად, საკუთარ მამულში მეურნეობას მიჰყო ხელი.

   1905-1907 წლებში მხურვალე მონაწილეობას იღებდა ქართლის სამიწათმფლობელო განმათავისუფლებელ მოძრაობაში, საკუთარი ადგილ-მამული ხიზან-გლეხებს დაურიგა, რითაც მემამულე-მებატონენი გაანაწყენა და წითელი რაზმის ერთ-ერთი მესვეურთაგანი გახდა. სასტიკად სდევნიდა, როგორც შავი რაზმის მავნე საქმიანობას, ასევე გაყაჩაღებული რაზმელების თავხედობას.

    1906 წლიდან 10 წლის განმავლობაში შეუჩერებლივ წერდა „ცნობის ფურცელსა“ და სხვა ქართულ გაზეთებში სოფლის ყოფა-ცხოვრებისა და საადგილმამულო საკითხების შესახებ. მისი ნაწერებისა და პრაქტიკული მოღვაწეობის მისწრაფება-მრწამსი იყო გლეხთა ნივთიერი ყოფა-ცხოვრებისა და კეთილდღეობის მოწყობა.

   1910 წლიდან, საკუთარი უნარით, თავისებური ხელოვნებით,  ქართველ მოღვაწეთა სურათების ფიცარზე ამოდაღვრა დაიწყო და შექმნა მთელი რიგი სურათებისა: შოთა რუსთველი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთლი, ვაჟა-ფშაველა, სულხან-საბა ორბელიანი, დავით გურამიშვილი, დიმიტრი ყიფიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილის მერანზე,  გიორგი  ერისთავი, ლადო მესხიშვილი, ეკატერინე გაბაშვილი და სხვა.

   1915 წელს თბილისის გუბერნიის დეპუტატთა საკრებულოში სამიწათმომწყობი კომისიის თავმჯდომარედ მიიწვიეს, სადაც იმ დრომდე მუშაობდა, ვიდრე ეს დაწესებულება, 1917 წელს,  საქართველოს ეროვნულ საბჭოს არ გადაეცა.  ამავე ხანებში, გლეხთა რადიკალ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი იყო.

   1918 წლის თებერვლის პირველ რიცხვებში ოსურმა მოძრაობამ კარმიდამო გაუნადგურა, საცხოვრებელი დაუნგრიეს, სცემეს, მისი ხეზე ამოღადრული იშვიათი ნამუშევრები დაიტაცეს და დაამტვრიეს.

   1918 წლის ივლისში სიღნაღის მაზრისა და ლაგოდეხის უბნის მიწების გლეხთა მიმღები კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა. აქ ჩამოსახლებული რუსების სოფლები რომ აიყარნენ და გადასახლდნენ, დიმიტრი ფალავანდიშვილმა მათ ნასოფლარებში ზემო ქართლიდან და იმერეთიდან გადმოყვანილი გლეხობა ჩაასახლა.

   დიმიტრი ფალავანდიშვილმა, საბჭოთა წყობილების დამკვიდრების დროს, თბილისში უნივერსიტეტის კლდოვან ხევში, საკუთარი ხელით გააშენა იშვიათი სანიმუშო ვენახი, იმდენად საუცხოოდ, რომ ჩამორთმევაც კი ვერ შებედეს, როგორც კულტურულ-ნაყოფიერ თვითმშრომელსა და მწირი ადგილის ბაღნარად გადამქცევს.

   დიმიტრი ფალავანდიშვილი გარდაიცვალა 1944 წლის 8 მარტს და დაკრძალულია თბილისში, ვერის სასაფლაოზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1915-1917)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: