The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ივანე სოფრომის ძე ტყეშელაშვილი

ივანე სოფრომის ძე ტყეშელაშვილი
დაბადების თარიღი:1 აგვისტო, 1864
გარდაცვ. თარიღი:1942  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:ფოტოგრაფი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

    ივანე ტყეშელაშვილი დაიბადა 1864 წლის 1 აგვისტოს ქუთაისის გუბერნიის სოფელ მაღლაკში გლეხის ოჯახში.

    1874 წელ ჩაირიცხა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, რომელიც არ დაუმთავრებია ისე გაემგზავრა თბილისში, სადაც მუშაობა დაიწყო აივაზოვის აფთიაქში. ერთი წლის შემდეგ იგი გაემგზავრა ბაქოში, სადაც შეგირდად მოეწყო ვიტუშინსკის აფთიაქში. შეგირდობის პერიოდი სამი წელი გარძელდა, რის შემდეგაც ივანე გაემგზავრა მოსკოვში და გამოცდები ჩააბარა უნივერსიტეტში აფთიაქარის თანაშემწის თანრიგზე. თავდაპირველად პრაქტიკა გაიარა პეტერბურგში ვენცელის აფთიაქში და კვლავ მოსკოვში დაბრუნდა, სადაც უნივერსიტეტში სწავლა გააგრძელა. მოსკოვის უნივერსიტეტის წარმატებით დამთავრების შემდეგ მიიღო პროვიზორის ჩინი. თავისი სპეციალობის პარალელურად ივანე ტყეშელაშვილი დაინტერესდა ფოტოხელოვნებით. 1897 წელს იგი არჩეული იქნა რუსეთის ფოტოგრაფიული საზოგადოების ნამდვილ წევრად და მოსკოვში გახსნა საკუთარი პატარა ატელიე, სადაც ექსპერიმენტებს ატარებდა ფოტოგრაფიულ ქიმიაში.

    1899 წლის 1 მაისს მოსკოვის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ივანე ტყეშელაშვილს საზეიმო ვითარებაში გადაეცა ფარმაციის მაგისტრის ხარისხი და ახალგაზრდა აფთიაქარი „ფერეინის“ ცნობილი კომპანიისგან იღებს მომხიბვლელ წინადადებას ერთ–ერთ წამყვან აფთიაქში ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის გახსნის თაობაზე. პარალელურად ტყეშელაშვილი იწყებს ქიმიის, ფარმაციისა და ლათინური ენის მასწავლებლად მუშაობას „Иверской общине Сестёр Милосердия“. 

     1898 წელს ივანე ტყეშელაშვილმა ჩაატარა მეცნიერული ექსპედიცია ჩრდილოეთ კავკასიაში და  1899 წელს   ამხანაგობა "И.Н. Кушнарев и К"–ში დაბეჭდა თავისი გზამკვლევი  სათაურით "От Владикавказа до Кутаиса: путеводитель по Военно-Осетинской дороге. Записки экскурсанта", სადაც დაწვრილებით იყო აღწერილი ჩრდილოეთ ოსეთისა და საქართველოს ფლორა და ფაუნა, დადასტურებული თავისივე გადაღებული ფოტოებით. 1899 წელს „რუსული ფოტოგრაფიული საზოგადოების“ მიერ ჩატარებულ მე–2 კონკურსზე, ამ გზამკვლევისთვი, ივანე ტყეშელაშვილი საპატიო სიგელით დაჯილდოვდა.

      1900 წლის 11 ოქტომბერს ივანე ტყეშელაშვილმა  „რუსული ფოტოგრაფიული საზოგადოების“  კრებაზე წაიკითხა მოხსენება თემაზე: "Краткий отчёт о фотографической экскурсии по Кавказу" და წარმოადგინა ექსპედიციის დროს გადაღებული დიაპოზიტივები.

    1901 წელს ივანე ტყეშელაშვილმა შეადგინა და „რუსეთის ფოტოგრაფიულ საზოგადოებაში“  წაიკითხა ფოტოგრაფიული ქიმიის კურსი. მომდევნო წელს იგივე „ფერეინის“ ფირმის შეთავაზებით ფარმაკოლოგიური სკოლა დააარსა აფთიაქარი მოსწავლეებისთვის, სადაც ცნობილი ფარმაკოლოგები ასწავლიდნენ. 1902 წელს ტყეშელაშვილი უნივერსიტეტში „პრაქტიკული ფარმაკოლოგიის“ კურსის წასაკითხად მიიწვიეს.

     ფარმაკოლოგიის პარალელურად ივანე ტყეშელაშვილს მოსვენებას არ აძლევდა ფოტოგრაფია და კავკასია. სააფთიაქო საქმიანობასთან დაკავშირებულ წიგნებთან ერთად მან გამოსცა გზამკვლვები:  "Военно-Осетинская дорога", "Военно-Сухумская дорога", "Военно-Грузинская дорога". ყველა გზამკვლევში გამოყენებული იყო მისი ფოტოები. ასევე გამოსცა ეთნოგრაფიული შინაარსის წიგნი სვანეთზე.

     1904 წელს ივანე ტყეშელაშვილი საცხოვრებლად ესენტუკში გადასახლდა და გახსნა საკუთარი აფთიაქი. ამ პერიოდში იგი ბევრს მოგზაურობდა და იღებდა ფოტოებს. გახსნა პატარა ფოტოლაბორატორიები ვლადიკავკაზსა და ესენდუკში და გამოაქვეყნა განცხადება: „Г-да члены Русского фотографического общества, посещающие Кавказские Минеральные воды и желающие пользоваться лабораторией и тёмной комнатой, могут пользоваться таковыми у д. чл. О-ва Ивана Софроновича Ткешелашвили, Эссентуки, Главная курсовая, д. И.Зимина“.

    1905 წელს დაიბეჭდა ტყეშელაშვილის ერთ–ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი წიგნი – "Краткая история Русской аптеки".

     ესენტუკში ცხოვრების პერიოდში იგი მჭიდრო კავშირში იყო ცნობილ ფოტოგრაფ გრიგორი რაევთან და გამოდის ინიციატივით, რათა შეიქმნას ქალაქის კეთილმოწყობის საზოგადოება. რედაქტირებას უკეთებს ილუსტრირებულ გზამკვლევს – "Курорт Ессентуки". მისი სახლი ესენტუკში დღემდე  კულტურის ძეგლად არის გამოცხადებული და იცავს სახელმწიფო.

     1909 წლიდან ივანე ტყეშელაშვილი რამდენიმე წლით საცხოვრებლად გადადის ვლადიკავკაზში, სადაც გამოდის „რუსეთის სამთო საზოგადოების“ ფილიალის შექმნის ინიციატივით და აწყობს ექსპედიციებს.

    1917 წელს ესენტუკში დაბრუნებული ივანე ტყეშელაშვილი სათავეში უდგება დროებითი მთავრობის ორგანოს სამოქალაქო აღმასრულებელ კომიტეტს, მაგრამ მალევე ტოვებს ამ პოსტს, რადგანაც მის ლაბორატორიას ჩაუტარდა ნაციონალიზაცია, თუმცა თავად ტყეშელაშვილი არ დაზარალებულა.

     1919 წელს ივანე ტყეშელაშვილი სამშობლოში ბრუნდება,  მკვიდრდება თბილისში და ზემელის აფთიაქთან ხსნის ქიმიურ–ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიას.

    1924 წლიდან უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციების კურსს ფარმაკოლოგიაში, სხვადასხვა დროს მუშაობდა: ქიმიკოსად  „სახკურორტში“,  „სოციალური ჰიგიენის ინსტიტუტში„ და „სუბტროპიკული კულტურებისა და ფარმაკოლოგიის ტექნიკური ნედლეულის საკავშირო ინსტიტუტში“, მაგრამ პარალელურად თავს არ ანებებდა საყვარელ საქმესა და ფოტოგრაფიას.

   1931 წელს სახელმწიფო კინო–ინდუსტრიის დავალებით იგი ხელმძღვანელობდა ფილმის - „Флора Грузии или знойный Юг“ გადაღებებს.  სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა და სწავლობდა   კავკასიის სამკურნალო და შხამიან მცენარეებს და ამ თემაზე დაბეჭდილი აქვს რამდენიმე მონოგრაფია. მის სახელს უკავშირდება რამდენიმე გამოგონება სამრეწველო ქიმიასა და ფოტოგრაფიულ ქიმიაში.

      ივანე სოფრომის ძე ტყეშელაშვილი გარდაიცვალა 1942 წელს და დაკრძალულია თბილისში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების კავკავის განყოფილების ნამდვილი წევრი (1909-)

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:თბილისი, კამოს ქ. N105

გააზიარე: