The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



იოანე ლავრენტის ძე ცქიტიშვილი

იოანე ლავრენტის ძე ცქიტიშვილი
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1866
გარდაცვ. თარიღი:28 თებერვალი, 1940  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, ერთ-ერთი სამოქალაქო სასაფლაო
კატეგორია:პედაგოგი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

   იოანე ცქიტიშვილი დაიბადა  დაიბადა 1866 წელს ქუთაისის გუბერნიის სოფელ საქარაში მღვდლის ოჯახში.

   1844 წელს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა და იმავე წელს საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორის კანცელარიაში რიგით თანამშრომლად დაიწყო მუშაობა.

   1887 წელს საჭილაო-ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მედავითნედ დაინიშნა, ხოლო 1888 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა და იმავე ტაძარში მედავითნედ დატოვა.

   1889 წელს ფოთის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს გრიგოლის (დადიანი) სამღვდელმთავრო კრებულში დაადგინეს. 1890 წელს ეპისკოპოსმა მღვდლად დაასხა ხელი და საჭილაო-ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად განაწესა.

   1891 წელს საქარის მაცხოვრის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს.

   1894 წლიდან ბანოჯას წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია. 1895 წელს მღვდელი იოანე ბანოჯის სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. იმავე წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.

   1901 წელს ქვიტირის ორკლასიან სასწავლებელში საღვთო სჯულის სწავლება დაევალა და 1902 წელს სკუფია უბოძეს.

   1903 წელს ქუთაისის პირველ ექვსკლასიან საქალაქო სასწავლებელში საღვთო სჯულის პედაგოგად გადაიყვანეს და ამ პოსტზე 1918 წლამდე მუშაობდა. პარალელურად ქუთაისის ორწლიან პედაგოგიურ კურსებზე საღვთო სჯულის მასწავლებელი იყო.

   1912 წელს კამილავკა ეწყალობა. 1914 წელს ქუთაისის უფასო სკოლაში საღვთო სჯულის პედაგოგად დაადგინეს და 1916 წელს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.

   1921 წელს საქართველოში მოსულმა ბოლშევიკებმა სასულიერო პირებს სკოლებსა და სასწავლებლებში მუშაობა აუკრძალეს. მამა იოანე იძულებული გახდა კვლავ მრევლში დაბრუნება მოეთხოვა. საკათალიკოსო საბჭომ იგი აწყურის ეპარქიაში, ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის ტაძრის წინამძღვრად დანიშნა.

   1922 წელს, კომუნისტების მიერ ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს, ახალციხის წმინდა მარინეს ტაძრის წინამძღვრად იხსენიება და ხელს აწერს საეკლესიო ქონების ჩაბარების აქტს. ამ დროს იგი უკვე დეკანოზის ხარისხშია აყვანილი. 1922 წლის ბოლოდან დეკანოზი იოანე ახალციხე- ახალქალაქის ოლქის მთავარხუცესად დაადგინეს.

   1922-1923 წლებში ათეისტური რეჟიმის მმართველობის პირობებში, როცა ეკლესიასა და სამღვდელოებას უმძიმესი დღეები დაუდგა და მასობრივად დაიწყო ეკლესია-მონასტრების დახურვა, დეკანოზმა იოანემ დახმარება სთხოვა ურბნელ ეპისკოპოს ქრისტეფორეს (ციცქიშვილი). დეკანოზი აწყურის ეპარქიაში დატრიალებულ მოვლენებს გულისტკივილით ატყობინებდა ეპისკოპოსს და განსაკუთრებით წუხდა ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტრისთვის. იგი სათალიკოსო საბჭოს სთხოვდა, გამოენახათ გზები და დახმარებოდნენ იქ მცხოვრებ მონაზვნებს.

   1923 წელს დეკანოზი იოანე, თავისივე თხოვნის საფუძველზე,  ახალციხე-ახალქალაქის ოლქის მთავარხუცესის თანამდებობიდან გათავისუფლდა და დროებით სიონის საკათედრო ტაძრის უშტატო მღვდელმსახურად დაინიშნა. მალევე ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში განამწესეს და წირვა-ლოცვებს აღავლენდა.

   1925 წელს დეკანოზი იოანე ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ (ციცქიშვილი) კალოუბნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაამტკიცა.

   1928 წელს ენქერი უბოძეს.

   1931 წელს კომუნისტებმა კალოუბნის ეკლესია დახურეს და მალევე საერთოდ დაანგრიეს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) უადგილოდ დარჩენილი მოძღვარი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში მეორე მღვდლის ადგილზე გადაიყვანა და თბილისის ეკლესიების მთავარხუცესად დანიშნა.

   1933 წელს, უწმინდესმა კალისტრატემ, დედა ეკლესიაში ერთგული და თავდადებული სამსახურისთვის იგი მიტრით დააჯილდოვა, ხოლო 1934 წელს, საქართველოს მართმლმადიდებელი ეკლესიის მე-7 საეკლესიო კრებაზე  საკათალიკოსო სინოდის წევრის კანდიდატად აირჩიეს.

   დეკანოს იოანეს ჰყავდა მეუღლე ლიდია და შვილები: გიორგი, ილია, ვერა, შალვა და ვახტანგი.

   დეკანოზი იოანე გარდაიცვალა 1940 წლის 28 თებერვალს და ქალაქის ერთ-ერთ სასაფლაოზე დაკრძალეს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1916-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1916 - სამკერდე ოქროს ჯვარი

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:თბილისი, ჯორჯაძის ქუჩა

გააზიარე: