The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ანა ანტონის ასული ხახუტაშვილი

ანა ანტონის ასული ხახუტაშვილი
სხვა სახელი:ცქვიტი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1886
გარდაცვ. თარიღი:2 სექტემბერი, 1960  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
კატეგორია:მწერალი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   ანა ხახუტაშვილი დაიბადა 1886 წელს გორის მაზრის სოფელ მეჯვრისხეში სასულიერო პირის ოჯახში. დაწყებითი განათლება სოფლის ოთხწლიან სკოლაში მიიღო.

   1894 წელს ანა მშობლებმა მცხეთაში, მონასტერთან არსებულ ოთხკლასიან სასწავლებელში მიაბარეს, სადაც იგი კარგად სწავლობდა და ბეჯითი მოსწავლის სახელი ჰქონდა, მაგრამ განსაკუთრებულ სიყვარულს ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართ იჩენდა. ერთხელ მონასტერში მოსწავლეებთან შესახვედრად ილია ჭავჭავაძე მისულა არტურ ლაისტთან ერთად. მასწავლებელმა ანას, სტუმრის პატივსაცემად, ლოტბარობა შესთავაზა. ილია აღფრთოვანებაში მოუყვანია თერთმეტი წლის გოგონას, რომელიც ასე თამამად უძღვებოდა მოწაფეებისა და მონაზვნების ჯგუფს. გოგონამ ვეღარ მოითმინა, პოეტს მიუახლოვდა და ხელზე აკოცა. ილიას გაუცინია, თავზე ხელი გადაუსვია და მოფერებია.

   1902 წელს, საშუალო სასწავლების დამთავრების შემდეგ, ანამ მუშაობა დაიწყო ფოსტა-ტელეგრაფის უწყებაში, სადაც აქტიურად ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში, რისთვისაც 1906 წელს სამსახურიდან დაითხოვეს.

   1907 წელს ჟურნალ „ნაკადულში“ ანა ხახუტაშვილის პირველი მოთხრობა „მიტოს გაბედულება“ დაიბეჭდა. აქედან მოყოლებული მისი მოთხრობები სისტემატურად იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. ჟურნალ „ნაკადულში“ ანა შიო მღვიმელს მიუყვანია. რედაქტორს, მარიამ დემურიას, საყვარელი მწერალი და უცნობი გოგონა თბილად მიუღია. წაიკითხეს მისი მოთხრობა და რედაქტორს უთქვამს: აუცილებლად განაგრძეთ წერა, ამ მოთხრობას აუცილებლად დაგიბეჭდავთ, მაგრამ გვარი რად არ მიაწერეო. გვარი რა საჭიროაო უთქვამს დაბნეულ ანას და აქ შიო მღვიმელი წამოშველებია - მართალია, რათ უნდა გვარი, ნახეთ როგორი ცოცხალი და ცქვიტი გოგოა... სწორედ აქედან წამოვიდა ანან ხახუტაშვილის ფსევდონიმი „ცქვიტი“ და ამიტომაც შიო მღვიმელი მას თავის ნათლულს ეძახდა.

   ანა ხახუტაშვილით აკაკიც დაინტერესებულა და მისი გაცნობა მოუნდომებია, ამ ახალგაზრდამ როგორი მშვენიერი ქართული იცისო და მწერლობაში გზა დაულოცნია.

    1909 წელს ნიჭიერ მწერალ ქალს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ“ ძმები ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდია დაუნიშნა და 1910 წელს თბილისის ქალთა უმაღლეს კურსებზე ლიტერატურის განხრით ჩააბარა.

   1916 წელს ხარკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. რომლის დამთავრები შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და პედაგოგობას მიჰყო ხელი. მუშაობდა ჯერ გორის, ხოლო შემდეგ თბილისის ქალთა გიმნაზიაში და პარალელურად ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდა. ყველაზე დიდი ფაქტორი, რამაც განაპირობა ანა ხახუტაშვილის საბავშვო ლიტერატურაში დამკვიდრება, იყო მისი მასწავლებლობა, ბავშვებთან და სკოლასთან სიახლოვე, რამაც მწერალ ქალს შთააგონა მათთვის პატარ-პატარა მოთხრობები დაეწერა და მუდამ მათთან ახლოს ყოფილიყო.

   1931 წლამდე ემსახურა ანა ხახუტაშვილი პედაგოგიურ საქმიანობას, ხოლო შემდეგ იძულებული იყო ავადმყოფობის გამო ჩამოცილებოდა და ინტენსიურ სამწერლო მოღვაწეობას ეწეოდა.

   ანა ხახუტაშვილი ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს ემსახურა ქართული საბავშვო ლიტერატურის კეთილშობილურ საქმეს.

   ანა მეგობრობდა როგორც უფროსი თაობის, ასევე თანამედროვე უმცროსი თაობის მწერლებთან. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ეკატერინე გაბაშვილთან, იოსებ გრიშაშვილთან, მარიჯანთან, ანიკო ღვინიაშვილთან და სხვებთან.

   ანა ხახუტაშვილი გარდაიცვალა 1960 წლის 2 სექტემბერს და დაკრძალულია თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: