The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



იოსებ პავლეს ძე კაკაბაძე

იოსებ პავლეს ძე კაკაბაძე
სხვა სახელი:ი. ბულბულაშვილი  (ფსევდონიმი)
ი. ფარიანი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:12 თებერვალი, 1864
გარდაცვ. თარიღი:3 დეკემბერი, 1940  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   იოსებ კაკაბაძე დაიბადა 1864 წლის 12 თებერვალს ქუთაისის მაზრის სოფელ კუხში ღარიბი გლეხის ოჯახში. ბავშვობაში საქონელს მწყემსავდა და მამას ეხმარებოდა. წერა-კითხვა სოფლის დიაკვანმა შეასწავლა და სასულიერო სასწავლებელში ჩააბარა, მაგრამ სიღარიბის გამო მე-2 კლასიდან სასწავლებელს თავი მიანება და თვითგანვითარებას შეუდგა.

   1882-1883 წლებში  ჭიათურის შავი ქვის მაღაროებში დაიწყო მუშაობა და 1885-1886 წლებში, როცა შავი ქვის წარმოება აღორძინდა, იოსებმა თავის ძმებთან ერთად შავი ქვის მრეწველთა ამხანაგობა დააარსა, სადაც გ. ზდანევიჩი მიიჭვია ხელმძღვანელად და საკუთარი სამრეწველო ფირმა შექმნა.

    1885-1890 წლებში ეს მრეწველობა ისე გაიზარდა, რომ ქართველი ინტელიგენციისა და ევროპელთა ყურადღება მიიპყრო. იოსებმა შავი ქვის სააქციო საზოგადოება დააარსა და  ჭიათურაში პირველი ორკლასიანი სასწავლებელი გახსნა მოზრდილთათვის საკვირაო სკოლით. შემოწირული თანხით სკოლას სახელმძღვანელოები შეუძინა და სრულიად უფასოდ ეხმარებოდა „ქართველ გამომცემელთა ამხანაგობას“.

   იოსებ კაკაბაძე დაუახლოვდა ეგნატე ნინოშვილს, კარლო ჩხეიძეს და სილიბისტრო ჯიბლაძეს და მათ წრეში გაერთიანდა. ამ წრის საშუალებით გაეცნო რევოლუციურ მოძრაობას, საკუთარი ხარჯით და ფილიპერ მახარაძის დახმარებით პოლონეთიდან არალეგალური ლიტერატურა გამოიწერა და საქართველოში შემოიტანა. დაიწყეს ამ წიგნების თარგმნა და გავრცელება, რითაც საფუძველი ჩაეყარა მარქსიზმს და ნოე ჟორდანიას პროგრამის შექმნა დაავალეს. მოიწვიეს კონფერენცია, თუმცა ამ კონფერენციამ ეს პროგრამა არ მიიღო.

   1894 წელს იოსებ კაკაბაძე სწავლა-განათლების მისაღებად შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც დაუახლოვდა გ. პლეხანოვს, პ. აქსელროდს, ვ. ზასულიჩს და სხვა გამოჩენილ სოციალისტებს სტუდენტთა წრეებიდან. იოსებმა ფრანგული ენა შეისწავლა და ჟენევის უნივერსიტეტში თავისუფალ მსმენელად ჩააბარა.

   1897 წელს პარიზის რევოლუციონერ მარქსისტ-სტუდენტთა წრეში შევიდა და სორბონაში ლექციებს ისმენდა. იმავე წელს, სამშობლოში დაბრუნებული, ჟურნალ „კვალის“ ფაქტიური რედაქტორი იყო.

   1899 წელს ინგლისური ენის შესასწავლად ლონდონში გარმგზავრა, სადაც ვ. ჩერქეზიშვილი, პ. კრაპოტკინი, ნ. ჩაიკოვსკი და სხვა ანარქისტები გაიცნო. საზღვარგარეთიდან წერილებს ათავსებდა „კვალში“ და „მოამბეში“.

   1901 წელს საქართველოში დაბრუნდა და ჭიათურაში მუშებმა საკოოპერაციო პროექტის შედგენა მიანდეს და მუშათა კოოპერატივი „ჩვენი ოჯახი“ დააარსა.

    1902 წელს, ბათუმში, სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის დავალებით, მუშათა მოძრაობას ხელმძღვანელობდა და მუშათა შორის არალეგალურ ლიტერატურას ავრცელებდა. ბათუმის მუშათა და გლეხთა შორის არალეგალური მუშაობის დროს, ჟანდარმერიამ შეიპყრო, მაგრამ დაპატიმრებას თავი დააღწია და საზღვარგარეთ წავიდა, სადაც  თანამოააზრეებთან კავშირი გააბა და საზღვარგარეთიდან საქართველოში სარევოლუციო ლიტერატურის შემოგზავნის შესახებ, ჟენევის საიდუმლო-რევოლუციურ სტამბას შეუთანხმდა.

   1906-1908 წლებში მეზღვაურის პასპორტით რუსეთში შემოვიდა დასახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში მიიღო მონაწილეობა.

   1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ქუთაისში ინტერნაციონალურ მიმდინარეობას ხელმძღვანელობდა, ქადაგებდა ფედერაციულ წყობილებას და სოციალურ რევოლუციას მოითხოვდა.

   საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, კომპარტიის დავალებით იყო რევკომის წევრი, მიწათმოქმედების კომისარი, ქუთაისის მაზრის მიწათმოქმედების განყოფილების გამგე, ა/კ სარედაქციო კოლეგიის წევრი, საქართველოს მთავარლიტი, მიწათმოქმედების კომისარიატის საგანგებო რწმუნებული, დამცველთა კოლეგიის თავმჯდომარე, განათლების სახელმწიფო კომისარიატის საისტორიო-სამეცნიერო კომისეთ „მუშა და გლეხს“ რედაქტორობდა.

   იოსებ კაკაბაძეს სწამდა, რომ „კომუნიზმის განხორციელება მოგვცემს მტკიცე საერთო კულტურას და მაშინ პიროვნებების შემაკავშირებელი ძაფებიც საზოგადოებასთან სხვა იქნება, ვინემ იყო მონობის ეპოქა და არის ბურჟუაზიული“.

   იოსებ კაკაბაძე გარდაიცვალა 1940 წლის 3 დეკემბერს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1902-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1916-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: