The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ნიკოლოზ (ნიკო) ტარიელის ძე დადიანი (თავადი)

ნიკოლოზ (ნიკო) ტარიელის ძე დადიანი
Other name:თ. ნ. დ.  (Pseudonym)
Date of birth:1 January, 1844
Date of death:12 October, 1896  (at 52 years)
Burial location:სამეგრელო, სოფელი ბეთლემი
Category:Playwright, Historian, Interpreter, Writer, Public Figure

Biography

    ნიკოლოზ დადიანი დაიბადა 1844 წლის 1 იანვარს სოფელ სვირში, შორაპნის მაზრის მდივანბეგის შეძლებულ და განათლებულ ოჯახში.  პაპის მხრიდან ერეკლე II-ის შთამომავალი იყო. დედა - მაია აბაშიძე მეტად განათლებული და მწიგნობრობის მოყვარული ოჯახიდან გახლდათ, სადაც მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონდათ შესანიშნავი ძველი ხელნაწერებით.

    ნიკოლოზ დადიანს სწავლა ოჯახში დააწყებინეს და აქვე დაეწაფა თვითგანვითარებას. შესანიშნავად შეისწავლა ქართული ენა, გაიცნო ქართული მწერლობა და ქუთაისის გიმნაზიაში შესვლამდე ისე კარგად იყო გათვითცნობიერებული, რომ უფროსი კლასის მოწაფეებს პაექრობაში მუდამ ჯაბნიდა. გიმნაზიის მეოთხე კლასიდან თავად მოემზადა, დანარჩენი კლასის საგნები ექსტერნად ჩააბარა და სიმწიფის მოწმობა მიიღო.

    ნიკოლოზ დადიანი გიმნაზიის დამთავრებისთანავე ქუთაისის ბანკის დირექტორად, ხოლო ბესარიონ ღოღობერიძის გარდაცვალების შემდეგ ამავე ბანკის გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს. იგი გამოირჩეოდა ორატორული ნიჭით  და მას „ნიკო ფილოსოფოსად“ მოიხსენიებდნენ. მონაწილეობდა ყველა საზოგადო-კულტურულ საქმიანობაში. 1890-იან წლებში მისი თაოსნობით ქართული მუსიკის შესწავლა-გავრცელების საზოგადოება დაარსდა. ამავე ხანებში  ქუთაისში სამი საჯარო ლექცია წაიკითხა ქართველი ერის რაობაზე. იგი გამორჩეული იყო საქართველოს ისტორიისა და ძველი კულტურის ცოდნით.

     ნიკოლოზ დადიანი, როგორც ენის წარჩინებული მცოდნე,  გრიგოლ ორბელიანთან, ილია ჭავჭავაძესთან, ივანე მაჩაბელთან და სხვებთან ერთად „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენ კომისიაში იღებდა მონაწილეობას. გარკვეული პერიოდი ნიკოლოზ დადიანი ქუთაისის გუბერნიის დეპუტატთა  საკრებულოში დეპუტატად იყო მიწვეული და მინდობილი ჰქონდა სამეგრელოს სამთავროს წოდებრივ უფლებათა გამორკვევა. აქ მან დიდი ღვაწლი დასდო ძველი საუკუნის ნაწერთა აღწერილობას. იგი ლექციებს კითხულობდა ძველი ქართული წიგნების შესახებ.

    ნიკოლოზმა ძველი „კარაბადინისა“ და ახალი სამკურნალო წიგნების დახმარებით, თავისით შეისწავლა სამკურნალო მეცნიერება, არაერთი ავადმყოფი განკურნა და ნაადრევ სიკვდილს გადაარჩინა. ჰკურნავდა სრულიად უსასყიდლოდ და ბევრს საკუთარი ჯიბიდანაც ეხმარებოდა. იმერეთში ცნობილი იყო, როგორც „სხეულისა და  სულის მკურნალი“.

    ნიკოლოზ დადიანს სწავლა-განათლებაზე თავისებური შეხედულება ჰქონდა. თანამედროვე სკოლას მამულიშვილი-მოქალაქის აღზრდა არ შეუძლიაო და თავის შვილებსაც ოჯახში ასწავლიდა. იგი გახლდათ შალვა და მარიამ დადიანი-ანჩაბაძის მამა. ყოველდღიურ ცხოვრებისთვის საჭიროდ მიაჩნდა: „ძილი თავის დროს, წამოდგომა თავის დროს, სუფთა ჰაერი, ბუნებასთან ახლოს ყოფნა, კვება შემარგე და გადაუჭარბებელი“. იმერეთში მისი ოჯახი კულტურისა და განათლებისა ცენტრად იყო მიჩნეული, სადაც ხშირად თავს იყრიდნენ იმ დროის გამოჩენილი მოღვაწეები, მწერლობისა და ხელოვნების მოყვარულნი საქვეყნო და სამწერლო-სახელოვნო საკითხთა განსახილველად.

    ნიკოლოზ დადიანი თანამშრომლობდა იმდროინდელ პრესასთან. მისი ნაწარმოებები, წერილები და თარგმანები იბეჭდებოდა „დროებაში“, „ივერიაში“, „კვალში“, „მოამბეში“ და სხვა პერიოდულ გამოცემებში. წერდა პუბლიცისტურ წერილება სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე, მოთხრობებს, პიესებს, ფელეტონებს, ლირიულ ფილოსოფიურ-დიდაქტიკურ ლექსებს, რომლებშიც ლექსად იყო დახასიათებული ყველა თანამედროვე ქართველი მწერალი, თარგმნიდა შექსპირის პიესებსა და სხვათა ნაწარმოებებს.

    ნიკოლოზ დადიანი 1896 წლის 12 ოქტომბერს რუსეთში, სოფელ აგაიმანში გარდაიცვალა და დაკრძალულია სამეგრელოში, სოფელ ბეთლემში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1880-)

Bibliography

Contacts Information

  • Home
    Address:სენაკის მაზრა

Share: