The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ზაქარია ეგნატეს ძე ჭიჭინაძე

ზაქარია ეგნატეს ძე ჭიჭინაძე
დაბადების თარიღი:8 თებერვალი, 1854
გარდაცვ. თარიღი:27 დეკემბერი, 1931  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი
კატეგორია:მწერალი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

    ზაქარია ჭიჭინაძე დაიბადა 1854 წელს თბილისში, ეგნატე ჭიჭინაძის ოჯახში. დაწყებით განათლება მიიღო თბილისში მთაწმინდის სკოლაში, შემდეგ კი ირაკლის სახელობის სასწავლებელში. 13 წლიდან იწყება მისი შრომითი საქმიანობა, მუშაობს თამბაქოს ფაბრიკაში, სასტუმროში. ერთხანს საცენზურო კომიტეტში მოხელედ. თავიდანვე გატაცებით კითხულობს ისტორიულ და გეოგრაფიულ ლიტერატურას, აგროვებს ძველ ხელნაწერებს.

   ზაქარია ეგნატე ჭიჭინაძის ოჯახში მეთხუთმეტე შვილი იყო. დაწყებით განათლება მიიღო თბილისში მთაწმინდის სკოლაში, შემდეგ კი ირაკლის სახელობის სასწავლებელში. 13 წლიდან იწყება მისი შრომითი საქმიანობა, მუშაობს თამბაქოს ფაბრიკაში, სასტუმროში. ერთხანს საცენზურო კომიტეტში მოხელედ. თავიდანვე გატაცებით კითხულობს ისტორიულ და გეოგრაფიულ ლიტერატურას, აგროვებს ძველ ხელნაწერებს.

    ზაქარია ჭიჭინაძე 1869 წელს დაუახლოვდა ცნობილ ქართველ პუბლიცისტსა და საზოგადო მოღვაწეს სერგეი მესხს, რომელმაც იგი გაზეთ "დროების" თანამშრომლად მიიწვია. ამ გაზეთის ფურცლებზე სისტემატურად იბეჭდებოდა ზ. ჭიჭინაძის წერილები “მთაწმინდელის” ფსევდონიმით. 1875–1878 წლებში ზაქარიამ შეკრიბა 500-ზე მეტი ძველი ხელნაწერი, პერგამენტი და კომენტარებით გამოსცა. ზაქარია ჭიჭინაძე თავის წიგნებს საკუთარ სტამბაში აწყობდა, ბეჭდავდა, კინძავდა და თვითონვე გაჰქონდა ბაზარზე გასაყიდად. მან  გამოსცა "ქართლის ცხოვრება" რამდენიმე ტომად. მის მიერაა შედგენილი და გამოცემული მრავალი ისტორიული, ბიბლიოგრაფიული, ეთნოგრაფიული, სამეცნიერო-პოპულარული და სხვა ხასიათის წიგნი. ზაქარიამ შექმნა ქართველ მოღვაწეთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მონოგრაფიული შრომები. იგი იყო თვითნასწავლი იდეური მიმართულებით ხალხოსანი. გამოაქვეყნა ოუენის, ფურიეს, პრუდონის ლასალისა და ბლანის ბიოგრაფიები, დაწერა ნეკროლოგი კარლ მარქსზე. ავრცელებდა არალეგალურ სოციალისტურ ლიტერატურას, ხელმძღვანელობდა მუშა-ხელოსანთა წრეს. 1913 წელს მეორედ გამოსცა ბროსე–ჩუბინისეული "ქართლის ცხოვრება" ორ ნაწილად. 

    ზაქარია ჭიჭინაძემ გამოაქვეყნა საქართველოში ბატონყმობის ფაქტობრივი მდგომარეობის მასალები (დოკუმენტები). გამოცემები არ იყო კრიტიკული, მაგრამ აკმაყოფილებდა ისტორიულ-დოკუმენტური ძეგლების პოპულარიზაციის ინტერესებს. ამავე ინტერესებს ემსახურებოდა ჭიჭინაძის მრავალრიცხოვანი (120-ზე მეტი) ნარკვევი და წერილი საქართველოს პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკურისა და კულტურის ისტორიის საკითხებზე. 

   1922 წელს  მხცოვან მწიგნობარს მოღვაწეობის 50 წლის იუბილე გადაუხადეს, რომელიც მიჩნეული იქნა ქართული წიგნის იუბილედაც, რადგან ქართული წიგნის შედგენა-გამოცემასთან იყო დაკავშირებული ზაქარია ჭიჭინაძის მთელი შეგნებული ცხოვრება. იგი ამ საქმის პიონერი იყო. გაზეთი "კომუნისტი" 1922 წლის 19 თებერვლის ნომერში წერდა: "ის ცოცხალი მატიანეა ჩვენი მწერლობის და ვისაც სურს გაიგოს ჩვენი აზრის განვითარების ისტორია, ის ზაქარიას ვერ ასცდება". დიდი დამსახურება მიუძღვის ზაქარია ჭიჭინაძეს ქართულ ხელნაწერთა შეგროვებასა და წიგნების გავრცელებაში, განსაკუთრებით აჭარასა და სამხრეთ საქართველოში.

   ზაქარია ჭიჭინაძე გარდაიცვალა 1931 წელს და დაკრძალულია თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1887-)

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:თბილისი

გააზიარე: