The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



სოლომონ ეგნატეს ძე თავაძე

სოლომონ ეგნატეს ძე თავაძე
Other name:დონარი  (Pseudonym)
ობოლი მუშა  (Pseudonym)
Date of birth:29 June, 1890
Date of death:28 May, 1960  (at 69 years)
Burial location:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
Category:Interpreter, Writer, Politician

Biography

    სოლომონ თავაძე დაიბადა 1890 წლის 20 ივნისს ოზურგეთის მაზრის სოფელ ჩოჩხათში ღარიბი გლეხის ოჯახში. სწავლობდა სოფლის სკოლაში, მაგრამ სიღარიბის გამო მამამ სწავლას თავი მიანებებინა და ვაჭართან ნოქრად მიაბარა, მაგრამ სოლომონი ამ მდგომარეობას ვერ შეეგუა და 1903 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ,  ჩაქვის ჩაის ფაბრიკაში ჩაის მკრეფავად დაიწყო მუშაობა. ჩაქვში ყოფნის პერიოდში  ხელი მიჰყო თვითგანვითარებას,  ეცნობოდა მხატვრულ და არალეგალურ ლიტარატურას და პროკლამაციებს. მისი მონაწილეობით ფაბრიკაში დაარსდა სოციალ-დემოკრატთა წრე.

    1904 წელს, სოლომონ თავაძე,  1 მაისის დემონსტრაციასა და გაფიცვაში მონაწილეობისათვის მცირე ხნით დააპატიმრეს, სამსახურიდან დაითხოვეს და ჩაქვიდანაც გააძევეს. 1905 წლიდან  სოფელ ტობანიერში განაგრძო რევოლუციური მუშაობა. იმავე წელს შორაპანში ჩაფრების განიარაღებაში მიიღო მონაწილეობა და ბოლო ქუთაისში გადავიდა.

    1906 წელს, მეფის გენერლის,  ალიხანოვ-ავარიელის, დამსჯელი რაზმის ქუთაისში ჩამოსვლისთანავე სოლომონი დააპატიმრეს და ტობოლის გუბერნიაში გადაასახლეს, საიდანაც გაქცევა მოახერხა და ვანო ნაფეტვარიძის სახელით, ბაქოს მექანიკურ ქარხანაში ზეინკლად მუშაობდა. მონაწილეობას ღებულობდა პარტიულ საქმეებში. იგი გახლდათ რაიონული კოლექტივის, ბაქოს კომიტეტისა და პროფკავშირის გამგეობის წევრი. ბაქოდან დევნილი აფხაზეთში გაიქცა, საიდანაც განათლების მისაღებად ამერიკაში აპირებდა წასვლას, მაგრამ შეიპყრეს, ცოტა ხანში კი გაათავისუფლეს და ისევ ბაქოში დაბრუნდა.

    1907 წელს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის რიგებში ჩაირიცხა. 1907-1909 წლებში შეგირდად მუშაობდა სარეწავ „ოლეუმის“ მექანიკურ სახელოსნოში. 1909 წლის დასაწყისში სამსახურიდან დაითხოვეს. აპირებდა სოფელში მიწის გაყიდვას, რის გამოც დაბრუნდა გურიაში, მაგრამ ჯუმათში ყოფნისას კვლავ დააპატიმრეს და გაათავისუფლეს იმ პირობით, რომ მაზრაში აღარ დაბრუნდებოდა. იგი სამურზაყანოში გადავიდა, სადაც ხე-ტყის სახერხ ქარხანასა და წისქვილში მუშაობდა.

     1910 წელს სოლომონ თავაძე ბაქოში დაბრუნდა, სადაც ისევ დააპატიმრეს. 11 თვე გაატარა ბაქოს ციხეში, შემდეგ გადაიყვანეს ქუთაისში, სადაც გურიის რესპუბლიკის 1905 წლის საქმეზე გაასამართლეს და როგორც მცირეწლოვანს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. 1912 წელს ქუთაისის ციხეში ყოფნის დროს ჯვარი დაიწერა აგრაფინა თავაძეზე.

       სოლომონ თავაძემ ცოდნის დანაკლისი ციხეში შეივსო. მწერლობაც აქვე დაიწყო და 1912 წელს პირველი ლექსი - „მუშა“ გამოაქვეყნა გაზეთ „თემში“.  ამის შემდეგ მისი ლექსები და მოთხრობები სისტემატურად იბეჭდებოდა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებში.

    1915 წელს მეტეხის ციხეში გადაიყვანეს, სადაც 1917 წლის რევოლუციამდე ციხის სტამბაში ასოთამწყობად მუშაობდა.    ქუთაისის ციხეში დაწერა პოემა „დევნილები“, ხოლო მეტეხში „მომავლის შვილნი“, „წამებულნი“, „არალო“ და სხვა ლექსები. ლექსისთვის „სიმღერა თბილისზე“, დახურული კონკურსიდან, პირველი ჯილდო მიიღო.

    1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ციხიდან გაათავისუფლეს. 1918 წელს გამოქვეყნდა თავაძის პირველი კრებული, რომელშიც შევიდა საპატიმროში დაწერილი ლექსები და პოემები. მალე მას მოჰყვა მოთხრობების წიგნი „საპატიმროს დღიურიდან“, ლექსებისა და პოემების კრებულები „შორი ნათელი“, „მზია ლაური“, „კავკასიონი“, რომანები „გზა მეწამული“,  „მაისის განთიადი“, „ქართული ფოლადი“, „დაუვიწყარნი“ და მრავალი სხვა. იგი ეწეოდა ნაყოფიერ მთარგმნელობით მუშაობას.  ქართულად თარგმნიდა ევროპელი და რუსი მწერლების ნაწარმოებებს.

    სოლომონ თავაძის შემოქმედება უმეტესად იმედის, რწმენისა და სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის ამსახველია. იგი საერთო-საკაცობრიო კეთილდღეობისა და ეროვნული თავისუფლების მომღერალია. ქედს არ უხრის ცხოვრების სიმკაცრეს და სხვებსაც სიმტკიცისკენ მოუწოდებს.

    სოლომონ თავაძე გარდაიცვალა 1960 წლის 28 მაისს თბილისში და დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში მეუღლესთან ერთად.

Member of Organizations

  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი (1907-1919)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-1922)

Bibliography


Share: