The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



გიორგი გრიგოლის ძე ნათაძე

გიორგი გრიგოლის ძე ნათაძე
ოფიციალური სახელი:გიორგი გრიგოლის ძე ნათიძე
დაბადების თარიღი:1870
გარდაცვ. თარიღი:1946  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

   გიორგი ნათაძე დაიბადა 1870 წელს გორის მაზრის სოფელ მერეთში ღარიბი დიაკვნის ოჯახში. ბავშვობა გაატარა სოფელ მუხრანში, სადაც მამამისი მუდმივ საცხოვრებლად გადავიდა. პატარა გიორგის წერა–კითხვა სახლში დედამ ასწავლა და მუხრანის სასოფლო სკოლაში მიაბარეს, რის შემდეგაც თბილისის სასულიერო სასწავლებელში ჩააბარა, რომლის დამთავრების შემდეგ სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა. სემინარია 1893 წელს დაამთავრა და მასწავლებლობა დაიწყო. სხვადასხვა დროს გიორგი ნათაძე მასწავლებლად მუშაობდა სოფელ ალში, სტეფანწმინდაში და პანკისში.ნაყოფიერი აღმოჩნდა მისი სტეფანწმინდაში მუშაობის პერიოდი. იგი დაუახლობდა გლეხობას, გახსნა მათთვის სამკითხველო სახლი, უკითხავდა ჟურნალ-გაზეთებს, მართავდა საღამო-წარმოდგენებს. იგი მთელი სულითა და გულით ცდილობდა სკოლის წარმატებას. სტეფანწმინდაში მან შეაგროვა მდიდარი ფოლკლორული მასალა: ლექსები, ლეგენდა–თქმულებები, ზღაპრები, ანდაზები, სახალხო თამაშობანი და სხვები, რომლებიც შემდეგ ცალკე წიგნად გამოიცა. მან შეაგროვა ბიოგრაფიული მასალები ალექსანდრე და დიმიტრი ყაზბეგების შესახებ.

    1898 წლიდან გიორგი ჩრდილოეთ კავკასიაში, ქალაქ ვლადიკავკაზში ქართული სკოლის მასწავლებლად გადაიყვანეს, ამავე სკოლასთან არსებული ქართული ეკლესიის მოძღვრად დანიშნეს და სასულიერო სასწავლებელში ქართულ განყოფილებაში ქადაგება დაევალა. აი, რას წერდა გაზეთი "ივერია" ამასთან დაკავშირებით: "კავკავის ქართველობა ამ ჟამად დიდს სამზადისშია. ყოვლადუსამღვდელომ, კავკავისა და მოზდოკის ეპისკოპოსმა ვლადიმერმა დღეს, პირველ ნოემბერს უნდა აკურთხოს ახლად აგებული ეკლესია ქართველებისათვის, "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების" სკოლასთან აშენებული ამ ზაფხულში. ერთი სიტყვით, დიდად სასახელო საქმე დააგვირგვინა ამ სამის თვის განმავლობაში კავკავის ქართველთა მცირე საზოგადოებამ, რომელიც ასე ბეჯითად მიდის წარმატების მხრივ". 

    მამა გიორგი იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" კავკავის განყოფილების მდივანი. ხშირად აწვდიდა საჭირო ცნობებს და ანგარიშებს კავკავში მუშაობის შესახებ ილია ჭავჭავაძეს და გაზეთ "ივერიაშიც" აქტიურად თანამშრომლობდა. მამა გიორგის სახელთანაა დაკავშირებული კავკავის ქართულ სკოლასთან ქართული თეატრის დარბაზის აღმშენებელი კომიტეტის დაფუძნება, რაზედაც მან დიდი მუშაობა გასწია და შეაგროვა უამრავი შეწირულება ამ საქმისთვის. მისი თაოსნობით კავკავში შედგა სცენისმოყვარულთა წრე, რომელშიც მონაწილეობდნენ: ელო ანდრონიკაშვილი, არჩილ ავალიშვილი, ნიკო კურდღელაშვილი, თომა სარაჯიშვილი, კოწია კახიანი და სხვები. მღვდელი გიორგი ხშირად მართავდა საღამო-წარმოდგენებს და მთელ შემოსავალს დახმარებისა და სტიპენდიდების სახით უგზავნიდა ახალგაზრდა ნიჭიერ და ხელმოკლე ქართველებს. ამას ადასტურებს პოეტ იოსებ გრიშაშვილის ღია წერილი, რომელიც მას მამა გიორგისთვის 1915 წლის 7 აპრილს მიუწერია კავკავში  (წერილი დაცულია  ლიტერატურის მუზეუმში).

   გიორგი ნათაძემ თავისი პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ყველაზე დიდი დრო კავკავის ქართველი მოსახლეობის ერთგულ სამსახურში გაატარა. იგი კავკავში 35 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა და ხალხის უზომო პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა. მასთან ხშირად თავს იყრიდნენ კავკავში მყოფი ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლები: იასონ ლორთქიფანიძე, მოსე კალანდარაშვილი, იასონ მოზდოკელოვი, იოსებ შვილიევი და სხვები. როცა 1908 წელს ცნობილმა დიდმა ქართველმა პედაგოგმა ლუარსაბ ბოცვაძემ, ამ სკოლაში თოთხმეტწლიანი მოღვაწეობის შემდეგ ჟურნალ "განათლების" თავკაცად გახდომის გამო კავკავი დატოვა, სკოლის პატრონობა გიორგი ნათაძემ ითავა. 

    1917 წლის 8-17 სექტემბერს, როგორც ქალაქ კავკავის (ვლადიკავკაზი) ქართველთა ჯგუფის ოფიციალური წარმომადგენელი იგი საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებას ესწრებოდა

    1929 წელს კავკავის ეკლესია დაიხურა და სხვა ეკლესიას შეუთავსეს. მამა გიორგიმ ანაფორა გაიხადა, რადგან მისი მღვდლობით თავის შვილებს სწავლასა თუ სამსახურში ხელი ეშლებოდათ, მაგრამ სკოლასა და თეატრზე ზრუნვა მაინც არ შეუნელებია.

     მღვდელი გიორგი ნათაძე მოხუცებულობის ჟამს, 1933 წელს კავკავიდან თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ერთხანს მუშაობდა საქართველოს სსრ სახელმწიფო მუზეუმში მეცნიერ-მუშაკად, ხოლო ბოლოს ლიტერატურის მუზეუმში მთავარ შემნახველად. პედაგოგიური და საზოგადოებრივი დამსახურებისთვის მას პერსონალური პენსია დაენიშნა.

     გიორგი ნათაძემ უაღრესად მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა დატოვა. მის კალამს ეკუთვნის მრავალი დაბეჭდილი და დაუბეჭდავი წერილი, სტატია, გამოკვლევა, მონოგრაფია, მოგონება, ნარკვევი: "ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი", "ქართული ლექსიოგრაფია", "ძველი ხელნაწერების აღწერილობა", "ალექსანდრე ყიფშიძის დღიური", "მოგონება ვაჟა-ფშაველაზე", "ფშაური, გუდამაყრული და მოხეური ლექსები", "ქართული სახელმძღვანელოები მე-19 ს-ში", "საქართველოს კულტურული კვალი ჩრდილოეთ კავკასიაში" (ეს ნაშრომი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში), მონოგრაფიები: "დავით ბატონიშვილზე", "იოანე ბატონიშვილზე".  მის კალამს ეკუთვნის აგრეთვე "ხალხური ლექსები და ზღაპრები" და "ბავშვთა ხალხური თამაშობანი საქართველოში". 

    გიორგი ნათაძე გარდაიცვალა 1946 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი (1915-1917)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობის მდივანი (1909-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების კავკავის განყოფილების ნამდვილი წევრი (1909-1917)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: