The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ვლადიმერ ყურუა

ოფიციალური სახელი:ვლადიმერ ოტიას ძე ყურაშვილი
დაბადების თარიღი:1879  (139 წლის)
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

ყურუა/ყურაშვილი ვლადიმერ ოტიას ძე (1879, სოფ. მოხაში, სენაკის მაზრა, ქუთაისის გუბერნია _ 1929 წლის შემდეგ) _ მღვდელი. დაიბადა აზნაურ ოტია და ნინო დავითის ასულ ყურუების ოჯახში. ჰყავდა დედმამიშვილები: მღვდ. სტეფანე (დაბ. 1881წ.), ალექსანდრე (დაბ. 1888წ.), ივლიტა (დაბ. 1896წ.), აგრაფინა (დაბ. 1899წ.). 1896 წელს დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი. 1898 წელს ამავე სასწავლებელთან არსებულ სპეციალურ კომისიას ჩააბარა გამოცდები და მიიღო მასწავლებლის მოწმობა. 1898 წელს კიწიის ერთკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლის პედაგოგად დაინიშნა. 1899 წელს ქუთაისის სასულიერო სემინარიასთან არსებულ სპეციალურ კომისიას ჩააბარა გამოცდები და მიიღო მედავითნის მოწმობა. 1899 წელს დიდი ზანის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში გადაიყვანეს. 1900 წელს თბილისში პედაგოგთა კურსებზე გაიგზავნა, რის შემდეგაც აღმოსავლეთ საქართველოში დარჩა და სართიჭალის სკოლის პედაგოგად დაინიშნა. 1902 წელს, თავისი თხოვნით, ზუგდიდის მაზრაში, სოფ. საჩინოს სკოლაში გადაიყვანეს. 1903 წელს ნაგუროვოს წმ. გიორგის სახ. ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1908 წელს გათავისუფლდა მასწავლებლობიდან და სპეციალურ კომისიას ჩააბარა გამოცდები მღვდლის ხარისხის მისაღებად. 1910 წლის 13 დეკემბერს პირველი ფოცხოს მთავარანგელოზთა ტაძარში გადაიყვანეს. 1911 წლის 15 აგვისტოს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ქოროპირიძე) დიაკვნად აკურთხა და მოხაშის წმ. გიორგის ტაძარში დაადგინა. 1911 წლის 1 ოქტომბერს მღვდლად დაასხა ხელი და ამავე ტაძარში დანიშნა. 1922 წლის ივნისში კომუნისტების მიერ ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს ისევ მოხაშის ტაძრის წინამძღვრად იხსენიება. 1926 წლის 2 აპრილსა, 1928 წლის 16 ივლისს და 1928 წლის 1 სექტემბერს შედგენილ ჭყონდიდის ეპარქიის სამღვდელოების აღწერაში კიწიის ოლქის, სოფ. მეორე ფოცხოს მთავარანგელოზთა სახ. ტაძრის წინამძღვრად ჩანს. 1929 წლის 1 სექტემბერს ჭყონდიდის ეპარქიიდან საკათოლიკოსო კანცელარიაში გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ: `კიწია, ალავერდისა და მარტვილის ოლქებიდან ეკლესიებზე არავითარი ცნობები არ მოდის, ამიტომ ისინი დახურულად უნდა ჩაითვალოს~. იგივე ვითარებაა მომდევნო წლებში, რაც გვაძლევს საფუძველს რომ, 1929 წლიდან ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შედეგად მღვდ. ვლადიმერმა თავი დაანება ღვთისმსახურებას. მისი შემდგომი ბედი უცნობია. მეუღლე ფოტინე ესავის ასული (დაბ. 1894წ.) და შვილი: მარიამი (დაბ. 1909წ.). 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სენაკის განყოფილების ნამდვილი წევრი (1917-)

გააზიარე: