The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



დავით გიორგის ძე ერისთავი

დავით გიორგის ძე ერისთავი
დაბადების თარიღი:9 სექტემბერი, 1847
გარდაცვ. თარიღი:23 ოქტომბერი, 1890  (43 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მთაწმინდის მწერალთა საზოგადო მოღვაწეთა პათეონი
კატეგორია:დრამატურგი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    დავით ერისთავი დაიბადა 1847 წელს გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში ცნობილი დრამატურგისა და საზოგადო მოღვაწის გიორგი ერისთავის ოჯახში.  დედა სამი წლის ასაკში გარდაეცვალა და ბავშვის აღზრდა, გიორგი ერისთავის თეატრის ყოფილმა მსახიობმა და სახალხო პოეტმა, გიორგი დვანაძემ იკისრა.

    თავდაპირველად დავითი გორის კერძო პანსიონში სწავლობდა, რომელიც მისმა მასწავლებლებმა დორემ (ფრანგული ენა) და ნიკიტინმა (სხვა საგნები) გახსნეს. 1860 წელს დავით ერისთავი ოდესაში გაემგზავრა, სადაც ჯერ კნერის, შემდეგ კი რიშელიეს პანსიონში სწავლობდა. 1867 წელს მისაღები გამოცდები ჩააბარა ნოვოროსიის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, საიდანაც იქვე საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე გადავიდა, ხოლო მოგვიანებით სწავლა პეტერბურგის სამკურნალო აკადემიაში გააგრძელა. 1871 წელს, გაუარესებული ჯანმრთელობის გამო იგი ჯერ საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაემგზავრა, ხოლო შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.

   დავით ერისთავმა სამწერლო მოღვაწეობა ლექსებითა და ფელეტონებით დაიწყო. მოღვაწეობდა "დროებაში", "Тифлисский листок"–სა და "Фаланга"–ში. 1882 წელს "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის დამდგენელი კომისიის წევრად აირჩიეს. იგი გახლდათ ქართული დრამატული საზოგადოების ერთ-ერთი ინიციატორი, პროფესიული ქართული თეატრის აღმდგენი კომიტეტის წევრი. თავადაც მონაწილეობდა სპექტაკლებში, შესანიშნავად შეუსრულებია ჩაცკის როლი გრიბოედოვის კომედიაში "ვაი ჭკუისაგან".

    1879 წელს, 25 წლიანი პაუზის შემდეგ, განახლებული ქართული თეატრის რეჟისორად დაინიშნა და რეგულარულად თარგმნიდა სხვადასხვა უცხოურ პიესებს. იგი ქართული თეატრის რეპერტუარის გათანამედროვებისკენ ისწრაფოდა, რამაც შედეგიც გამოიღო. მან ფრანგი დრამატურგის ვიქტორინ სარდუს დრამა "სამშობლოს" მიხედვით ამავე სახელწოდების პიესა შექმნა, რომელიც ქართველ მაყურებელში პატრიოტული გრძნობის გასაღვიძებლად იყო მოწოდებული. პიესას ეროვნული კოლორიტი შესძინა და წინაპართაგან სამშობლოსათვის თავდადება მაგალითად დაუსახა იმდროინდელ ქართველობას. 1882 წლის 20 იანვარს გამართულმა პრემიერამ ეროვნული მანიფესტაციის ხასიათი მიიღო, რასაც კატკოვის ცინიკური რეცენზია და ილია ჭავჭავაძის ცნობილი პუბლიცისტური წერილი "კატკოვის პასუხად" მოჰყვა.

    1881 წელს დავით ერისთავი კავკასიის ოფიციალურ ორგანოს, რუსულენოვანი ჟურნალის "Кавказ"–ის რედაქტორად დაინიშნა. სარედაქციო წერილში მან ნათლად გამოხატა ჟურნალის კონცეფცია, თუმცა მისი შესრულება ნაწილობრივ შესძლო. ქირავნობის ვადის ამოწურვის შემდეგ ჟურნალი, ქირის გადაუხდელობის გამო, ერისთავს ჩამოერთვა და მომდევნო რედაქტორს, ვინმე ტებენკოვს, გადაეცა.

    1886 წელს, ნიკო ნიკოლაძის რეკომენდაციით, დავით ერისთავი და კოლა ორბელიანი როტშილდების ბაქოს ნავთობის საზოგადოების გამგეობის წევრებად დაინიშნენ. დავით ერისთავი როტშილდის კომპანიაში ნავთობის წარმოების თბილისის კანტორის დირექტორად მუშაობდა სიცოცხლის ბოლომდე, თუმცა ეს უფრო ფიქტიური დანიშვნა იყო, რადგან საქმეს რეალურად უცხოელები აწარმოებდნენ.

    დავით ერისთავი არასდროს არ კარგავდა "Кавказ"–ის რედაქტორად დაბრუნების იმედს. ცნობილია, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე, მანგლისში გამგზავრების წინ, მან მსახურს ფრაკის მოფრთხილება სთხოვა და შემდეგი სიტყვებით მიმართა: "ხომ იცი, მალე დამჭირდება"–ო.

    დავით ერისთავი 1890 წელს მძიმე ავადმყოფობის შემდეგ თბილისში გარდაიცვალა და კალოუბნის ეკლესიის ეზოში საგვარეულო აკლდამაში დაკრძალეს. ძეგლის კვარცხლბეკზე ამოკვეთილი იყო აკაკის გამოსათხოვარი ლექსი:

                                                             ძღვნად და საკურთხად სამარადისოდ,
                                                             საამქვეყნიოდ და საამსოფლოდ
                                                             ღირსმა ერის ძემ, თვით ერისთავმა,
                                                             სამშობლოსათვის დასდგა "სამშობლო"

                                              

      1930 წელს, ეკლესიის დანგრევის შემდეგ, დავით ერისთავის ნეშტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1884-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: