The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ნიკოლოზ (კოკი) ნიკოლოზის ძე დადიანი (თავადი)

ნიკოლოზ (კოკი) ნიკოლოზის ძე დადიანი
სხვა სახელი:წყემელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:19 თებერვალი, 1878
გარდაცვ. თარიღი:1939  (60 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საფრანგეთი, ლევილის ქართული სასაფლაო
კატეგორია:მწერალი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

     კოკი დადიანი დაიბადა 1878 წლის 19 თებერვალს სენაკის მაზრის სოფელ წყემში. მამა, რომელსაც ასევე ნიკოლოზი ერქვა, ცნობილი სამხედრო მოღვაწე იყო, დედა - თამარ შარვაშიძე კი აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის მიხეილ შერვაშიძის ქალიშვილი და პოეტ გიორგი შერვაშიძის და გახლდათ. მამა ადრე გარდაეცვალა და პატარა ნიკოლოზი ბიძის, ივანე დადიანის ოჯახში იზრდებოდა. 10 წლამდე სოფლის სკოლაში დადიოდა, ოჯახში მის აღზრდა–განათლებას ხელმძღვანელობდა პოლონელი ემიგრანტი დომბროვსკი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა მოზარდის ჩამოყალიბებაში. ნიკოლოზი მუდამ სიყვარულით იგონებდა თავის აღმზრდელს, რომელმაც შეაყვარა წიგნი და რაც მთავარია, ადამიანი. შემდგომში სწავლა განაგრძო ქუთაისის გიმნაზიაში, რომელიც არ დაუსრულებია.

      1895 წელს, 17 წლის ასაკში, კოკი დადიანმა ჯვარი დაიწერა ნინო მიქელაძეზე, რომელთანაც ეყოლა ხუთი შვილი: მიხეილი, მერი, ნიკოლოზ, ბაბო და დემნა. ოჯახი დასახლდა სოფელ წყემში.  1905 წელს გარდაიცვალა ნინო მიქელაძე  (მშობიარობას გადაჰყვა) და 1911 წელს დაქვრივებული კოკი დადიანი მეორედ დაქორწინდა მერი სვიმონის ასულ წერეთელზე, ვისთანაც კიდევ სამი შვილი შეეძინა: გიორგი, ქეთევანი და სვიმონი.

     სენაკის მაზრის თავადაზნაურობის მარშლად კოკი დადიანი სრულიად ახალგაზრდა ასაკში აირჩიეს, ჯერ ოცი წლისაც არ იყო. შემდეგ კიდევ ექვსჯერ აირჩიეს ამ თანამდებობაზე და ყოველთვის პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას.

       1904 წელს „პეტერბურგსკიე ვედომოსტის“ იანვარ–თებერვლის ნომერში დაიბეჭდა კოკი დადიანის პოლემიკური წერილი ვოსტორგოვის წინააღმდეგ. დეკანოზი ივანე ვოსტორგოვი კავკასიის მთავარმართებლის დავალებას ასრულებდა, ცდილობდა მეგრული ანბანის შემოღებას და ავტონომიის ჩამოყალიბებას. თავადაზნაურთა ახალგაზრდა წინამძღოლმა დამაჯერებელი არგუმენტებით, მოსახლეობის სახელით, თანამოაზრეებთან ერთად სასტიკად გაილაშქრა ვოსტორგოვის წინააღმდეგ და ცარიზმის ეს მზაკვრული გეგმა ჩაიშალა.

       1917 წლამდე კოკი დადიანი იყო ფედერალისტების პარტიის წევრი, შემდეგ გაერთიანდა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში. მას უშუალო კავშირი ჰქონდა საზღვარგარეთ მოქმედ „საქართველოს გამათავისუფლებელ კომიტეტთან“.  1917 წელს „დამოუკიდებლობის კომიტეტმა“ წყალქვეშა ნავით „UB-42“ საქართველოში შემოიტანა დიდძალი იარაღი, რომელიც კოკი დადიანის ნოსირის მამულში ინახებოდა. საქართველოს დამოუკიდებლობის ხანაში კოკი დადიანი მსახურობდა დავით მიქელაძის ასეულში და აქტიური მონაწილეობა მიიღო იმ პერიოდის ყველა ანტიეროვნული ამბოხების ჩაქრობაში.

      1921 წლის 18 მარტს, ბოლშევიკების შემოჭრის შემდეგ, კოკი დადიანმა მეუღლესთან, უფროს ვაჟთან და უმცროს შვილებთან ერთად საქართველო დატოვა და პარიზში დასახლდა. კოკი სიცოცხლის ბოლომდე იქ ცხოვრობდა. იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართულ ემიგრანტულ ცხოვრებაში, იყო პატრიოტული ორგანიზაციების: „თეთრი გიორგისა“ და „ქართლოსის“ წევრი. მისი ლექსები, მოგონებები და წერილები „წყემელის“ ფსევდონიმით იბეჭდებოდა ემიგრანტულ პრესაში. კოკი დადიანის პოეზიის მთავარი თემა სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და მისთვის თავდადება იყო, მისი ყველა ლექსი განმსჭვალულია საოცარი პატრიოტული ლირიზმით,  სევდითა და გულისტკივილით.

   კოკი დადიანს არაერთი ცნობილი შთამომავალი დარჩა, მათ შორის მიხეილი,  მოქანდაკე სვიმონი, ბაბო, რომელმაც საქართველოში 1937 წლის რეპრესიები იწვნია. მიხეილს თბილისის იუნკერთა სკოლა ჰქონდა დამთავრებული, იყო პირველი ქართული სამხედრო ნაწილის, ცხენოსანთა ასეულის წევრი და  იბრძოდა კოჯორ-ტაბახმელასთან. ემიგრაციაში წასვლის შემდეგ მსახურობდა პოლონეთის ჯარში.

     1976 წელს პარიზში გამომავალ ჟურნალ „კავკასიონში“ დაიბეჭდა მიხეილ დადიანის მოგონებები „რაც მახსოვს“, სადაც მოთხრობილია მის ბავშვობაზე, წინაპრებზე, ქართულ ჯარზე და საქართველოს ოკუპაციაზე. II მსოფლიო ომის დროს იგი ბერგმანის ბატალიონის ლეიტენანტი იყო და საბჭოთა რეჟიმის დამარცხებაზე ოცნებობდა. პარადოქსია, რომ ამავე დროს კოკი დადიანის უმცროსი შვილი, მოქანდაკე სვიმონ დადიანი, ევროპაში მოქმედ ამერიკელთა დესანტის შემადგენლობაში გერმანელი ფაშისტების წინააღმდეგ იბრძოდა, ხოლო დისშვილი გიორგი საქართველოს მხრიდან მონაწილეობდა სამამულო ომში გერმანელთა წინააღმდეგ. მიხეილ დადიანი  და მისი მეუღლე თინა გომართელი ვაშინგტონში, კენედის სასაფლაოზეა დაკრძალული.

      რეპრესია განიცადა საქართველოში დარჩენილი კოკი დადიანის უფროსი ქალიშვილის ბაბო დადიანის ოჯახმა. 1937 წელს დახვრიტეს მისი მეუღლე, ლონდონში განათლება მიღებული სამთო ინჟინერი ალიოშა მასხარაშვილი. თავადაც გამოასახლეს ბინიდან... რამდენიმე წლის შემდეგ კი  შვილებთან ერთად, ეტაპით გადაასახლეს. გავიდა დრო და ორმოცდასამწლიანი განშორების შემდეგ ბაბო დადიანმა თავისი და-ძმები საფრანგეთში მოინახულა. სან-ფრანცისკოდან პარიზში  საგანგებოდ ჩავიდა უმცროსი ძმა სიმონიკა დადიანიც.

      ბაბო დადიანმა საფრანგეთიდან ჩამოიტანა კოკი დადიანის გადარჩენილი მემკვიდრეობის ნაწილი (ხელნაწერები, ფოტოები, პირადი წერილები), რომელიც შთამომავლებმა საჩუქრად გადასცეს  საქართველოს ტელევიზია „ერთსულოვნებას“, რომელიც ბაბო დადიანის ოთახ-მუზეუმშია დაცული.

    1939 წელს, აღდგომა დღეს, 61 წლის კოკი დადიანი პარიზში გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია ლევილის მამულში  და მის საფლავს ასეთი ეპიტაფია ამშვენებს: „მითხარ შენდობა და ჩემს მხარესა, როცა უამბობ ამბებს მწარესა, სთქვი, რომ იხილე წარწერა ლოდზე: „ძვლებიც კი ჰფიქრობს საქართველოზე“.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სენაკის მაზრის თავადაზნაურობის მარშალი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სენაკის განყოფილების ნამდვილი წევრი (1915-)

გააზიარე: