The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



მიხეილ დავითის ძე კიკნაძე

მიხეილ დავითის ძე კიკნაძე
დაბადების თარიღი:3 აგვისტო, 1882
გარდაცვ. თარიღი:9 ოქტომბერი, 1909  (27 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, კუკიის წმინდა ნინოს სასაფლაო
კატეგორია:მესტამბე, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    მიხეილ კიკნაძე დაიბადა 1882 წლის 3 აგვისტოს ქალაქ თელავში. პირველდაწყებითი განათლება საქალაქო სკოლაში მიიღო.

    მიხეილ კიკნაძე, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, 14 წლისა დაყრუვდა და ამიტომ სწავლის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. მუშაობა დაიწყო ექვთიმე ხელაძის სტამბაში, სადაც ერთ დღეში შეისწავლა ასოთაწყობა, რითაც მესტამბეც და ასოთამწყობი მუშებიც გააოცა. სტამბაში მუშაობასთან ერთად, თვითგანვითარებას მიჰყო ხელი.

     1897 წლიდან „ქართველთა გამომცემელი ამხანაგობის“ სტამბაში გადავიდა სამუშაოდ. მუშაობის პერიოდში თავისით შეისწავლა ფრანგული ენა და 1900 წელს პარიზში, მსოფლიო გამოფენაზე ყურზე სამკურნალოდ წავიდა, მაგრამ უშედეგოდ. უკან დაბრუნებულმა, გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დაიწყო მუშაობა.

     1903 წელს, „საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიამ“ პარიზში გააგზავნა ჟურნალ „საქართველოს“ და „Lა Géორგიე“-ს გამოცემის მოსაწყობად. ჟურნალის ასაწყობ-საბეჭდი მოთავსებული ჰქონდა ცნობილი სოციალისტის, ალემანის დიდი სტამბის ერთ კუთხეში. პარიზში ჩამოასხმევინა ქართული ასოები, რომელიც "პარიზულის" სახელითაა ცნობილი. მიხეილმა საფრანგეთში კიდევ უფრო საფუძვლიანად შეისწავლა ფრანგული ენა, წერა-კითხვა და ლაპარაკი (ლაპარაკი შეეძლო, სმენა კი არა). ორივე გამოცემას თვითონ აწყობდა და ბეჭდავდა.

    1903-1905 წლებში ეს ქართულ-ფრანგული გამოცემები საქართველოს შელახულ უფლებათა მღაღადებელი ორგანო იყო ევროპასა და საქართველოში. მას მეფის მთავრობიდან მრავალი ჯაშუში ჰყავდა მიჩენილი, მაგრამ მაინც ვერ მიაგნეს. მიუხედავად დიდი ნივთიერი გაჭირვებისა და მძაფრი დევნისა, მიხეილ კიკნაძე მინდობილ მოვალეობას იშვიათი სიმტკიცით, მხნეობითა და საიდუმლოებით ასრულებდა.

    1905 წელს, თავისუფლების გამოცხადების შემდეგ, მიხეილი სამშობლოში დაბრუნდა და 1906 წელს თბილისში ქართულ-რუსულ-ევროპული სტამბა „იდეალი“ დააფუძნა, რომელმაც დიდად შეუწყო ხელი ქართული ბეჭდვითი საქმის წარმატებას. ამ სტამბაში, მისი ხელშეწყობითა და ხშირად მეთაურობითაც, წიგნების გარდა, პროკლამაციებიც იბეჭდებოდა. მან დიდი ღვაწლი დასდო ქართული თავისუფალი სიტყვისა და აზრის განვითარებას, ქართველთა გათვითცნობიერებასა და საქართველოს აღდგენის საქმეს.

     მიხეილ კიკნაძე გარდაიცვალა 1909 წლის 9 ოქტომბერს თბილისში და დაკრძალულია კუკიის წმინდა ნინოს სასაფლაოზე. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1908-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: