The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ვლადიმერ (ლადო) დიმიტრის ძე აღნიაშვილი

ვლადიმერ (ლადო) დიმიტრის ძე აღნიაშვილი
დაბადების თარიღი:7 თებერვალი, 1860
გარდაცვ. თარიღი:23 აპრილი, 1904  (44 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, კუკიის სასაფლაო
კატეგორია:ეთნოლოგი, პედაგოგი, ფოლკლორისტი

ბიოგრაფია

   ლადო აღნიაშვილი დაიბადა 1860 წელს სოფელ შილდაში მღვდლის ოჯახში. თელავის სასულიერო სასწავლებლის კურსის დასრულების შემდეგ, მშობლების სურვილის წინააღმდეგ, მან გორის საოსტატო (სამასწავლებლო) სემინარიაში ჩააბარა. მშობლებს სურდათ ლადოს სასულიერო განათლება მიეღო.

     1881 წელს წარმატებით დაასრულა გორის სემინარია და იმავე წელს თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში მასწავლებლად დაინიშნა. ორი წლის შემდეგ ლადო სამუშაოდ თბილისის ქართველ კათოლიკეთა სკოლაში გადაიყვანეს, სადაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოღვაწეობდა. ამ პერიოდში ლადო აღნიაშვილი მეტად მტკივნეული საკითხით, ქართველი ბავშვებისათვის რუსული ენის სწავლებით დაინტერესდა. იაკობ გოგებაშვილის ეპოქალური სახელმძღვანელო "რუსსკოე სლოვო" იმ ხანებში ჯერ კიდევ არ იყო შექმნილი და ამ ხარვეზის შესავსებად 1883 წელს აღნიაშვილმა თბილისში გამოსცა ქართული სკოლებისთვის შექმნილი რუსული ენის სახელმძღვანელო: "Первый шаг в изучении русского языка для начальных грузинских школ". ლადო აღნიაშვილის სახელმძღვანელოს ბევრი ნაკლი ჰქონდა, მაგრამ იმ პერიოდისთვის, ის ხელს უწყობდა რუსული ენის სწავლების ერთგვარ გაუმჯობესებას. თავად ლადო ასე აფასებდა თავის წიგნს: " ...განვიზრახე და შევადგინე სახელმძღვანელო წიგნი ჩვენს სკოლებში დასახმარებლად "პირველი ნაბიჯი" რუსული ენის შესწავლაში. ამით ის კი არ მინდა ვთქვა, რომ ეს წიგნი დააკმაყოფილებს თავისი დამიშნულების ყოველგვარ მოთხოვნილებას და ან ეს ნამდვილი "ვარდისახარია"–მეთქი. სრულებითაც არა, მხოლოდ ვცდილობდი, რომ ცოტად თუ მეტად შემემცირებინა ბავშვებისათვის "ჯოჯოხეთი" და მაშასადამე შეძლებისა და გვარად დამეკმაყოფილებინა უპირატესი პედაგოგიური მოთხოვნილებანი".

     ლადო აღნიაშვილის ეს სახელმძღვანელო მეორედ აღარ გამოცემულა. ერთი, რომ მან ვერ ჰპოვა პოპულარობა და მეორეც, მალევე დაიბეჭდა და 1885 წელს ქართულმა სკოლებმა მიიღეს იაკობ გოგებაშვილის "რუსსკოე სლოვო".

     1887 წელს ლადომ შეადგინა "უბის ლექსიკონი", 1890 წელს კი შეკრიბა და ერთ რჩეულ კრებულად გამოსცა ქართული ხალხური ზღაპრები. ლადოს კალამს ეკუთვნის ოჯახში საკითხავი "ახალი ანბანი", რომელიც ლამაზად გაფორმებული და მეტად შინაარსიან მასალაზე იყო აგებული.

    1896–1904 წლებში აღნიაშვილი ნაყოფიერად თანამშრომლობდა ანასტასია თუმანიშვილის საბავშვო ჟურნალ "ჯეჯილში", სადაც სისტემატურად იბეჭდებოდა მისი სამეცნიერო–პოპულარული ხასიათის ნამუშევრები. როგორც კორესპონდენტი, პუბლიცისტი, ეთნოგრაფი, მკვლევარი და მოგზაური იგი იმ პერიოდის ქართულ პრესაში ხშირად აქვეყნებდა თავის წერილებს.

    1885 წელს ლადო აღნიაშვილმა პირველად ქართულ სინამდვილეში,ჩამოაყალიბა მომღერალთა ქართული გუნდი. 1886 წლის 15 ნოემბერს ქართული თეატრის სცენაზე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული და ქართულ ქულაჯებში გამოწყობილი 30 რჩეული ვაჟკაცი იდგა და ხალხურ სიმღერებს მღეროდა. ქართული საზოგადოება აღფრთოვანებული იყო და დიდი გამოხმაურებაც ჰქონდა ლადოს ამ მამულიშვილურ საქმეს. ლადოს ამ სახელოვანი ნაბიჯის განხორციელებაში დიდი როლი შეასრულა საქართველოში მცხოვრებმა ჩეხმა კომპოზიტორმა და ლოტბარმა იოსებ რატილმა. სხვადასხვა დროს გუნდში მღეროდნენ ზაქარია ფალიაშვილი, ია კარგარეთელი, ვ. ბაგრატიონი, მ. იანქოშვილი, ალ. ბერიძე, ლ. ცისკარიშვილი და სხვები.

    ლადო აღნიაშვილი დაინტერესდა შაჰ–აბასის მიერ საქართველოდან აყრილი და სპარსეთში გადახვეწილი ქართველების ბედით და 1894 წელს გაემგზავრა კიდეც სპარსეთში. მან თითქმის წელიწადნახევარი დაჰყო ფერეიდანში, დაათვალიერა, შეისწავლა და აღწერა თითქმის ყველა სოფელი. ფერეიდნელმა ქართველებმა დიდი სიყვარულით მიიღეს "დიდი საქართველოდან" (გურჯისტანიდან" წამოსული ქართველი. ლადოს განსაკუთრებით დაუმეგობრდნენ სეიფოლა იოსელიანი, ყოლა–მირზა ხუციშვილი, ჰუსეინ ონიკაშვილი და სხვები, რომლებმაც მას დახმარება სთხოვეს ქართული სკოლების გახსნაში. 200 წლის შემდეგ ლადომ პირველმა ჩამოიტანა საქართველოში ამბავი, რომ შაჰ–აბასის  მიერ ტყვედ წაყვანილი ქართველები ცოცხლები არიან, ქართველობენ, სოფლებს ქართულ სახელებს არქმევენ და ენაც შენარჩუნებული აქვთო. ეს მოგზაურობა აღნიაშვილმა აღწერა თავის ნაშრომში " სპარსეთი და იქაური ქართველები", რომელიც ჯერ ჟურნალ მოამბეში დაიბეჭდა, ხოლო 1896 წელს ცალკე წიგნადაც გამოიცა.

    ლადო აღნიაშვილი გარდაიცვალა 1904 წელს და დაკრძალულია კუკიის სასაფლაოზე.

    

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1885-1901)

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    მისამართი:თბილისი, ფრანგების სკოლა

გააზიარე: