The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



თეოფანე ივანეს ძე ნადირაძე (დეკანოზი)

თეოფანე ივანეს ძე ნადირაძე
დაბადების თარიღი:2 მარტი, 1856
გარდაცვ. თარიღი:8 თებერვალი, 1928  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

    თეოფანე ნადირაძე დაიბადა 1856 წელს ქუთაისის გუბერნიის სოფელ დიხაშხოში მღვდლის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. შემდეგ ჩააბარა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც მხოლოდ ერთი კურსი გაიარა.

გალობა და საეკლესიო ტიბიკონი თეოფანემ გელათის მონასტერში ისწავლა.

   1879 წლის 18 აგვისტოს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა და სალხინოს სულთმოფენობის ტაძარში დანიშნა.

   1881 წელს მამის, მღვდელ იოანე ნადირაძის ავადმყოფობის გამო, მეუფე გაბრიელმა მღვდლად დაასხა ხელი და ამავე ტაძარში მეორე მღვდლად დაადგინა. 1884 წელს, მამის პენსიაზე გასვლის შემდეგ წინამძღვრად დაინიშნა.

   1904 წლის 6 მაისს მღვდელ თეოფანეს კამილავკი ეწყალობა.

   1895 წელს დიხაშხოს ყოვლადწმინდა სამების ტაძარში გადაიყვანეს.

   1914 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.

   1916 წლიდან მამა თეოფანე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ჯერ ვანის, ხოლო შემდეგ ქუთაისის განყოფილების წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების მუშაობაში8.

   1922 წლის ივნისში კომუნისტების მიერ ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს ისევ ამ ტაძრის წინამძღვრად იხსენიება.

   XX საუკუნის 20-იან წლებში მღვდელ თეოფანეს დეკანოზის წოდება მიენიჭა. მამა თეოფანეს მოღვაწეობის უკანასკნელი წლები ეკლესიების ნგრევისა და სასულიერო პირთა საყოველთაო დევნის პერიოდს დაემთხვა და ვერც თვითონ და ვერც მისი შვილები გადაურჩნენ ათეისტთა შეურაცხისმყოფელ შემოტევებს.

   მამა თეოფანეს ჰყავდა მეუღლე შარინოზ (მელანია) კახიანი და შვილები: სერაფიმა, ნინო, სონია, ლიდა, იოანე, ალექსანდრე და იოსები. იოსები 1937 წელს ყაზახეთში გადაასახლეს, ხოლო ალექსანდრე ამავე წელს კოჯორთან დახვრიტეს.

   მამა თეოფანე 1928 წლის 8 თებერვალს გულის შეტევით გარდაიცვალა.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ვანის განყოფილების წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1916-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: