The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



დავით მალხაზის ძე ქოქიაშვილი

დავით მალხაზის ძე ქოქიაშვილი
დაბადების თარიღი:1877
გარდაცვ. თარიღი:1958  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

   დავით ქოქიაშვილი დაიბადა 1877 წელს სიღნაღის მაზრის სოფელ ვაქირში მედავითნის ოჯახში. დაამთავრა თელავის სასულიერო სასწავლებელი, რის შემდეგაც თბილისში გადავიდა და ხარფუხის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში, დეკანოზ ალექსანდრე ზუმბულიძესთან მნათედ ინიშნება. არსებობისთვის აუცილებელი სახსრებისთვის დავითი იწყებს სამუშაოს ძებნას და მუშაობა დაიწყო სანთლის გამოსაშვებ სპეციალურ წარმოებაში, რაშიც მას თავისი მეგობარი ვინმე მელექსიშვილი დაეხმარა, რომელთან ერთადაც იგი თელავში ყოფნის დროს გუნდში გალობდა.

   დავითმა მელექსიშვილთან ერთად მგალობელთა გუნდი ჩამოაყალიბა, რომელიც ყოველი წირვის დროს სხვადსახვა საგალობლებს ასრულებდა. დავითმა, მისი საცხოვრებელი ბინის სიახლოვეს, მიტოვებულ საეკლესიო სკოლაში, სხვების დახმარებით აღადგინა და ჩამოაყალიბა შინაურული სკოლა, სადაც საეკლესიო წეს-ჩვეულებების გარდა სიმღერასაც ასწავლიდა. ამავე პერიოდში იგი სანდრო კავსაძის მიერ ჩამოყალიბებულ ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლში მონაწილეობდა, სადაც იმ დროს ვანო სარაჯიშვილიც მღეროდა. მაგრამ, ოჯახის ეკონომიური მდგომარეობის გამო, ამ ანსამბლში იგი დიდხანს არ დარჩენილა.

    1897 წელს, პირადი განცხადების საფუძველზე, კარდენახის ფერისცვალების სახელობის ეკლესიაში მედავითნედ გადავიდა. 

   1900 წელს სიღნაღის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში გადაიყვანეს და პარალელურად, სიღნაღის სამოქალაქო სასწავლებელში მასწავლებლის წოდებაზე გამოცდები ჩააბარა. აქ მას საღვთო სჯულს მთავარხუცესი, დეკანოზი სვიმონ ბეგიაშვილი უკითხავდა, რომელსაც ძალიან მოსწონდა ახალგაზრდა, ნიჭიერი მოსწავლე, რომელმაც რუსული კარგად იცოდა, შესანიშნავი კალიგრაფიაც ჰქონდა და რუსულად აწერიებდა საეკლესიო საბუთებს. დავითმა სიღნაღში 1902 წლამდე იმსახურა და შემდეგ ბაკურციხის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.

   1904 წელს დავითმა ქების ფურცელი დაიმსახურა და იმავე წელს დუშეთის მაზრის სოფელ სიონში მოხევეთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლაში გადაიყვანეს.

    1905 წელს, მთავარხუცეს სვიმონ ბეგიაშვილის დახმარებით, დავითმა სამღვდელო კომისიას გამოცდები ჩააბარა და 1906 წელს ალავერდელმა ეპისკოპოსმა პეტრემ (კონჭოშვილი) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და ბორჩალოს მაზრის, ყალამშის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვრად გააგზა. ადგილობრივი მრევლი დიდად გაახარა ახალგზარდა და ენერგიული მოძღვრის ჩასვლამ. გამოცოცხლდა საეკლესიო ცხოვრება, რაშიც დიდი წვლილი მამა დავით ქოქიაშვილს მიუძღოდა. დავითს ცოლად ჰყავდა ნინო სოლომონის ასული ნასიძე, რომელიც ყველა წამოწყებაში მხარში ედგა მეუღლეს. მათ ოჯახში იკრიბებოდა ადგილობრივი პროგრესულად მოაზროვნე ინტელიგენციის წარმომადგენლები.

   1907 წელს მღვდელი დავითი, ბორჩალოს მაზრის მე-6 ოლქის სამღვდელოებამ სამთავარხუცესო საბჭოს წევრად აირჩი, სადაც მან სამი წელი იმსახურა.

   1908 წელს მამა დავითი სიღნაღის მაზრის, სოფელ მაშნაარის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში გადაიყვანეს, სადაც პარალელურად სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.   

   1913 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1921 წელს კომუნისტური რეჟიმის დამყარების დროს იგი შემთხვევით გადაურჩა სიკვდილით დასჯას.

   1922 წელს მამა დავითი ისევ იხსენიება მაშნაარის ტაძრის წინამძღვრად. სავარაუდოთ, მან ამავე წლის ბოლოს ანაფორა გაიხადა და მაშნაარის სკოლაში პედაგოგად დაიწყო მუშაობა. გარდაცვალებამდე პატიოსნად და კეთილსინდისიერად მუშაობდა არაერთ სამოქალაქო სამსახურში. 

   მამა დავით ქოქიაშვილი გარდაიცვალა 1958 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სიღნაღის განყოფილების წევრი (1910-)

გააზიარე: