The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ალექსანდრე ბუჭუას ძე მგელაძე

ალექსანდრე ბუჭუას ძე მგელაძე
სხვა სახელი:ალ. ბლიკვაძე  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1864
გარდაცვ. თარიღი:1932  (68 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ბათუმი
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

    ალექსანდრე მგელაძე დაიბადა 1864 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ ბახვში, ღარიბი გლეხის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება ამავე სოფელში მიიღო, ხოლო შემდეგ სწავლა განაგრძო გორის საოსტატო სემინარიაში, რომელიც 1885 წელს დაამთავრა და მიენიჭა "დაწყებითი სახალხო სასწავლებლის მასწავლებლის წოდება".

     გორის საოსტატო სემინარიის დამთავრების შემდეგ, 1885 წელსვე ალექსანდრე მასწავლებლად დაინიშნა სოფელ დვაბზუში, საიდანაც 1892 წლის 20 იანვარს სოფელ ბახვის სასწავლებელში გადაიყვანეს. მან ექვსი წელი დაჰყო მშობლიურ სოფელში, მაგრამ როგორც პოლიტიკურად არასაიმედო "მოსარჯულებლად" აჭარაში, სოფელ ხულოში გადაიყვანეს. ხულოში ამ დროს არსებობდა ორკლასიანი სასწავლებელი და ალექსანდრე მგელაძე ამ სკოლის ზედამხედველად დაინიშნა, მაგრამ თავისი არასაიმედობის გამო დიდხანს არც აქ გააჩერეს.

    ალექსანდრე მგელაძე საცხოვრებლად გადადის ბათუმში და იწყებს მეცადინეობას კერძო მოწაფეებთან. 1903 წელს იგი მუშაობას იწყებს "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ბათუმის ქართულ დაწყებით სკოლაში, რომელიც 1881 წლის 23 მარტს გაიხსნა და სადაც იგი სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა.

     ალექსანდრე მგელაძემ ისე, როგორც ყველა მაშინდელმა პროგრესულად მოაზროვნე მასწავლებელმა, თავის თავზე გამოსცადა რეაქციული სასწავლო ხელისუფლების მთელი სისასტიკე. 1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ გამეფებულმა რეაქციამ დიდად შეაფერხა სკოლებში მუშაობა, მაგრამ მიუხედავად ამისა სკოლაში მუშაობა მალევე განახლდა. ამ პერიოდში სკოლა დაუთვალიერებია "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" საპატიო წევრს დავით კარიჭაშვილს, რომელმაც სკოლის მუშაობა დადებითად შეაფასა. ბათუმის სკოლაში ალექსანდრე მგელაძე ასწავლიდა მე–2 განყოფილებაში რუსულ ენასა და ანგარიშს, ხოლო მე–3 და მე–4 განყოფილებაში ქართულ ენას, სამშობლოს აღწერას და ბუნებისმეტყველებას.

    პირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო ბათუმის სკოლაში სწავლა შეწყდა და ალექსანდრე დროებით თავის მშობლიურ სოფელში დაბრუნდა. 1915 წლის სექტემბერში, როცა სკოლამ კვლავ განაახლა მუშაობა, ალექსანდრე მგელაძე სკოლის გამგედ დაინიშნა და სიცოცხლის ბოლომდე ამ თანამდებობაზე მუშაობდა.

    1920 წელს ალექსანდრე მგელაძისგან, როგორც "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" სკოლის ხელმძღვანელისგან, ბათუმის სკოლა სათანადო აქტით ქალაქის მმართველობამ გადაიბარა.

    პრაქტიკულ პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად ალექსანდრე მგელაძე ბევრს მუშაობდა ქართული ენის სასკოლო სახელმძღვანელოების შედგენაზე. ესენია: "საანბანო წიგნი", "ლამპარი", "ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი", "პირველი ბიჯი", "კოკორი" და "ლექსიკური გაკვეთილები ქართული ენის შესასწავლად". ყველა ეს სახელმძღვანელო ინახება მის პირად არქივში.

    ალექსანდრე მგელაძე აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ იუმორისტულ ჟურნალ " ეშმაკის მათრახში", სადაც იგი ალ. ბლიკვაძის ფსევდონიმით ხშირად ათავსებდა სახუმარო სცენებს, ლექსებსა და შარადებს სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე.

    1925 წლის 7 ივნისს მხცოვან პედაგოგს ბათუმის საზოგადოებამ პედაგოგიური მოღვაწეობის 40 წლის იუბილე გადაუხადა. იუბილარმა თავის მოსწავლეებს ასე მიმართა: " მე მუდამ ბედნიერად ვთვლიდი ჩემს თავს, იმიტომ რომ ჩემი საქმიანობა თქვენთან იყო დაკავშირებული... და დღეს, როცა ჩემდა პატივსაცემად მოზღვავებულ ამ ჩემს საყვარელ ახალგაზრდობას ვხედავ, ჩემი ბედნიერება გაათასკეცებულია... მე ვერ შევძელი ჩემი ვალი მომეხადა, მაგრამ გისურვებთ თქვენ ცხოვრებაში ვალმოუხდელი არ დარჩენილიყოთ".

    1925 წლის 6 ივნისს აჭარის ასსრ სახალხო კომისართა საბჭოს დადგენილებით ბათუმის პირველი საფეხურის მე–2  ქართულ სკოლას ალექსანდრე მგელაძის სახელი ეწოდა.

    ალექსანდრე მგელაძე გარადიცვალა 1932 წელს ქალაქ ბათუმში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი (1908-1917)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: