The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



გრიგოლ ალექსის ძე ტყემალაძე

გრიგოლ ალექსის ძე ტყემალაძე
დაბადების თარიღი:1871
გარდაცვ. თარიღი:4 ნოემბერი, 1926  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

   გრიგოლ ტყემალაძე დაიბადა 1871 წელს შორაპნის მაზრაში მღვდლის ოჯახში.

   გრიგოლმა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა და 1892 წელს მოძვის წმიმდა გიორგის სახელობის  ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.

   1896 წელს შუქრუთის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში გადაიყვანეს.

   1897 წელს გაზეთი „ცნობის ფურცლი" იუწყებოდა, რომ სიონის ტაძრის მღვდელი, გრიგოლ ალექსის ძე ტყემალაძე, თბილისის საეკლესიო ნაშთის საცავის წევრად იქნა დანიშნული.

   1898 წელს ქუთაისის სასულიერო სემინარიასთან არსებულ სამღვდელო პირთა კურთხევის კომისიაზე გამოცდები ჩააბარა და 1899 წელს ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და შუა ფხოვის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დანიშნა.

   1899 წელს ფშავ-ხევსურეთის მე-2 ოლქის სამღვდელოებამ თელავი-სიღნაღის სასულიერო სასწავლებელში საოლქო დეპუტატად გამოარჩია, ხოლო 1902 წელს ამავე ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად დაინიშნა.

   1907 წელს ფშავ-ხევსურეთის მე-2 ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ დაადგინეს.

   1908 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა და ამავე წლის დეკემბერს, ბაქოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (ვახნინი), რომელიც დროებით მართავდა საქართველოს საეგზარქოსოს, მამა გრიგოლი მთავარხუცესის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დაადგინა.

   1909 წლიდან მამა გრიგოლი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

   1910 წელს ოლქის სამღვდელოებამ საეპარქიო კრებაზე დამსწრე დეპუტატად გამოირჩია. 1911 წელს საყდრიონის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გადაიყვანეს და ამავე წლის ნოემბერში საყდრიონის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად და I ოლქის სამღვდელოების დეპუტატად დაინიშნა.

   1913 წელს სკუფია უბოძეს.

   მღვდელი გრიგოლი 1917 წლის სექტემბერში, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის I საეკლესიო კრების მუშაობაში იღებდა მონაწილეობას.

   მე-20 საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში, ქუთაის-გაენათის ეპარქიაში, საჩხერის რაიონის სოფელ ჩხიროულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

   1926 წელს, წილკნის ეპარქიაში, სოფელ ანანურის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვრად დაადგინეს. არსებობს გადმოცემა, რომ მამა გრიგოლი ერთ ღამეს საკუთარი ცოლ-შვილის თვალწინ აწამეს, რადგან მან არ მიატოვა ღვთისმსახურება და ანაფორა არ გაიხადა. მამა გრიგოლს ჰყავდა მეუღლე ვალენტინა იოსების ასული და შვილები: ალექსანდრე, ქეთევანი, თამარი, ნინო, მაია და ვახტანგი.

   მამა გრიგოლი გარდაიცვალა 1926 წლის 4 ნოემბერს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1909-)

გააზიარე: