The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ნინო დავითის ასული გოგოლაძე

ნინო დავითის ასული გოგოლაძე
სხვა სახელი:ნარგიზი  (ფსევდონიმი)
სევდია  (ფსევდონიმი)
შხამისა  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:11 მარტი, 1885
გარდაცვ. თარიღი:10 სექტემბერი, 1958  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თელავი
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    ნინო გოგოლაძე დაიბადა 1885 წელს თიანეთის მაზრის (ახმეტის რაიონი) სოფელ მატანში სასულიერო პირის დავით გოგოლაძისა და სიდონია სულხანიშვილის ოჯახში. მამა სასულიერო შინაარსის მოთხრობებს აქვეყნებდა ჟურნალ „მწყემსში“, ხოლო დედა  ფრიად განათლებული, ძველი ქართული მწერლობის და „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნე ქალბატონი ყოფილა.

   ნინო  გოგოლაძე ცხრა წლის ასაკში თელავის წმ. ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელში მიაბარეს, რომლის დამთავრების შემდეგ მასწავლებლის მოწმობა მიიღო.

   1905 წელს თელავში, პოეტ სოლო გოშაძის ხელმძღვანელობით, სცენის მოყვარეთა დასი ჩამოყალიბდა და ნინო ამ დასის აქტიური წევრი გახდა. ეს დასი სისტემატიურად აწყობდა სალიტერატურო საღამოებს, რომელთა შემოსავალი საქველმოქმედო-საზოგადო საქმიანობას ხმარდებოდა.

   1909 წლიდან ნინო გოგოლაძე მუშაობდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ თელავის განყოფილებაში, ხოლო 1915 წლიდან ამ განყოფილების წევრიც გახდა. სწორედ ამ პერიოდში დაუმეგობრდა იგი ცნობილ ქართველ მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს: აკაკი წერეთელს, ვაჟა-ფშაველას, შალვა დადიანს, იოსებ იმედაშვილს, ნიკო სულხანიშვილს, სანდრო შანშიაშვილს, დავით თურდოსპირელს, იოსებ გრიშაშვილსს და სხვებს.

   ნინო გოგოლაძე სამწერლო ასპარეზზე 1910 წლიდან გამოვიდა. ჟურნალ „თეატრი და ცხოვრება“-ში გამოაქვეყნა მოთხრობა „ბულბულის გოდება“, ხოლო 1911 წელს  მისი პირველი ლექსი „ახალ წელს“ „სახალხო გაზეთში“ დაიბეჭდა, რამაც წაახალისა ახალგაზრდა მწერალი ქალი. ამის შემდეგ ნინო აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ პერიოდულ გამოცემებში: „თეატრი და ცხოვრება“, „სახალხო გაზეთი“, „დროება“, „ხმა კახეთისა“, „ქართლი“, „ლახტი“ და სხვა. წერდა ლექსებს, ნოველებს, მოთხრობებსა და პიესებს. ნინო გოგოლაძის 4 მოქმედებიანი დრამა „თავისუფალი სიყვარული“, რომელიც არსად არ დაბეჭდილა, მიხეილ ქორელმა თელავის სცენაზე დადგა და რომელშიც თამაშობდნენ: შაქრო გომელაური, ნინო ჩხეიძე, ნინო დავითაშვილი და სხვა თელაველი მსახიობები.

   ნინო გოგოლაძის ნიჭი უფრო პროზაში და დრამატურგიაში გამომჟღავნდა. მის ფსიქოლოგიურ ნოველებში შიო არაგვისპირელის, ნიკო ლორთქიფანიძისა და ჭოლა ლომთათიძის გავლენა იგრძნობა. თავის ახალ ნაწარმოებს ნინო განსახილველად ხშირად შალვა დადიანსა და იოსებ გრიშაშვილს უგზავნიდა. ისინიც გულთბილად ეკიდებოდნენ ავტორს და რჩევა-დარიგებებსაც არ აკლებდნენ, რასაც მწერალი ქალის არქივში შემონახული ეპისტოლარული მემკვიდრეობაც ადასტურებს. ნინოს კალამს ეკუთვნის ათამდე დრამატული ნაწარმოები, რომელთა ნაწილი სცენაზე წარმატებით იდგმებოდა.

   ნინო გოგოლაძემ 1913 წელს გაზეთ „დროებაში“ დაბეჭდა მოთხრობა „არწივის ბუდეს“, რომლის შესახებაც ვაჟა-ფშაველას ავტორისთვის მიუწერია: „ნუ გოდებ ქალაუ! შენი არწივის ბუდე მთლად არ დანგრეულა, კვლავ შემაგრდებიან და კვლავ გადმოაფრენენ მტრის რისხვის დამცემ არწივებსო!“

   ნინო გოგოლაძე გარდაიცვალა 1958 წლის 10 სექტემბერს. მწერალი თანაქალაქელებმა დიდი პატივით თელავში დაკრძალეს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი (1915-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: