The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ბარნაბა პავლეს ძე ძველაია

ბარნაბა პავლეს ძე ძველაია
სხვა სახელი:ბ. ნოსირელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1880
გარდაცვ. თარიღი:28 ნოემბერი, 1937  (57 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:უცნობია (დახვრეტილი)
კატეგორია:დამფუძნებელი წევრი, პოლიტიკოსი, რეპრესირებული

ბიოგრაფია

      ბარნაბა ძველაია დაიბადა 1880 წელს სენაკის მაზრის სოფელ ნოსირში, გლეხის ოჯახში. დაწყებითი განათლება სოფლის სკოლაში მიიღო.

     1895 წელს იგი დაუკავშირდა აბაშაში დაარსებულ სამკითხველოსთან მოქმედ მარქსისტულ ჯგუფს და წრის წევრებმა არალეგალურად დაიწყეს ხელნაწერი ჟურნალის გამოშვება, რის გამოც, ბოქაულის მოთხოვნით,  სხვა წევრებთან ერთად  ბარნაბა  აბაშიდან ადმინისტრაციული წესით გააძევეს.

     1903 წელს ბარნაბა ძველაიას ინიციატივით სენაკის მაზრის სოციალ-დემოკრატიულმა ორგანიზაციებმა კავშირი გააბეს რსდმპ ბათუმის კომიტეტთან. მაზრის ადმინისტრაციისა და პოლიციის დევნის გამო იგი არალეგალურად ცხოვრობდა.

     1905 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის „მენშევიკების ფრაქციის“ წევრი და თანამშრომლობდა პრესაში. იგი აქტიურად მონაწილეობდა სამეგრელოში 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში.

    1918 წელს აირჩიეს სენაკის სამაზრო ერობის ხმოსნად.

    1919 წლის 12 მარტს ბარნაბა ძველაია აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით და მუშაობდა აგრარული კომისიაში.

    1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ საქართველოში დარჩა და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ („ჩეკა“) ბარნაბა ძველაია პირველად 1922 წელს დააპატიმრა არალეგალური კონტრრევოლუციური საქმიანობის ბრალდებით. 1922 წლის ბოლოდან ბოლშევიკურმა რეჟიმმა საკუთარ სპეცსამსახურზე დაყრდნობით დაიწყო მასობრივი ზეწოლა მოწინააღმდეგე პარტიათა წევრებზე. ბარნაბამ 1923 წლის 21 იანვარს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის დატოვების შესახებ პრესაში განაცხადა, რის შემდეგაც პატიმრობიდან გაათავისუფლეს, მაგრამ ციხიდან განთავისუფლების შემდეგ იგი კვლავ ჩაება იატაკქვეშა მოძრაობაში.

    1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების დროს ბარნაბა ძველაია იყო ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი სამეგრელოში. აჯანყების დამარცხების შემდეგ კვლავ  დააპატიმრეს, პატიმრობიდან კი ამნისტიით გაათავისუფლეს. შემდგომ წლებში ცხოვრობდა მშობლიურ სოფელში და მუშაობდა საკუთარ მეურნეობაში.

    1937-1938 წლების დიდი საბჭოთა ტერორის დროს საქართველოს სსრ შინსახკომმა ძალისმიერი მეთოდებით ზეწოლით მოახერხა მიეღო აღიარებითი ჩვენებები საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის და სხვა მოწინააღმდეგე პარტიების ყოფილი ლიდერებისაგან, მათ შორის დამფუძნებელი კრების დეპუტატებისაგან, რომელთა თანახმადაც საქართველოში არსებობდა კონტრრევოლუციური პარტიული „ცენტრები“ (მენშევიკების, ესერების, ფედერალისტების...), რომლებიც კვლავ გაერთიანდნენ „პარიტეტულ კომიტეტში“ და მიზნად დაისახეს საბჭოთა სახელმწიფოს დამხობა შეიარაღებული გადატრიალებისა და უცხოეთიდან სამხედრო ინტერვენციის გზით. 1937 წელს ბარნაბა ძველაია სენაკის და აბაშის რაიონებში მოქმედი „მენშევიკური კონტრრევოლუციური ორგანიზაციის“ წევრობის ბრალდებით და „ტროცკისტულ“ ორგანიზაციებთან კავშირისთვის დააპატიმრეს.

    1937 წლის 27 ნოემბერს, საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე. წ. „ტროიკა“), დახვრეტა მიუსაჯა. განაჩენი 28 ნოემბრის ღამეს იქნა სისრულეში მოყვანილი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, „მენშევიკების ფრაქციის“ წევრი (1905-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სენაკის განყოფილების ნამდვილი წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1921-)

გააზიარე: