The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



სავლე იოსების ძე აბულაძე

სავლე იოსების ძე აბულაძე
სხვა სახელი:ელვა  (ფსევდონიმი)
პავლე აბულაძე  (ფსევდონიმი)
ს. ა-ძე  (ფსევდონიმი)
სავლე  (ფსევდონიმი)
საქარიქედელი  (ფსევდონიმი)
სოსია გლეხი  (ფსევდონიმი)
ციაგი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1890
გარდაცვ. თარიღი:1964  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    სავლე აბულაძე დაიბადა 1890 წლის 30 აპრილს ზემო იმერეთის სოფელ კიცხში, გლეხის - იოსებ აბულაძისა და ესმა ჭიპაშვილის მრავალშვილიან ოჯახში. 6 წლისას ანბანი ბიძამ - ლეონტი ჭიპაშვილმა დააწყებინა. მამამ მოგვიანებით კიცხის ორკლასიან სასწავლებელში შეიყვანა, რომელიც 1902 წელს სანიმუშოდ დაამთავრა.

   1903 წელს ქუთაისის რეალური სასწავლებლის მეორე კლასში ჩააბარა, მაგრამ იქ დიდხანს არ დარჩენილა, რადგან მძიმე ავადმყოფობის გამო იძულებული გახდა სასწავლებლისთვის თავი დაენებებინა.

   1904 წელს ზესტაფონის საქალაქო სასწავლებელში ჩააბრა, სადაც 1905 წელს მოწაფეთა რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობდა და ამის გამო იძულებული გახდა ამ  სასწავლებლიდანაც გამოსულიყო.

   1907-1911 წლებში სავლე აბულაძე გორის სამასწავლებლო (საოსტატო) სემინარიაში  სახელმწიფო ხარჯზე სწავლობდა.

    1911 წლიდან სავლე აბულაძე მასწავლებლად მუშაობდა სოფელ კიცხში, დაბა ხარაგოულში,  ზესტაფონში, თბილისის სხვადასხვა სკოლასა და სამასწავლებლო ინსტიტუტში. შორაპნის მაზრის სკოლების ინსპექტორობის დროს კითხულობდა ლექციებს პედაგოგიკასა და მშობლიური ენის მეთოდიკაში. პედაგოგიური მუშაობის გარდა, საზოგადოებრივ-სამეურნეო და კულტურულ საქმიანობაშიც მონაწილეობდა: სოფელი კიცხის სკოლა შვიდწლედად გადააკეთა, 1913 წელს კიცხშივე დააფუძნა შემნახველ-გამსესხებელი ამხანაგობა-კოოპერატივი, ბიბლიოთეკა-სამკითხველო, სასოფლო-სამეურნეო არტელი ”კომუნა”, კიცხის სკოლაში, მოწაფეთაგან, ფრინველების დევნის წინააღმდეგ შექმნა „მაისის კავშირი“ და შემოიღო „ხეების დარგვის დღე“.

    სავლე აბულაძემ მწერლობა ჯერ კიდევ კიცხის სკოლაში სწავლის დროს დაიწყო. წერდა ლექსებს და რუსულიდან თარგმნიდა სხვადასხვა მოთხრობებს. კოლცოვის ლექსის - „Урожай“ მისეული თარგმანი ნიკო ლომოურმა საოსტატო სემინარიის ქართული ენის სასწავლო პროგრამაში შეიტანა. 1909 წელს მისი ლექსი რუსულ ენაზე დაიბეჭდა  გოგოლის საიუბილეოდ გამოცემულ კრებულში.

     1911 წელს, სემინარიის დამთავრების შემდეგ, წერილი მიწერა ჟურნალ ”განათლების” რედაქტორს, ლუარსაბ ბოცვაძეს, თან გააყოლა რამდენიმე ლექსიც, რომელიც მისი ფსევდონიმით „განათლებაში“ დაიბეჭდა. ეს იყო მისი პირველი ნაბეჭდი ლექსი, ხოლო 1913 წელს, ლუარსაბ ბოცვაძემ იაკობ გოგებაშვილის სახსოვრად გამოცემულ კრებულში აბულაძის ვრცელი წერილი - ”იაკობ გოგებაშვილი, როგორც მამულიშვილი” დაბეჭდა.

    1914 წელს, მსოფლიო ომის გამოცხადებასთან დაკავშირებით სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. 1917 წელს დაამთავრა თბილისის მოკლევადიანი სამხედრო სასწავლებელი, მიიღო ოფიცრის პირველი ჩინი და გამწესდა ქალაქ ერევანში, სადაც გაიცნო მწერალი დუტუ მეგრელი, რომლის რამდენიმე ლექსი რუსულ ენაზე თარგმნა. ერევანშივე მოუსწრო თებერვლის რევოლუციამ, რომლის შემდეგაც თბილისში დაბრუნდა.

    1915 წელს სავლე აბულაძის მოთხრობები ია ეკალაძის გაზეთ „სამშობლოში” დაიბეჭდა. ამავე დროს მისი ლექსები და ჩაწერილი ხალხური ზღაპრები იბეჭდებოდა „ნაკადულში” და „ჯეჯილში”.

    1917 წლის რევოლუციის შემდეგ სავლე აბულაძის თაოსნობით ჩამოყალიბდა და მისივე ხელმძღვანელობით მუშაობდა ლიტერატურულ-შემოქმედებითი და პედაგოგიურ-ფილოსოფიური  წრეები თბილისის უნივერსიტეტში, თბილისის ცენტრალურ საინსტრუქტორო ინსტიტუტში, სოფელ კიცხში „ლიტერატურული ოთხშაბათობები“, დაბა ხარაგოულში, ზესტაფონში და შორაპანში ლიტერატურულ-პედაგოგიური წრეები, განათლების სახალხო კომისარიატში და თბილისის მასწავლებელთა სახლთან ლიტერატურული წრეები. ასევე, სავლე აბულაძემ საძირკველი ჩაუყარა დრამწრეებს, რომლებიც ჯარსა და სხვადასხვა სოფლებში წარმოდგენებს მართავდა.

   1918 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც 1921 წელს დაამთავრა სადიპლომო შრომით: „იოსებ ტფილელი და მისი დიდმოურავიანი“ . 1925 წელს უნივერსიტეტის სახელმწიფო გამოცდები ჩააბარა, ხოლო 1939-1940 წლებში საკანდიდატო მინიმუმი პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად. იმავე წელს წარადგინა სადისერტაციო შრომა თემაზე ”იაკობ გოგებაშვილის პედაგოგიური მემკვიდრეობის გამოყენებისათვის რუსული ენის სწავლებაში” და დისერტაციაც დაიცვა.

    1924 წელს სავლე აბულაძემ ჭიათურაში გამოსცა ლექსების პირველი პატარა კრებული „მზიანი ჩრდილები”.

   სავლე აბულაძე ეწეოდა ლიტერატურულ-პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1938 წლიდან იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლიდა რუსულს, ქართულ ენასა და ლიტერატურას და პედაგოგიკას. მწერლობითა და ლექციებით აქტიურად მონაწილეობდა ანტირელიგიურ საქმიანობაში. ასევე კითხულობდა საჯარო ლექციებს ქართულ და რუსულ ენებზე ლიტერატურულ, პედაგოგიურ-მეთოდურ და სხვა საკითხებზე.

    სავლე აბულაძე გარდაიცვალა 1964 წელს. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მებრძოლ უღმერთოთა ცენტრალური საბჭო, წევრი (1932-1933)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)
  • ქართული საენათმეცნიერო საზოგადოება, წევრ-კორესპონდენტი (1923-1924)

გააზიარე: