The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ნესტორ იოსების ძე წერეთელი

ნესტორ იოსების ძე წერეთელი
დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:13 მაისი, 1905
დაკრძალვის ადგილი:იმერეთი, სოფელი გუბის სასაფლაო
კატეგორია:მეწარმე, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    ნესტორ წერეთელი იმერეთში, სოფელ გუბში მღვდლის ოჯახში დაიბადა. ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტში გააგრძელა, თუმცა სუსტი ჯანმრთელობის გამო იძულებული გახდა ე.წ. „იაროსლავის ლიცეუმში“ (იაროსლავის დემიდოვის იურიდიული ლიცეუმი, უმაღლესი იურიდიული სასწავლებელი) გადასულიყო, მაგრამ აქაც ვეღარ შეძლო სწავლის დასრულება და სამშობლოში დაბრუნდა.

    სტუდენტობისას შეთვისებული პროგრესული იდეებით მოტივირებულმა ნესტორმა გადაწყვიტა საკუთარი მხარის, ხონის შემოგარენის სოფლების საზოგადოების, კუხის, გუბის, ახალშენის, ივანდიდისა და გოჩა-ჯიხაიშის თემების განვითარებისათვის ეზრუნა.

    1883 წელს, სამშობლოში დაბრუნებისთანავე, მისი ინიციატივით, სოფელ კუხში ვაჟთა სასწავლებელი მოეწყო, სადაც თავადვე მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. ამ სკოლის მზრუნველი და სასკოლო ლიტერატურით მომმარაგებელიც, სიცოცხლის ბოლომდე, თვითონ იყო. ნესტორი ასევე გახდა ხონში კულტურული ცხოვრების წამახალისებელი და თეატრალური წარმოდგენების გამართვის ერთ-ერთი მოთავე. როგორც ცნობილია, ნესტორ წერეთლის ინიციატივით, საგანმანათლელო დაწესებულება სოფელ გუბშიც გაიხსნა.

    1883 წელს ნესტორმა ძმასთან ერთად ხონში ქართული წიგნის მაღაზია გახსნა, გამოიწერა ქართული წიგნები და ჟურნალ-გაზეთები, რომლებიც მანამდე ამ მხარეში მიუწვდომელი იყო. მაღაზია მალევე გახდა პოპულარული და წარმატებული. განსაკუთრებული წარმატება წიგნის მაღაზიას ქართული სასკოლო სახელმძღვანელოების გავრცელებამ მოუტანა, რომელზეც დიდი მოთხოვნა იყო.

    ნესტორ წერეთელი 1880-იანი წლებიდან, საკუთარი სახსრებით შეუდგა მეაბრეშუმეობის გავრცელებას და 1895 წელს ხონის რაიონის სოფელ კუხში დააარსა „ქუთაისის გუბერნიის მეაბრეშუმეთა ამხანაგობა“,  რომლის წევრებად თვით მეაბრეშუმეები იყვნენ, ხოლო თავმჯდომარე თავად ნესტორ წერეთელი. ამხანაგობაში დაახლოებით 500-მდე ადამიანი იყო გაერთიანებული.

     ნესტორ წერეთელი საზოგადოების წევრებს ეხმარებოდა თუთის ხეების მოშენებაში, კარგი თესლის შეძენაში, პარკის გასაღებასა და უცხოეთში გატანაში. ააშენა საკუთარი ძაფის ამოსახვევი ქარხანა, სადაც 20-მდე ქალი მუშაობდა, საღებავი სახელოსნო 15 საქსოვი დაზგით და  განყოფილებები ხონსა და ოზურგეთში. ნესტორ წერეთელმა შეიძინა ახალი სამეურნეო იარაღები და თავისი მოღვაწეობით ძლიერ შეუწყო ხელი ხონის მიდამოებში მეაბრეშუმეობის განვითარებას.

    ნესტორ წერეთელს საკუთარ სახლში გახსნილი ჰქონდა ჰომეოპათიური აფთიაქი და დიდ დახმარებას უწევდა მიმდებარე სოფლების მოსახლეობას.

    ნესტორი თავისი საქმიანობის პარალელურად აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ პრესასთან. საზოგადოებას აცნობდა ხონის თემის ცხოვრების სურათებსა და პრობლემებს. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა სასოფლო ამხანაგობების ისტორიის შესწავლასა და პოპულარიზაციას. იგი პრესაში აქვეყნებდა კრიტიკულ წერილებს რუსეთსა და კავკასიაში მოქმედი სასოფლო ამხანაგობების მოქმედების პრინციპების, პრაქტიკისა და სტატისტიკის შესახებ.

    ნესტორ წერეთელი მეაბრეშუმეობის პარალელურად ზრუნავდა მევენახეობის და მეფუტკრეობის გაუმჯობესებაზე და გამუდმებით წერდა ამ თემებზე.

   ნესტორ წერეთელი გარდაიცვალა 1905 წლის 13 მაისს და დაკრძალულია მშობლიურ სოფელ გუბში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1886-)

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:სოფელი გუბი

გააზიარე: