Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
იოანე იოსების ძე გიორგაძე![]()
Biographyიოანე გიორგაძე დაიბადა 1873 წელს ქუთაისის გუბერნიის სოფელ ჯვარისაში დეკანოზის ოჯახში. სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, საიდანაც ავადმყოფობის გამო მეორე კლასიდან გამოვიდა. 1891 წელს ჯვარისას სამრევლო-საეკლესიო სკოლის პედაგოგად დაინიშნა, იმავე წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგი ალადაშვილმა დიაკვნად აკურთხა, მალევე მღვდლალდ დაასხა ხელი და ჯვარისას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში განამწესა. მღვდელი იოანე პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა. საკუთარ სახლში სამრევლო სკოლა გახსნა, სადაც ბავშვებს უსასყიდლოდ ასწავლიდა. შთამომავლების გადმოცემით მოძღვარი მაღალი ტანის, ძლიერი აღნაგობის, კარგი მოსაუბრე და სახით სასიამოვნო გამომეტყველებისა ყოფილა. ოკრიბაში დიდი ავტორიტეტითა და პატივისცემით სარგებლობდა. უყვარდა ბავშვებთან თამაში და მათთან ურთიერთობას დიდ დროს ანდომებდა. შვილიშვილებს წიგნის კითხვის სიყვარულს უნერგავდა. 1910-1917 წლებში მამა იოანე საჩხერის სოფელ ჯალაურთის წმინდა გიორგის ეკლესიაში მსახურობდა. მე-20 საუკუნის 20-იან წლებში, ეკლესიების ნგრევისა და სამღვდელოების დევნის პერიოდში, ანაფორა არ გაუხდია და აღასრულებდა საეკლესიო წესებს. ჰყავდა მეუღლე მარიამ ნიკოლოზის ასული ყიფიანი (მღვდლის ქალიშვილი) და ქალიშვილი ნადეჟდა, რომელმაც ქუთაისის ქალთა ეპარქიალური სასწავლებელი დაამთავრა და დამსახურებული პედაგოგი გახლდათ. 1928 წელს, მღვდელმა იოანემ სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ჯვარისას ტაძარი დაიკეტა და მამა იოანე სახლში ჩუმად განაგრძობდა მსახურებას. მამა იოანე გარდაიცვალა 1944 წელს და დაკრძალულია ჯვარისას ეკლესიის ეზოში, მშობლების გვერდით. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |