The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



პოლიო ირეთელი

პოლიო ირეთელი
ოფიციალური სახელი:პოლიევქტოს ანტონის ძე კალანდაძე
სხვა სახელი:ალმასხანი  (ფსევდონიმი)
მახათა  (ფსევდონიმი)
პ. შხამაძე  (ფსევდონიმი)
პოლიკო  (ფსევდონიმი)
ჭინჭრაქა  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:9 იანვარი, 1876
გარდაცვ. თარიღი:1931  (54 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, ვერის სასაფლაო
კატეგორია:დრამატურგი, მწერალი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

    პოლიო ირეთელი დაიბადა 1876 წლის 9 იანვარს გურიის მაზრის სოფელ ხიდისთავში, ღარიბი მღვდლის ოჯახში. დაწყებითი განათლება ბასილეთის სოფლის სკოლაში მიიღო და სწავლა განაგრძო ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, რომლის დასრულების შემდეგ, 1892 წელს, თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო სწავლა, საიდანაც ორჯერ გარიცხეს და იძულებული გახდა თვითგანათლებისთვის მიეყო ხელი. ამ პერიოდში ოსიკო ბარათაშვილმა სოფელ ბორბალოში, თავისივე ხარჯით გამართულ გლეხთა სკოლაში, მასწავლებლად მიიწვია. მან ამ სკოლაში ერთი წელი დაჰყო და საბოლოოდ მშობლიურ სოფელში დაბრუნდა.

    პოლიო ირეთელი სამწერლო ასპარეზზე 1895 წელს გამოვიდა. გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა მისი წერილი „ქადაგება სოფელ ბორჩალოში“, რომელშიც აღწერილი იყო სოფლის ცხოვრება, ხალხის გონებრივი სიბნელე და ზნე-ჩვეულება. 1899 წლიდან თანამშრომლობდა „კვალში“ და ამის შემდეგ თითქმის ყველა პერიოდულ გამოცემაში.

    1899 წლიდან პოლიო ირეთელი რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება. ამ პერიოდში იგი ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოში მსახურობდა. არალეგალური რევოლუციური საქმიანობისთვის რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და  1903 წელს გადასახლებული იქნა აღმოსავლეთ ციმბირში, ირკუტსკის გუბერნიის სოფელ ირეთში, რის გამოც ფსევდონიმად „ირეთელი“ აიღო. გადასახლების შემდეგ ქუთაისში დაბრუნდა და რევოლუციური საქმიანობა გააგრძელა.

    1905 წელს ირეთელმა დაწერა და 1908 წელს თეატრის რეპერტუარში შევიდა მისი პიესა „დამარცხებულნი“, ეგნატე ნინოშვილის მოთხრობებიდან გადმოკეთებული „ქრისტინე“, „სოფლის გმირები“, რომელიც „ჩვენი ქვეყნის რაინდის“ მიხედვით იყო გაკეთებული და სხვა. მის კალამს ეკუთვნის მოთხრობები: „გმინვა“, „დედა“, „ზღვის ნიავი“ და სხვა. ირეთელს ეკუთვნის ლევ ტოლსტოის რომანის „აღდგომა“ პირველი თარგმანი.

     1908 წელს პოლიო იერეთელმა გამოუშვა პირველი იუმორისტული ჟურნალი „შუამავალი“, შემდეგში „ეშმაკის მათრახის“ სახელწოდებით ცნობილი, რომელშიც აქვეყნებდა იუმორისტულ მოთხრობებს, კომედიებსა და შარჟებს. სხვადასხვა ფსევდონიმებით მონაწილეობდა აკაკის „ხუმარაშიც“, რომელშიც გამოაქვეყნა შარჟი „მალულობია“, სადაც აღწერილი ჰქონდა იმ დროის რედაქციების მდგომარეობა. 1910 წელ პოლიო იერეთელმა გამოსცა ყოველკვირეული ჟურნალი „სხივი“, რომელი მხოლოდ 16 ნომერი გამოიცა და შემდეგ დაიხურა.

    1911 წელს პოლიო ირეთელის რედაქტორობით გამოვიდა  ჟირნალი „სალამურა“. შიო მღვიმელი, ნოე ჩხიკვაძე, პოლიო ირეთელი, გიორგი ქუჩიშვილი და გალაკტიონ ტაბიძე განუყრელი მეგობრები იყვნენ. მათ პოლიოს ქალიშვილს, პატარა ცეცილია კალანდაძეს მიუძღვნეს ალბომი, სადაც მათი ხელითაა ჩაწერილი ცეცილიასადმი მიძღვნილი მრავალი ლექსი.

    საქართველოში საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ თანამშრომლობდა „ტარტაროზ-ნიანგში“. ასევე, იბეჭდებოდა ჟურნალ „მნათობში“ და სხვა პერიოდულ გამოცემებში.  მისი ნაწარმოებები თარგმნილი და გამოცემულია რუსულ და სომხურ ენებზე.

    1925 წელს თბილისში რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში პოლიო ირეთელის სამწერლო მოღვაწეობის 25 წლის იუბილე გაიმართა. 1946 წელს გამოიცა მისი მოთხრობების კრებული და 1964 წელს კი კრებული „კედელი“.

    პოლიო ირეთელი გარდაიცვალა 1931 წელს და დაკრძალულია თბილისში, ვერის ახალ სასაფლაოზე მეუღლესთან ნადეჟდა რევაზის ასულ ამირაჯიბთან ერთად.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1908-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: