შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ნინო მიხეილის ასული გოგნიაშვილი![]()
ბიოგრაფიანინო შიუკაშვილი დაიბადა თელავში მიხეილ შიუკაშვილისა და დარო ვახვახიშვილის ოჯახში. ნინომ პირველდაწყებითი განათლება თელავის წმინდა ნინოს ოთხკლასიან სასწავლებელში მიიღო, რომელიც 13 წლის ასაკში ანა ჭავჭავაძის სახელობის სტიპენდიით დაამთავრა. თელავის შემდეგ თბილისის წმინდა ნინოს სახელობის შვიდკლასიან სასწავლებელში სწავლობდა, რომლის დასრულების შემდეგ თბილისის ქალთა გიმნაზიის პედაგოგიური კურსები დაამთავრა. ნინომ სწავლის დასრულების შემდეგ ჩერქეზიშვილების ოჯახში პედაგოგად დაიწყო მუშაობა, საიდანაც ბოდბის დედათა მონასტერთან არსებულ წმინდა ნინოს ორკლასიან სასწავლებელში გააგრძელა მუშაობა. ნინომ, თელავში დაბრუნების შემდეგ, კავკასიის სასწავლო ოლქის უფროსის, იანოვსკისგან კერძო სასწავლებლის გახსნის უფლება მიიღო, რომელიც "Частное учебное заведение III разряда Н. М. Шиуковой"-ს სახელწოდებას ატარებდა. ამ სასწავლებელში ყველა საგნის სწავლება რუსულ ენაზე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ნინომ მოახერხა და კონსპირაციულად თითქმის ყველა საგანი ქართულ ენაზე ისწავლებოდა და ფაქტობრივად იგი პირველ ქართულ სკოლას წარმოადგენდა. ნინო შიუკაშვილი მეუღლესთან, ალექსანდრე გოგნიაშვილთან ერთად საცხოვრებლად სანკტ-პეტერბურგში გადავიდა, სადაც ისინი საზოგადოება "კახეთის" მესვეურები იყვნენ და მათი ოჯახი საქართველოდან ჩასული ახალგაზრდების შეხვედრების ადგილი იყო. შემონახულია ცნობა, რომ 1907 წელს, როდესაც ილია ჭავჭავაძე სანკტ-პეტერბურგში სახელმწიფო საბჭოს მეორე სხდომაზე ჩავიდა, იგი ნინო შიუკაშვილის ოჯახში დაბინავდა. მათ ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ ძმები ივანე და გიორგი ჯავახიშვილები. ერთ-ერთი სტუმრობის დროს, ივანე ჯავახიშვილს იქ ნახატები დარჩენია, რომლებიც ათეული წლების შემდეგ ნინოს ბატონი ივანესთვის გადაუცია და დიდი მეცნიერისაგან გულითადი მადლობაც დაუმსახურებია. ნინო შიუკაშვილი ოჯახთან ერთად საქართველოში დაბრუნდა და მასწავლებლობას მიჰყო ხელი. ასწავლიდა სამინისტროს სკოლაში, თელავის ქალთა სასწავლებელში, 2 წელი საკუთარი სკოლა ჰქონდა გახსნილი და ერთი წელი თბილისის მასწავლებელთა საზოგადოების სკოლის პედაგოგი იყო. 1910 წელს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ“ თელავში სკოლა გახსნა, რომლის გახსნის ორგანიზატორი გახლდათ თამარ ვახვახიშვილი-აბაშიძისა. ნინომ ამ სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა და ექვსი წლის შემდეგ, 1916 წელს სკოლის გამგედ დაინიშნა. თელავში ამ სასწავლებელს მოიხსენიებდნენ, როგორც „გორის სკოლას“, რადგანაც იგი ვახვახიშვილების გორაზე იდგა. სკოლაში ხშირად იმართებოდა ლიტერატურული საღამოები და კონცერტები. 1915 წლიდან ნინო შიუკაშვილი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩართული საზოგადოების მუშაობაში. ნინო შიუკაშვილი სამწერლო და პუბლიცისტურ საქმიანობასაც ეწეოდა. მისი საბავშვო მოთხრობები ხშირად იბეჭდებოდა ქართულ საბავშვო ჟურნალებში. ნინო შიუკაშვილი-გოგნიაშვილი გარდაიცვალა თელავში. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |