The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



გიორგი ანდუყაფარის ძე ქუჩიშვილი

გიორგი ანდუყაფარის ძე ქუჩიშვილი
ოფიციალური სახელი:გიორგი ანდუყაფარის ძე ჩხეიძე
სხვა სახელი:გ. ქართველიშვილი  (ფსევდონიმი)
გოგია უიშვილი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:17 ოქტომბერი, 1886
გარდაცვ. თარიღი:20 იანვარი, 1947  (60 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
კატეგორია:მწერალი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    გიორგი ქუჩიშვილი დაიბადა 1886 წლის 17 ოქტომბერს თელავის მაზრის სოფელ ვარდისუბანში, აზნაურ ანდუყაფარ ქუჩიშვილისა და სალომე ბაქრაძის ოჯახში.

    გიორგი ქუჩიშვილმა ბავშვობა მშობლიურ სოფელში გაატარა. მამა ადრე გარდაეცვალა და დედასთან და ძმასთან, დავით თურდოსპირელთან ერთად უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა. მამის გარდაცვალების შემდეგ ოჯახი - დედა და ხუთი მცირეწლოვანი ბავშვი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა, სადაც დედა მრეცხავად მუშაობდა, ხოლო ძმები მოჯამაგირეობდნენ. 1894 წელს შორეულმა ნათესავმა მაშო ლოპატომ, ვითომდა სასწავლებელში მოწყობის მიზნით, თავისთან წაიყვანა, მაგრამ სწავლის ნაცვლად ობოლი ბიჭი ხელზე მოსამსახურედ გაიხადა. მალე დედის ჩარევის შემდეგ, გიორგი ავლაბრის სამოქალაქო სასწავლებელში შეიყვანეს, საიდანაც სწავლის ფულის შეუტანლობის გამო სასწავლებლიდან გამორიცხეს. ამის შემდეგ თბილისის ბოტანიკურ ბაღთან არსებულ პრაქტიკულ საბალანსო ორწლიან სკოლაში ჩააბარა, რომელიც წარმატებით დაამთავრა. სწავლის პერიოდში მოსწავლეთა არალეგალური მარქსისტული წრეში გაწევრიანდა. საბალანსო სკოლის დამთავრების შემდეგ, ქუჩიშვილი მუკუზანში მიდის და საუფლისწულო მამულში იწყებს მუშაობას, მაგრამ ხელისუფლების საწინააღმდეგო მოღვაწეობისთვის მალევე კარგავს სამუშაოს და კვლავ თბილისში ბრუნდება.

    1906 წელს შაპიროგრაფზე დაიბეჭდა ახალგაზრდების არალეგალური ჟურნალი „ჩვენი დროშა“, რომელშიც ქუჩიშვილმა თავისი პირველ ლექსი გამოაქვეყნა, ხოლო 1914 წელს მისი ორი წიგნი დაიბეჭდა. თვითმპყრობელობის საწინააღმდეგო ლექსების გამოქვეყნებისათვის მასზე პოლიტიკურ მეთვალყურეობა გაძლიერდა და 1914 წელს დააპატიმრეს, ქუთაისის საგუბერნიო ციხეში გადაიყვანეს, საიდანაც ამხანაგების დახმარებით გაათავისუფლეს.

    გიორგი ქუჩიშვილი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი გახლდათ. დამოუკიდებლობის პერიოდში აქტიურ სამწერლობო საქმიანობას ეწეოდა და ქართულ პრესაში მისი ლექსები ქვეყნდებოდა. მისი შემოქმედების დიდი ნაწილი იმ დროის პერიოდულ პრესაშია გაბნეული.

    1918 წელს, ქართულ კლუბში გიორგი ქუჩიშვილის დილა გაიმართა, 1919 წელს სახელოსნო კლუბში სალიტერატურო და სამუსიკო საღამოზე მონაწილეობდა, ხოლო 1920 წელს ქართულ კლუბში, ილიკო ქურხულსა და ბიჭია ბურდილაძესთან ერთად, მისი მხატვრულ-მუსიკალური საღამო გაიმართა.  მისი შემოქმედების მთავარი გმირები საზოგადოებისაგან გარიყული, ულუკმაპუროდ დარჩენილი მშრომელი ადამიანები არიან.

    გიორგი ქუჩიშვილს განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებდა გალაკტიონთან. იგი გალაკტინოს მიერ გამოცემული ჟურნალის რჩეული თანამშრომელი გახლდათ და სწორედ ამ ჟურნალის პირველსავე ნომერში, 1922 წელს დაიბეჭდა პოეტის "ლექსი-ანდერძი: " ჩემს პროცესიას ამშვენებდეს გალაკტიონი, გვარად ტაბიძე და ტიტულით მე ფე მგოსანი, მის ლექსთა თქმაზე ქვითინებდეს ძველი სიონი და მწუხარებით მზე სხივოსანი".

     1946 წელს, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში გიორგი ქუჩიშვილის დაბადების 60 და სამწერლო მოღვაწეობის 40 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. პოეტი ავადმყოფობის გამო ამ საღამოს ვერ დაესწრო. ლოგინად ჩავარდნილი, რადიოთი ისმენდა გულთბილ სიტყვებს და მილოცვებს.

    გიორგი ქუჩიშვილი გარდაიცვალა 1947 წლის 20 იანვარს და საქართველოს სსრ მთავრობის ხარჯით დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. პროცესიას, ანდერძის თანახმად, წინ მიუძღოდა დიდი გალაკტიონი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სოციალ-დემოკრატიული პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1915-1917)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: