The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ვასილ გიორგის ძე პატარაშვილი

ვასილ გიორგის ძე პატარაშვილი
სხვა სახელი:ფხვენელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:15 მარტი, 1885
გარდაცვ. თარიღი:8 იანვარი, 1940  (54 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:უზბეკეთი, ტაშკენტი
კატეგორია:ბუღალტერი, თეოლოგი, ისტორიკოსი, პედაგოგი, რეპრესირებული

ბიოგრაფია

     ვასილ პატარაშვილი დაიბადა 1885 წელს გორის მაზრის სოფელ ფხვენისში გიორგი პატარაშვილისა და ევა შერაზადიშვილის ოჯახში. 6 თვის ასაკში მამა დაეღუპა და გაზარდა დედამ, რომელიც დაქვრივებისას 16 წლისა იყო. მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, შვილს საუკეთესო განათლება მისცა და დიდ მეურნეობასაც წარმატებით გაუძღვა. მას მტკიცე ხასიათის გამო სოფელში "ოთარაანთ ქვრივს" ეძახდნენ.

    ვასილმა პირველდაწყებითი განათლება შინდისის სკოლაში მიიღო და შემდეგ გორის სასულიერო სასწავლებელი  დაამთავრა. გორში სწავლისას ცხოვრობდა თავისი დეიდისა და მისი მეუღლის მღვდელ ალექსანდრე კოკელიძის ოჯახში.

    1910 წელს თბილისის სასულიერო სემინარია დაამთავრა. როგორც წარჩინებული კურსდამთავრებული, სახელმწიფო ხარჯით კიევის სასულიერო აკადემიაში გაიგზავნა, რომელიც 1915 წელს ოქროს დიდ მედალზე დაამთავრა.
     ვასილ პატარაშვილი სტუდენტობის დროიდან სოფელ-სოფელ დადიოდა, ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს აგროვებდა და ზოგიერთი მათგანი ხელნაწერთა მუზეუმში ინახება. წერდა ლექსებს და აქვეყნებდა პერიოდულ გამოცემებში. აკაკი წერეთელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, იმ დროს ჯერ კიდევ კიევის სასულიერო აკადემიის სტუდენტმა, ქართულ და რუსულ ენებზე დაწერა წერილი - "საქართველოს ვაება". ეს წერილი 1915 წელს დაიბეჭდა გორში, გამომცემლობა "ქართლის" მიერ. ორიგინალი ინახება პეტერბურგის ლიტერატურის მუზეუმში.
    1916 წელს ვასილმა თელავის ვაჟთა გიმნაზიასა და თელავის სასულიერო სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.
    1918 წელს თელავის წმინდა ნინოს სასწავლებელში მუშაობდა.
    1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, გორის საოსტატო სემინარიის ისტორიისა და ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა. გორის შემდეგ მუშაობა ახალციხეში სასოფლო-სამეურნეო სფეროში გააგრძელა.
    1924 წელს რეპრესიებისაგან თავის დასაცავად ვასილ პატარაშვილი იმალებოდა.
    1938 წლამდე გორის რაიონის სოფელ ფხვენისის ბუღალტრად მუშაობდა და ამავე დროს არ წყვეტდა მეცნიერულ მუშაობას. დაწერა ნაშრომი ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის შესახებ, რომელსაც ივანე ჯავახიშვილმა მაღალი შეფასება მისცა. ნაშრომი ინახება ლენინგრადის ლიტერატურის მუზეუმში.
     ვასილ პატარაშვილის ბევრი მეგობარი კითხულობდა ლექციებს უნივერსიტეტში და მასაც იწვევდნენ ლექციების წასაკითხად, მაგრამ თვლიდა, რომ ქვეყანას სოფელში უფრო გამოადგებოდა. ბოლო მიწვევა დაპატიმრების წინა დღეს მიიღო. მეორე დღეს, 1938 წლის 14 მარტს დაპატიმრებული იქნა და 19 მარტს სამეულის მიერ გასამართლდა პოლიტიკური საბოტაჟისა და ხელისუფლების დამხობის მოწოდების მუხლებით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. გადაასახლეს ტაშკენტში. მუშაობდა კოლმეურნეობა "ბაიაუთში".
    ვასილ პატარაშვილს ჰყავდა მეუღლე სოფიო სუხიტაშვილი და შვილები: ფატმანი, მარეხი და ვაჟა. ვასილის მეგობრები მისი დაპატიმრების შემდეგ ოჯახს დიდ დახმარებას უწევდნენ. მიუხედავად იმისა, რომ რეპრესირებულების ოჯახებთან ურთიერთობას ერიდებოდნენ, ფხვენელები პატივისცემითა და სიყვარულით ეკიდებოდნენ მის ოჯახს. ისინი პატივს სცემდნენ არა მარტო განათლების, არამედ მისი თავდადებისათვის სამშობლოსა და მისი მშობლიური სოფლის მიმართ. კოლმეურნეობაში მუშაობის დროს ზრუნავდა კოლმეურნეების კეთილდღეობაზე. დაგეგმილი ჰქონდა ლიახვზე პატარა ჰესის აშენება, რისთვისაც სოფელში სადენები გაიბა. მის დაპატიმრებასთან ერთად ეს წამოწყებაც დამთავრდა.
    ვასილ პატარაშვილი გარდაიცვალა 1940 წლის 8 იანვარს უზბეკეთში ფილტვების ანთებით და დაკრძალულია ქალაქ ტაშკენტში.
     1959 წელს მის მიმართ სისხლის სამართლის დევნა დანაშაულის არარსებობის გამო შეწყდა და იგი რეაბილიტირებული იქნა.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი (1916-)

გააზიარე: