The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



მიროპოლიტი ნაზარი (ქუთათელ-გაენათელი)

მიროპოლიტი ნაზარი
ოფიციალური სახელი:ნესტორ იორდანეს ძე ლეჟავა
დაბადების თარიღი:1872
გარდაცვ. თარიღი:1924  (52 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:უცნობია (დახვრეტილი)
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

   მიტროპოლიტი ნაზარი დაიბადა 1872 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ დიდ ჯიხაიშში. მისი წინაპრები სასულიერო პირები იყვნენ და მომავალი მიტროპოლიტი სიყრმიდანვე სარწმუნოებრივ-საეკლესიო გარემოში იზრდებოდა.

    მიტროპოლიტმა დაწყებითი განათლება ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიიღო და სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა, რომელიც 1892 წელს წარჩინებით დაამთავრა. იგი ჯერ დიაკვნად, ხოლო შემდეგ, 1893 წლის 22 თებერვალს, მღვდლად აკურთხეს.

   1904 წელს. პირად ცხოვრებაში დატრიალებული უბედურების შემდეგ (ჯერ მეუღლე გარდაეცვალა, შემდეგ ორივე ქალიშვილი) ბერად აღიკვეცა. 1905 წელს მღვდელ-მონაზონი ნაზარი ველენსკის სასწავლებლის ჰომილეტიკის პედაგოგად დაინიშნა, ხოლო  1907 წელს კლევანსკის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად გადაიყვანეს.

   1910 წელს მღვდელ-მონაზონი ნაზარი აყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში და ერთ წელიწადში იგი იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს წინამძღვარი გახდა. ამავე წლის 1 დეკემბერს არქიმანდრიტი ნაზარი ეპისკოპოსის ხარისხში იქნა აღყვანილი და ქუთათელ მიტროპოლიტად დაადგინეს.

    ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ ნაზარის სასულიერო მოღვაწეობა მეტად რთულ ვითარებაში მოუხდა. 1905 წელს ქართველმა სასულიერო მოღვაწეებმა წამოჭრეს საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხი, რამაც რუსეთის მხრიდან მძაფრი რეაქცია გამოიწვია. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიისათვის ბრძოლა 1906 წელსაც გაგრძელდა. რუსეთის უმაღლესი სინოდი იძულებული გახდა საქართველოს ეკლესიის საკითხი რუსეთის საეკლესიო კრებაზე გაეტანა, მაგრამ ამ კრებაზე საკითხი უარყოფითად გადაწყდა.

   1917 წლის რევოლუციის შემდეგ ისევ დაისვა ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის საკითხი და 1917 წლის 12 მარტს მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში საზეიმოდ გამოცხადდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და 16 მარტს თბილისში შემდგარმა სასულიერო მოღვაწეთა კრებამ დაადგინა, რომ ამიერიდან სიონის ტაძარში ღვთისმსახურება ქართულ ენაზე უნდა აღსრულებულიყო. ყველა ამ მოვლენის ცენტრში ტრიალებდა მიტროპოლიტი ნაზარი.

   1921 წელს, საქართველო ოკუპაციის შემდეგ, მიწაზე კერძო საკუთრება გაუქმდა და ეკლესია-მონასტრებს თავიანთი კუთვნილი მიწები ჩამოერთვათ. მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა მიტროპოლიტი ნაზარის ეპარქიაში შემავალი გელათის მონასტერიც. საუკუნეებგამოვლილმა მონასტერმა, რომელიც „მეორე იერუსალიმად" იწოდებოდა, 1923 წლის გაზაფხულზე არსებობა შეწყვიტა.

   1921 წლის 23 თებერვალს წითელი არმიის შეტევის გამო მენშევიკური მთავრობის წინადადებით და საკათალიკოსო საბჭოს დადგენილების თანახმად სიონისა და სვეტიცხოვლის განძეულობა გადატანილ იქნა ქუთაისში. პატრიარქ ლეონიდეს მითითებით განძეულობის ოთხი ყუთი დამარხეს ბაგრატის ტაძრის ძირში მდებარე ნაზარის სამიტროპოლიტო სახლის აივნის ქვეშ. ქვეყნის ოკუპაციის შემდეგ ბოლშევიკებმა მიაკვლიეს განძეულობას და დააპატიმრეს მიტროპოლიტი ნაზარი. მას ბრალად ედებოდა მონაწილეობა ხელისუფლების წინააღმდეგ აგიტაციასა და სიონისა და სვეტიცხოვლის ქონების გადამალვაში. კითხვაზე, თუ ვისთვის ინახებოდა განძეულობა, სასამართლო პროცესზე მიტროპოლიტმა უპასუხა: "ეკლესიისათვის და ქართველი ერისათვის". სასამართლომ მიტროპოლიტს სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯა, რომელიც შემდგომში პატიმრობითა და პირადი ქონების კონფისკაციით შეიცვალა.

   1924 წლის აპრილში, ამინისტიის საფუძველზე, ორი წლის პატიმრობის შემდეგ, მიტროპოლიტი ნაზარი გაათავისუფლეს. იგი დაუბრუნდა თავის ეპარქიას, სადაც ძალზე მძიმე მდგომარეობა დახვდა. იგი არ შეუშვეს სარეზიდენციო სახლში, რომელიც საწყობად იყო გადაქცეული და იძულებული გახდა ძმის ოჯახისთვის შეეფარებინა თავი. ამ გაჭირვების ჟამს, მეუფე ნაზარს გვერდით ედგნენ და მის სამღვდელმთავრო ღვაწლს უმსუბუქებდნენ ეპარქიის ღვთისმსახურები, რომლებიც ასევე სასტიკად იდევნებოდნენ ხელისუფლებისაგან.

   1924 წლის აჯანყების წინა დღეს, 27 აგვისტოს, მიტროპოლიტ ნაზარის სოფელ როდინოულიდან ეწვია დელეგაცია და სოფლის ეკლესიის კურთხევა სთხოვა. დანიშნულ დროს მიტროპოლიტი ნაზარი სასულიერო პირებთან ერთად სოფელში მივიდა. მათ ეკლესია აკურთხეს. ღამით სიმონეთში ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად მყოფ მიტროპოლიტს და მის თანმხლებ სამღვდელოებას მოულოდნელად თავს დაესხნენ ჩეკისტები, ხელ-ფეხი შეუკრეს, თოფის კონდახებით სცემეს, შემდეგ ურემზე დააკრეს და სოფლის საბჭოში მიიყვანეს. მეორე დღეს პატიმრები ქუთაისის შინსახკომში გადაიყვანეს და სხვა პატიმრებთან ერთად ბნელ საკანში გამოამწყვდიეს. ყოველგვარი გასამართლების გარეშე, "განსაკუთრებულმა სამეულმა", მიტროპოლიტი ნაზარი და მასთან ერთად ოთხი სასულიერო პირი: დეკანოზი გერმანე ჯაჯანიძე, დეკანოზი იეროთეოზ ნიკოლაძე, მღვდელი სიმონ მჭედლიძე და დიაკონი ბესარიონ კუხიანიძე საფიჩხიას ტყეში დახვრიტა.

    1994 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიოს-პატრიარქ ილია II ლოცვა-კურთხევით, გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ დაადგინა: მიტროპოლიტ ნაზართან ერთად მოკლულთა სახით, კანონიზებულ იქნას საქართველოში ეკლესიისა და ერისათვის ურწმუნოთაგან მოკლული ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი და ეწოდოთ მათ სახელად ახალმოწამენი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)

გააზიარე: