The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ნინო ალექსანდრეს ასული გამრეკელი–თორელი

ნინო ალექსანდრეს ასული გამრეკელი–თორელი
Legal name:ნინო ალექსანდრეს ასული გამრეკელი
Date of birth:11 January, 1882
Date of death:27 March, 1935  (at 53 years)
Category:Actor/Actress, Filmmaker, Public Figure

Biography

    ნინო გამრეკელი დაიბადა  დაიბადა 1882 წლის 11 იანვარს (ძვ. სტ.) ქალაქ ქუთაისში ალექსანდრე გამრეკელისა და  მარიამ მესხის ოჯახში. მარიამ სვიმონის ასული მესხი გახლდათ სერგი, კოტე, დავით და ეფემია მესხების და.  ნინოს მემკვიდრეობით ბავშვობიდანვე ჰქონდა სცენისადმი მიდრეკილება და სიყვარული.

    ნინო გამრეკელმა დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო და სწავლა გააგრძელა ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში, რომელიც 1900 წელს დაამთავრა. 1898 წელს გამრეკელების ოჯახი საცხოვრებლად ბაქოში გადავიდა და ნინომ იქ გააგრძელა განათლების მიღება.

    1900 წელს ნინომ პირველად მიიღო მონაწილეობა ბაქოს სცენისმოყვარულთა წარმოდგენაში და ამის შემდეგ  ხშირად მონაწილეობდა სხვადასხვა სპექტაკლებში. 1904 წელს მან სწავლა გააგრძელა მოსკოვში, მსახიობ პოლონსკაიას დრამატულ კურსებზე. აქ  ითამაშა ალექსანდრე ოსტროვსკის კომედიაში „ბალზამინოვის ქორწინება“, სადაც  ხიმკას როლი შეასრულა. 1905 წელს  ნინო ბაქოში  დაბრუნდა და ბაქოს ქართულ  დრამატულ წრეში მსახიობად, ხოლო შემდეგ რეჟისორად დაიწყო მუშაობა.

   ამ პერიოდში ბაქოში 1000-მდე ქართველი ცხოვრობდა. 1895 წელს ბაქოში დაარსდა ქართველთა სათვისტომო. 1900-1902 წლებში ჩამოყალიბდა დრამატული წრე, რომლის წევრები უსასყიდლოდ, დიდი სიყვარულით მონაწილეობდნენ ქართულ სპექტაკლებში, რათა ბაქოელ თანამემამულეებთან ქართული სიტყვა მიეტანათ. ბაქოს ქართულ დასს დაუკავშირა მთელი თავისი სიცოცხლე ნინო გამრეკელ-თორელმა, რომელიც იქაურ ქართველებს მრავალი წელი აწვდიდა სულიერ საზრდოს. ნინოსთვის, ბაქოში,  ბიძამისის კოტე მესხის ხელმძღვანელობით მუშაობა ჩინებული სკოლა იყო. კოტე მესხის ბაქოდან წასვლის შემდეგ ნინო დაინიშნა იქაური თეატრის რეჟისორად. მისი რეჟისორობით ბაქოში დაიდგა: „ბატონი და ყმა“, რომელიც ილიას ხსოვნას მიეძღვნა, „თამარ ცბიერი“, „პატარა კახი“, „აღსდგა მკვდრეთით ანუ მანუჩა“, „ქოჩრიანი ტოროლა“, „კაცია-ადამიანი?!“, ვალერიან გუნიას „სიძე-სიმამრი“ და გაბრიელ სენდუკიანცის „ხათაბალა“. რეჟისორობასთან ერთად ნინო წარმოდგენებშიც მონაწილეობდა. 1900-1909 წლებში ბაქოს ქართულმა დასმა ნინო გამრეკელის რეჟისორობით მაყურებელს 65 პიესა უჩვენა, აქედან 28 გადმოქართულებული.

    ბაქოში  მცხოვრები ქართველებისთვის მშობლიური კულტურისა და განათლებისთვის, მარტო თეატრი საკმარისი არ იყო. საჭირო იყო ელემენტარული დაწყებითი სკოლის გახსნა, სადაც მათი შვილები წერა-კითხვას მშობლიურ ენაზე ისწავლიდნენ. „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ძალისხმევით ბაქოში დაწყებითი სკოლა გაიხსნა. ნინო გამრეკელმა აქაც თავი გამოიჩინა და იგი იყო ერთ-ერთი პირველი მასწავლებელი, რომელიც ამ სკოლაში ასწავლიდა. წერა-კითხვის საზოგადოება სკოლას საჭირო ნივთებით უზრუნველყოფდა, ხოლო დაფინანსება ძირითადად ბაქოს ქართული დასის წარმოდგენებიდან შემოსული თანხით ხდებოდა.

    1912 წლის 23 დეკემბერს ბაქოში იაკობ მანსვეტაშვილის ხარჯით აგებული ქართული კულტურის სახლის პირველ სართულზე ქართული სკოლა გაიხსნა. იქვე ნინო გამრეკელის ინიციატივით ჩამოყალიბდა ქართველ ქალთა წრეც, რომლის საქმიანობაში შედიოდა ბაქოში მცხოვრებ გაჭირვებულთა დახმარება. შენობაში ასევე გახსნილი იყო ჭრა-კერვის, ქარგვისა და სხვა ხელსაქმის კურსები ქართველ ქალთა დასახმარებლად. ნინოს ინიციატივით სკოლაში ეწყობოდა ლიტერატურული საღამოები და საბავშვო წარმოდგენები.

    1910 წელს ნინო თბილისში დაბრუნდა და ზუბალაშვილების სახალხო სახლთან არსებულ დრამწრეში მსახიობად დაიწყო  მუშაობა.

    1911 წელს ნინო გამრეკელი ქუთაისის თეატრში რეჟისორად მიიწვიეს.  1915 წელს იგი კვლავ მოსკოვში მიემგზავრება და რამდენიმე წელი მსახიობად მუშაობდა.

    1920-1921 წლების სეზონში ნინო გამრეკელი თბილისის დრამატული თეატრის მსახიობია, 1922-1924 წლებში ნინომ აკაკი ფაღავას დრამატულ სტუდიაში ჩააბარა და იქ გააგრძელა სწავლა.

     1924 წელს მსახიობად და რეჟისორად მუშაობდა  ბათუმში, ქუთაისში, ჭიათურაში. ნინო უმთავრესად დრამატული ხასიათის მსახიობი იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული პატარა კახის როლი აკაკი წერეთლის ისტორიულ დრამაში  „პატარა კახი“. მისი დადგმებიდან აღსანიშნავია ნინო ნაკაშიძის „კოტეს დანაშაული“, ბორის ლავრენიოვის „რღვევა“, ვაჟა-ფშაველას მიხედვით დადგმული „სტუმარ-მასპინძელი“ და სხვა.

     ნინო გამრეკელი გახლავთ პირველი ქართველი ქალი, რომელმაც მოღვაწეობა სარეჟისორო ასპარეზზე დაიწყო.

     ნინო გამრეკელი-თორელი გარდაიცვალა 1935 წლის 27 მარტს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1916-)

Bibliography


Share: