The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ეკატერინე (ცაცა) გიორგის ასული ამირეჯიბი (კნეინა)

ეკატერინე (ცაცა) გიორგის ასული ამირეჯიბი
ოფიციალური სახელი:ეკატერინე გიორგის ასული ამირაჯიბი
დაბადების თარიღი:6 მარტი, 1889
გარდაცვ. თარიღი:17 ნოემბერი, 1975  (86 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
კატეგორია:მსახიობი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   ეკატერინე ამირაჯიბი დაიბადა 1889 წლის 22 თებერვალს (ძვ.სტ.) სოფელ ხურვალეთში. სწავლობდა თბილისის ქალთა ეპარქიულ სასწავლებელში, რომელიც 1906 წელს დაამთავრა და მუშაობა დაიწყო სახალხო თეატრში (ავჭალის აუდიტორია).

   ეკატერინეს ჯერ კიდევ ბავშვობიდან ჰქონდა თეატრისადმი მისწრაფება. პანსიონში სწავლისას, სასკოლო წარმოდგენებში მონაწილეობდა, შემდეგ სოფელში - მარიამ დემურიას ოჯახში დადგმულ გ. ერისთავის „გაყრაში“ თათელას როლი ისე მოხდენილად განასახიერა, რომ ნატო გაბუნიამ აღტაცებით შესძახა: „შენმა გაზრდამ, ჩემი ფეხი დადგებიო“. ამით წახალისებულმა ეკატერინემ მოსკოვში წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ ეკონომიური საშუალება არ ჰქონდა. ამიტომ ორი წელიწადი რკინიგზის სამმართველოში იმსახურა, მოაგროვა ფული და 1909 წელს მოსკოვის სამხატვრო თეატრში, მსახიობ სოფია ხალიუტინას სტუდიაში დაიწყო მეცადინეობა, სადაც ორი წელიწადი დაჰყო. მუხედავად იმისა, რომ დედა ეხმარებოდა, სწავლის გასაგრძელებლად საკმარისი სახსრები აღარ ჰქონდა და  სუმბათაშვილ-იუჟინს მიმართა, რომ თეატრში სამუშაოდ მიეღო, სადაც თვეში 25 მანეთს მისცემდნენ და სწავლასაც გააგრძელებდა, მაგრამ 1911 წლის აგვისტოში, როცა არდადეგებზე საქართველოში დაბრუნდა, დრამატული საზოგადოების თავმჯდომარემ - ქართველიშვილმა, ლადო მესხიშვილმა და ვალერიან გუნიამ დაითანხმეს დებიუტის სათამაშოდ და თბილისის ძველი თეატრის სცენაზე ზეინაბის („ღალატი“) როლის შესრულების შემდეგ, ქართულ დრამატულ დასში მსახიობად მიიწვიეს.

    1911 წლის სეზონი ტრადიციული პიესა ”სამშობლოთი” გაიხსნა, სადაც ეკატერინემ ქეთევანის როლი ითამაშა, შემდეგ კი მონაწილეობა მიიღო შერვანზადეს პიესა ”ნამუსში”, იბსენის ”ავადმყოფ ხალხში”  და ამის შემდეგ, 1943 წლამდე, საქართველოს სხვადასხვა თეატრებში მუშაობდა. იგი მოღვაწეობდა ქუთაისის, სოხუმის, ბათუმის, ბაქოს, თბილისის რუსთაველისა და მარჯანიშვილის სახელობის აკადემიურ თეატრებში. იგი დრამატულ და ტრაგიკულ როლებს თამაშობდა. მის მიერ შექმნილი სცენური სახეები უშუალობითა და მაღალი მხატვრული ოსტატობით გამოირჩეოდა. ზეინაბი სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატში“, ქეთევანი ერისთავის „სამშობლოში“, თამარ მეფე კოტე მესხის „შოთა რუსთაველში, მაშა ტოლსტოის „ცოცხალ ლეშში“, ქეთევან დედოფალი ყაზბეგის „ქეთევან წამებულში“, ემილია შექსპირის „ოტელოში“, ჰერტრუდა „ჰამლეტში“ და ლაურენსია ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყაროში“... ეს არის მის მიერ სხვადასხვა თეატრებში შესრულებული როლების არასრული სია.

   1926 წლის სექტემბერში რეჟისორმა სანდრო ახმეტელმა პირადი უთანხმოების გამო თეატრიდან დაითხოვა და მას აქეთ იგი პროვინციებში და კინომრეწველობაში გადავიდა.

   1932 წლიდან ცაცა ამირაჯიბი „სახკინომრეწვის“ (ახლანდელი კინოსტუდია „ქართული ფილმი“) მსახიობი იყო.  იგი  გადაღებულია 40-მდე მხატვრულ ფილმში: „მაგდანას ლურჯა",   "ხევისბერის გოჩა",  „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" , ”ნახვამდის”, ”არშაულა”, ”მდინარის იქით”, ”ჯანყი”, ”უდაბნო”, ”არსენა” და სხვა.

   1939 წლიდან ამირაჯიბი ხშირად იყო ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახ. სახელმწიფო თეატრის და პარალელურად უსასყიდლოდ გამოდიოდა ე.წ. ყოფილ ავჭალის აუდიტორიის თეატრში, სადაც თავს იყრიდნენ სცენის გამოჩენილი ოსტატები: ვასო აბაშიძე, ნატო გაბუნია, მაკო საფაროვა-აბაშიძისა და სხვები.

   1938 წელს, ქუთაისში დოდო ანთაძის ხელმძღვანელობით თეატრი დაარსდა, სადაც ეკატერინე ამირაჯიბიც მიიწვიეს.

   ცაცა ამირაჯიბმა პირველმა  ქართულ ესტრადაზე საფუძველი ჩაუყარა მხატვრული კითხვის ტრადიციას, იგი ამ დარგის პიონერი და სამსახიობო კარიერის პარალელურად საქართველოს რადიოს პირველი დიქტორი იყო.

    ცაცა ამირაჯიბი წლების მანძილზე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას და ფაღავასა და „სახკინმრეწვთან“ არსებულ სტუდიებში კითხულობდა მხატვრული მეტყველების კურსს. ცნობილი იყო, როგორც  ქართული ენის ბუნებრივი გამოთქმის საუცხოო მცოდნე და დეკლამატორი. დაჯილდოებული იყო მთავრობის ჯილდოებითა და საპატიო სიგელებით.

   ცაცა ამირაჯიბი გარდაიცვალა  1975 წლის 17 ნოემბერს და დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1908-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1950 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1945 - მედალი „კავკასიის დაცვისათვის“.
  • 1940 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: