The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



არეთა ნიკოლოზის ძე სახოკია (დეკანოზი)

არეთა ნიკოლოზის ძე სახოკია
დაბადების თარიღი:1876
გარდაცვ. თარიღი:1937  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

   არეთა სახოკია დაიბადა 1876 წელს, სენაკის მაზრის სოფელ შხეფში, მღვდლის - ნიკოლოზ სახოკიასა და კესარია როსტომის ასული სახოკიას ოჯახში. მისი წინაპრები საუკუნეების მანძილზე ემსახურებოდნენ ქართულ ეკლესიას. პირველდაწყებითი განათლება სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში მიიღო.

   1903-1906 წლებში არეთა სახოკია თბილისის საიმპერატორო მუსიკალურ სასწავლებელში სწავლობდა, ხოლო 1907 წელს ბანძის ორკლასიან სამრევლო-საეკლესიო სკოლაში სლავურ და ქართულ საეკლესიო გალობის უშტატო მასწავლებლად დაინიშნა. 1908 წელს შტატში დაამტკიცეს და 1910 წლამდე აქ მსახურობდა.

   1909 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ლეონიდე ოქროპირიძემ სამეგრელოში იმოგზაურა, სადაც დაათვალიერა სუჯუნის, საჭილაოს, ბანძისა და ნოსირის ოლქები, გაეცნო ეკლესიების, სამღვდელოებისა და მრევლის მდგომარეობას. უყურადღებოდ არ დაუტოვებია სამონასტრო და სამრევლო სკოლები, სადაც კმაყოფილი დარჩა ბანძის სამრევლო სკოლაში მასწავლებელ არეთა სახოკიას მოღვაწეობით.

   1910 წელს ეპისკოპოსმა ლეონიდემ არეთა სახოკია დიაკვნად აკურთხა და ფოთის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის მეორე დიაკვნის შტატში დაადგინა. იმავე წელს გურია-სამეგრელოს ეპარქიის სასწავლო დირექტორიამ სამეგრელოს საქალაქო სასწავლებელში საეკლესიო გალობის მასწავლებლად დაამტკიცა.

   1915 წელს დიაკვან არეთას მღვდლად დაასხეს ხელი. იგი აქტიურად მონაწილეობდა სამეგრელოს კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

   1922 წელს, კომუნისტების მიერ ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს ზემო სორტის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად იხსენიება.

   1925 წელს ჭყონდიდის ეპარქიის, სენაკის ოლქის, ძველი სენაკის მაცხოვრის სახელობის ტაძრის წინამძღვარია.

   1929 წელს უკვე ძველი სენაკის მაცხოვრის სახელობის ტაძარში იხსენიება.

   1936 წელს მღვდელი არეთა ქუთაის-გაენათის ეპარქიის, კულაშის მაცხოვრის ჯვარცმის სახელობის ტაძრის წინამძღვრად იხსენიება და ნიკოლოზ სვიმონის ძე ოქრობახიძის ოჯახში ცხოვრობდა.

   1936 წლის 28 აპრილს მღვდელი არეთა კესარია შაფათავას სახლში დააპატიმრეს და სასამართლომ 11 თვე ციხე მიუსაჯა, რომელიც შემდეგ 500 მანეთი ჯარიმით შეუცვალეს. სამტრედიის რაიონის სახალხო სასამართლოს მიერ გაგზავნილმა მოხელემ კულაშში მოძღვრის საცხოვრებელი სახლი აღწერა, სადაც მხოლოდ ქვეშაგები, ჭიქა და დოქი დახვდა. მან ოქმი შეადგინა და სასამართლოს წარუდგინა, რომ მოძღვარს არაფერი არ გააჩნდა. მიუხედავად ამისა, სასამართლოს თავმჯდომარემ მას თანხის უკლებლივ გადახდა მოსთხოვა. მოძღვარმა წერილი მისწერა კათალიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს და მთავრობასთან შუამდგომლობა სთხოვა ჯარიმის პატიების თაობაზე.

   1937 წლის 19 აპრილს მღვდელ არეთას ეკლესიაში ერთგული და თავდადებული სამსახურისთვის დეკანოზის წოდება მიენიჭა. სამწუხაროდ, 1937 წლის რეპრესიებს იგი ვერ გადაურჩა და ამავე წლის 29 აგვისტოს დააპატიმრეს. მას ბრალად ედებოდა აგიტაცია-პროპაგანდა, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მოწოდებას შეიცავდა.

   1937 წლის 22 დეკემბერს სამეულის განჩინებით ქუთაისის სასამართლომ მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამის შემდეგ მის შესახებ მეტი ინფორმაცია აღარ იძებნება. უცნობია დეკანოზი გადაასახლეს თუ დახვრიტეს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სენაკის განყოფილების ნამდვილი წევრი (1919-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: