The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ივანე პავლეს ძე გობეჩია

ივანე პავლეს ძე გობეჩია
Date of birth:10 December, 1881
Date of death:1 October, 1937  (at 55 years)
Burial location:უცნობია (დახვრეტილი)
Category:Lawyer, Founding member, Lawyer, Politician, Repressed

Biography

    ივანე გობეჩია დაიბადა 1881 წლის 10 დეკემბერს ქალაქ ქუთაისში აზნაურის ოჯახში. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სწავლის პერიოდში, 1902 წელს, შევიდა რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიაში. 1904-1909 წლებში რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული  და გასახლებული. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1910 წელს, დაბრუნდა სამშობლოში და ჩაეწერა ნაფიცი ვექილის თანაშემწედ ქუთაისში. სასამართლო პროცესებში მონაწილეობდა დამცველად სხვადასხვა საქმეების განხილვისას. ივანე გობეჩია იყო რუსეთის იმპერიის მეორე სახელმწიფო სათათბიროს სოციალისტ-რევოლუციონერთა ფრაქციის მდივნის თანაშემწე. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ქუთაისის ქალაქის საბჭომ პეტროგრადის დემოკრატიულ თათბირზე დასასწრებად დელეგატად აირჩია. სხვადასხვა დროს იკავებდა სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობებს.

    1917 წელს ქუთაისის გარნიზონმა კავკასიის არმიის პირველი და მეორე ყრილობების დელეგატად აირჩია და ამავე წლის მაისში მოსკოვში სოციალისტ-რევოლუციონერთა მესამე პარტიული ყრილობაში იღებდა მონაწილეობას, როგორც ქუთაისის გუბერნიის პარტიული ორგანიზაციების დელეგატი.

    1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი., ხოლო 1918 წლის განმავლობაში  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იქნა საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის სიით. იყო სამეურნეო-საგამგეო კომისიის თავმჯდომარის ამხანაგი, გარეშე საქმეთა და იურიდიული კომისიების მდივანი, თვითმმართველობის, საპენსიო, ცენტრალური საარჩევნო და საკონსტიტუციო კომისიების წევრი.

    1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ცდილობდა კომპრომისის მიღწევას საოკუპაციო რეჟიმთან.

    1922 წლის 20 მარტს თბილისში გაიმართა საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის მესამე ყრილობა და პარტიის ფრაქციათა განხეთქილების გამო გობეჩია გარიცხული იქნა პარტიიდან.

    1922 წლის 10 მაისს საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ (ჩეკა) ივანე გობეჩია სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის სხვა ლიდერებთან და წევრებთან ერთად კონტრრევოლუციის ბრალდებით დააპატიმრა, მაგრამ როგორც „არააქტიური ელემენტი“ მალევე გაანთავისუფლა.  შემდგომ წლებში ივანე გობეჩია თბილისში ცხოვრობდა და მუშაობდა ადვოკატად. გახლდათ  დამცველთა (ადვოკატთა) კოლეგიის წევრი.

    1937-1938 წლების დიდი საბჭოთა ტერორის დროს საქართველოს სსრ შინსახკომმა ძალისმიერი მეთოდებით  მოახერხა სხვადასხვა მოწინააღმდეგე პარტიების ყოფილი ლიდერებისაგან, მათ შორის დამფუძნებელი კრების დეპუტატებისაგან, აღიარებითი ჩვენებები მიეღო, რომლის თანახმადაც საქართველოში არსებობდა კონტრრევოლუციური პარტიული „ცენტრები“  რომლებიც კვლავ გაერთიანდნენ „პარიტეტულ კომიტეტში“ და შეიარაღებული გადატრიალება და უცხოეთიდან სამხედრო ინტერვენციის გზით საბჭოთა სახელმწიფოს დამხობა განიზრახეს მიზნად. ამ ხალხს შორის მოხვდა ივანე გობეჩიაც, რომელიც 1937 წლის 17 ივლისს ესერთა ანტისაბჭოთა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით დააპატიმრეს.

    სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ 1937 წლის 30 სექტემბერს დახვრეტის განაჩენი გამოუტანა და 1 ოქტომბრის ღამეს განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი.

Member of Organizations

  • ამიერკავკასიის სეიმი, წევრი (1918-)
  • კავკაკასიის არმიის სამხარეო საბჭო, წევრი
  • რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია, წევრი (1902-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1912-)

Contacts Information

  • Home
    Address:თბილისი

Share: