The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ალექსანდრე ხიტუს ძე ჩიქავა

ალექსანდრე ხიტუს ძე ჩიქავა
Date of birth:1882
Date of death:31 August, 1924  (at 42 years)
Burial location:უცნობია (დახვრეტილი)
Category:Founding member, Educator, Politician, Repressed

Biography

     ალექსანდრე ჩიქავა დაიბადა 1882 წელს ზუგდიდის მაზრის სოფელ შამგონაში, აზნაურის ოჯახში. ქუთაისში დაამთავრა სამოქალაქო სასწავლებელი და სამეურნეო სკოლა, ხოლო 1902 წლიდან მასწავლებლად მუშაობდა.

    1905 წლიდან ალექსანდრე ჩიქავა გახლდათ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის „მენშევიკების ფრაქციის“ წევრი, პარტიის სამეგრელოს კომიტეტის წევრი და აქტიური ორგანიზატორი. მეფის რეჟიმის დროს, 1905, 1906 და 1913 წლებში, რევოლუციური საქმიანობის გამო რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ კი 1917 წლამდე  ზუგდიდში პოლიციის ღია ზედამხედველობის ქვეშ ცხოვრობდა.

   1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით და იყო თვითმმართველობის კომისიის წევრი.

    1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ ალექსანდრე საქართველოში დარჩა და წინააღმდეგობის მოძრაობაში იყო ჩართული. პარალელურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიურ ფაკულტეტზე სწავლობდა და სოფელ წყნეთში პელაგია მეუნარგიას შრომის სკოლის გამგედ მუშაობდა. ასევე იძლეოდა  კერძო გაკვეთილებსაც.

     1924 წელს მეოთხე კურსის სტუდენტი ალექსანდრე ჩიქავა, რომელიც სახელმწიფო გამოცდებისთვის ემზადებოდა, წინააღმდეგობის მოძრაობაში მონაწილეობისთვის დააკავეს. მან განცხადებით მიმართა საქართველოს სსრ საგანგებო კომისიის თავმჯდომარეს, რომ გასაბჭოების შემდეგ პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოსცილდა და მთლიანად სწავლით იყო დაკავებული. დაპატიმრების დღიდან მოყოლებული, მისთვის უცნობი იყო, თუ რა ბრალდება ჰქონდა წაყენებული და ითხოვდა საქმის გამოძიების დაჩქარებას, თუმცა უშედეგოდ.

     1924 წლის 19 მაისს საგამოძიებო ჯგუფმა განიხილა ალექსანდრე ჩიქავას საბრალდებო საქმე და როგორც პოლიტიკურად არასაიმედო პიროვნებას, 3 წლით ციხეში პატიმრობა დაუდგინა. იგი მოთავსებული იქნა მეტეხის N2 „გამასწორებელ სახლში“.

    1924 წლის 28 აგვისტოს ანტისაბჭოთა შეიარაღებული აჯანყების დაწყების შემდეგ,  ალექსანდრე ჩიქავა სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად თბილისში დახვრიტეს. სავარაუდოდ, 30 აგვისტოს ღამით.

Member of Organizations

  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი (1905-)
  • საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების ნამდვილი წევრი (1915-)

Share: