The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ლევან დავითის ძე გურიელი (ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი)

ლევან დავითის ძე გურიელი
დაბადების თარიღი:29 თებერვალი, 1824
გარდაცვ. თარიღი:11 მაისი, 1888  (64 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, ქაშუეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია
კატეგორია:სამხედრო პირი, ქველმოქმედი

ბიოგრაფია

   ლევან გურიელი დაიბადა 1824 წელს. იგი გახლდათ გიორგი V გურიელის შვილიშვილი. დაამთავრა თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია და ამის შემდეგ ლაიბგვარდიის კავკასიის ესკადრონში ჩაირიცხა.

   1844-1851 წლებში ლევან გურიელი იყო კავკასიის კორპუსში და იბრძოდა დაღესტანში, საკორდონო ხაზზე, რისთვისაც კაპიტნის ჩინი დაიმსახურა.

   1853-1855 წლებში ლევან გურიელი გახლდათ ქუთაისის გუბერნიის თავადაზნეურთა წინამძღოლი. ყირიმის ომის დროს, კავკასიის ფრონტზე, მეთაურობდა დასავლეთ საქართველოს მცხოვრებთაგან ჩამოყალიბებულ სახალხო ლაშქარს. შეკვეთილთან სასაზღვრო ხაზის დაცვის დროს პარტიზანული ბრძოლის ტაქტიკის შესანიშნავი ცოდნა და განსაკუთრებული სამხედრო საზრიანობა  გამოავლინა, რითაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი გენერალ ივანე ანდრონიკაშვილის გამარჯვებებს. ნიგოითისა და ჩოლოქის ბრძოლებში რუსეთის იმპერიის ჯარში შემავალი გურიისა და იმერეთის სახალხო რაზმებს სარდლობდა.

   1865 წელს ლევან გურიელმა გენერალ-მაიორის წოდება მიიღო. 1877-1878 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომში მიიღო მონაწილეობა და ამ ომში იმერეთის რაზმს მეთაურობდა, რომელმაც სამხრეთის მიმართულებით ბრძოლებში გამოიჩინა თავი.

   1879 წელს გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიიღო და ბათუმის ოლქის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

   ლევან გურიელი, გარდა სამხედრო მოღვაწეობისა, ნაყოფიერად მოღვაწეობდა ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში. 1879 წლიდან გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დამფუძნებელი წევრი, მუშაობდა სამუზეუმო გამოფენებში, მატიანეთა მოძიებაში და ამავე დროს მატერიალურად ეხმარებოდა მოწინავე შემოქმედ ახალგაზრდობას.

   ლევან გურიელი გარდაიცვალა 1888 წლის 11 მაისს და დაკრძალულია თბილისში, ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879-1888)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1879 - გენერალ-ლეიტენანტის ჩინი
  • 1865 - გენერალ-მაიორის ჩინი
  • წმინდა ვლადიმირის ორდენი
  • წმინდა ანას ორდენი
  • წმინდა სტანისლავის ორდენი

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:თბილისი, კოჯრის ქუჩა

გააზიარე: