შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ეფემია სიმონის ასული მესხი![]()
ბიოგრაფიაეფემია მესხი 1862 წელს დაიბადა ქუთაისში სიმონ მესხისა და მაგდანა მარჯანიშვილის ცამეტშვილიან ოჯახში. ამ ოჯახმა ქართულ კულტურას რამდენიმე მსახიობი, საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი და მწერალი შესძინა. პირველდაწყებითი განათლება ეფემიამ ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში მიიღო. 1877 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, გიმნაზიის მეოთხე კლასის მოსწავლე, თბილისში უფროს ძმასთან, სერგეისთან გადავიდა საცხოვრებლად. სერგეი მესხი ამ დროს გაზეთ "დროების" რედაქტორი იყო და რედაქციაც ბინაზე ჰქონდა. „დროების“ რედაქციაში ხშირად იკრიბებოდნენ იმდროინდელი საქართველოს ცნობილი მწერლები, პოეტები და მიუხედავად იმისა რომ ეფემიამ ვერ მოახერხა გიმნაზიის დამთავრება, ეს საზოგადოებრივი წრე შესანიშნავი სკოლა იყო მისთვის. თბილისში ეფემიას სიმღერას ფილიმონ ქორიძე ასწავლიდა. ეფემიამ თავისი ნიჭი ლიტერატურაშიც სცადა, მაგრამ იმდენად დიდი იყო მისი სიყვარული თეატრის მიმართ, რომ უარი თქვა ყველაფერზე და თავისი ცხოვრება სცენას დაუკავშირა. 1882 წლის 13 იანვარს ეფემია თბილისის პროფესიულ თეატრში პირველად გამოვიდა სცენაზე და შეასრულა ლუიზას როლი კომედიაში „პარიზელი ბიჭი“. ეფემიას დებიუტი სცენაზე განსაკუთრებული აღმოჩნდა და დაიწყო მისი წარმატებული და ხანგრძლივი გზა ქართულ თეატრში. ამავე წელს ეფემიამ მონაწილეობა მიიღო კოტე ყიფიანის ბენეფისში. 1885 წელს კოტე მესხმა ქუთაისში ჩამოაყალიბა მუდმივი პროფესიული ქართული დასი და ეფემიაც თან წაიყვანა. კვირაში ორჯერ მართავდნენ წარმოდგენებს ხარაზიშვილის ძველ თეატრში, სადაც იდგმებოდა კომედიები, დრამები, მელოდრამები, ალექსანდრე სუმბათაშვილ–იუჟინის, აქვსენტი ცაგარელისა და გიორგი ერისთავის პიესები. ქუთაისის სცენაზე ეფემია მესხის მიერ შესრულებული პირველი საპასუხისმგებლო როლი იყო პეპოს დედის შუშანას როლი გაბრიელ სუნდუკიანის პიესაში "პეპო". სწორედ ქუთაისის სცენაზე ყალიბდება ეფემია დრამატული როლების შესანიშნავ შემსრულებლად, რომელმაც შექმნა მარგარიტა გოტიეს, მედეას, კატრინ იუბშეს და დალილას დაუვიწყარი სახეები. 1893 წელს თბილისის დრამატული საზოგადოების მოწვევით კოტე და ეფემია მესხები საგასტროლოდ თბილისში ჩავიდნენ. იმდროინდელ გაზეთებში რეცენზენტები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ეფემია მესხი ქართული თეატრის დიდი შენაძენი იყო და ქართულ სცენას მის გამოჩენას ულოცავდნენ. ეფემია მესხის მიერ განსახიერებული როლების რაოდენობა ორასამდე აღწევს. იგი ასრულებდა როგორც კომედიურ, ისე დრამატულ როლებს. 1898 წელს ეფემია მეუღლესთან, ივანე გეპნერთან ერთად ქალაქ ბაქოში გადავიდა საცხოვრებლად. 1900–1902 წლებში ბაქოში დაარსდა დრამატული წრე, მოგვიანებით კი ქართული თეატრი, რომლის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი ეფემია იყო. ემსახურებოდა რა ქართულ თეატრს, ეფემია მესხი მოგზაურობდა ბაქოდან თბილისში, შემდეგ ქუთაისში, ბათუმში და ისევ ბაქოში. 1908 წელს ეფემია მესხი ოჯახთან ერთად თბილისში დაბრუნდა და ექვსი წლის განმავლობაში ზუბალაშვილების სახალხო სახლში მუშაობდა. 1910 წელს თბილისის დრამატულ თეატრში მიიწვიეს, რომლის დაწვის შემდეგ, მოღვაწეობდა ქუთაისისა და ბათუმის თეატრებში. 1913–1914 წლის სეზონში ბათუმის თეატრში იმუშავა. 1917 წლიდან ეფემია მესხი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. 1922 წელს მას სასცენო მოღვაწეობის 40 წლის იუბილე გადაუხადეს და ერთ–ერთ პირველთაგანს მიანიჭეს საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება. მსახიობის იუბილე აღინიშნა თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ჭიათურაში. ქართული თეატრის სცენაზე ეფემია მესხმა 50 წელი იღვაწა, რომელიც დავით მესხმა ასე შეაფასა: "კოტემ და ფეფიკომ ქართული თეატრის ეპოქა შექმნეს, ეპოქა მომხიბლავი თამაშისა, რაც მანამდის ქართულ სცენას არ ენახა. ფეფიკომდე და არც მის შემდეგ უკეთესი ზეინაბის ამსრულებელი არ უხილავს ჩვენს სცენას. ქართულ თეატრში არც ადრე და არც შემდეგ სცენიდან არ მსმენია მე ასეთი ტკბილი, მომაჯადოებელი ხმა, როგორც ფეფიკოს ჰქონდა". ეფემია მესხის საქმიანობა მხოლოდ თეატრით არ შემოიფარგლებოდა. იგი აქტიური საზოგადო მოღვაწეც იყო. მან თავისუფლებისა და კავკასიელ ხალხთა გაერთიანების მიზნით პირველმა გამოთქვა სურვილი ჩამოეყალიბებინა კავკასიელ ქალთა საზოგადოება, რომელშიც ავტონომიურ სექციად ქართული მოიაზრებოდა. ყრილობამ ეფემია მესხი ქალთა საზოგადოების თავმჯდომარედაც აირჩია, მაგრამ საბოლოოდ მან უარი განაცხადა. ამგვარად, ეფემია მესხი იყო საქართველოში ქართველი ქალების პირველი საზოგადო ორგანიზაციის ჩამოყალიბების ინიციატორი. ასევე დიდი იყო ეფემია მესხის წვლილი საქართველოში სინემატოგრაფიის ჩამოყალიბების საქმეში. სწორედ ეფემიას ხელშეწყობით შეისწავლა ვასილ ამაშუკელმა მოსკოვში კინემატოგრაფია და რომელმაც, მოსკოვიდან დაბრუნებულმა, ჯერ ბაქოში დაიწყო მიკრო დოკუმენტური ფილმების გადაღება და საბოლოოდ ქართული დოკუმენტური კინოხელოვნების უნიკალური ძეგლი "აკაკის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში" შექმნა. 1941 წელს ეფემია მესხი ღრმად მოხუცებული თბილისში გარდაიცვალა და დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |