The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



სიმონ ლუკას ძე ავალიანი

სიმონ ლუკას ძე ავალიანი
დაბადების თარიღი:25 მარტი, 1881
გარდაცვ. თარიღი:12 აგვისტო, 1922  (41 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, წმ. ნიკოლოზის სასაფლაო (ვერის ბაღი)
კატეგორია:ეკონომისტი, პედაგოგი, მკვლევარი, ისტორიკოსი, ჟურნალისტი, ფილოლოგი, სოციოლოგი

ბიოგრაფია

   სიმონ ავალიანი დაიბადა 1881 წელს ქუთაისის რაიონის სოფელ ოფიჩხეთში. 1900 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და უმაღლესი განათლების მისაღებად ოდესაში გაემგზავრა, სადაც ოდესის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩააბარა და რომელიც 1904 წელს დაამთავრა.

   სიმონ ავალიანმა წერა 1905 წელს დაიწყო. დაწერა საკონკურსო შრომა: „Роль земских соборов в эпоху смутного времени“, რისთვისაც ოქროს მედალი მიიღო და ამ შრომის მეორე თავის - „Представительство на земском соборе“  ბიბლიოგრაფიული მიმოხილვა, ფაკულტეტის დადგენილებით, 1910 წელს უნივერსიტეტის გამოცემაში  „Ученые записки“ - დაიბეჭდა. იგი არკვევდა გლეხობის ყოფა-ცხოვრებას ძველი დროიდან დღემდე, ბატონებისა და გლეხების ურთიერთობას, საზოგადოებრივ-ეკონომიურ, სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო, საკრედიტო, საკოოპერაციო და სხვ. საკითხებს. წერდა ბიბლიოგრაფიულ წერილებსაც.

   1908 წელს ოდესის უნივერსიტეტის სამაგისტრო გამოცდა ჩააბარა და 1909 წელს იგი პრივატ-დოცენტად აირჩიეს, მაგრამ ოდესის მზრუნველმა არ დაამტკიცა.

    სიმონ ავალიანი ოდესის უნივერსიტეტიდან მალევე დაითხოვეს, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო პიროვნება. 1909-1916 წლებში იგი ოდესის კერძო სასწავლებელში მასწავლებლობდა და სხვადასხვა გამომცემლობებში თანამშრომლიბდა. ოდესის ერთ-ერთ საშუალო სასწავლებლებში რუსეთის ისტორიის კათედრის მასწავლებელიც იყო.

   1912-1916 წლებში ავალიანი  რედაქტორობდა ჟურნალ „Южный кооператор“-ს ოდესაში. იმავე დროს თავმჯდომარე იყო კოოპერატიულ კომიტეტისა და ხელმძღვანელობდა ჟურნალ „Вестник Одесского земства“-ს.

   1916-1918 წლებში სიმონი პეტროგრადის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი გახლდათ, ხოლო 1919 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

   1919-1920 წლებში სიმონ ავალიანი დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავრობის ფინანსთა მინისტრის ამხანაგად დაინიშნა, ხოლო საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ საგარეო ვაჭრობის კომისარიატში კოლეგიის თავმჯდომარედ მუშაობდა.

    1921-1922 წლებში სიმონ ავალიანი თბილისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი გახლდათ. ამიერკავკასიის სოციალურ-ეკონომიკური ისტორიის საკითხებზე მას დაწერილი აქვს 50-მდე შრომა.

    ქართულ ისტოგრაფიაში, მეცნიერულად, ერთ-ერთმა პირველმა შეისწავლა 1861 წლის საგლეხო რეფორმის ისტორია ამიერკავკასიაში. ავალიანის გამოკვლევებს დღესაც არ დაუკარგავს მეცნიერული ღირებულება. მან თსუ-ში პირველმა წაიკითხა ლექციების კურსი: კოოპერაციის, დასავლეთ ევროპის ეკონომიკის ისტორიის, საქართველოსა და დასავლეთ ევროპაში მიწათმფლობელობის, საქართველოში აგრარული რეფორმის, XIX-XX საუკუნეებში საქართველოს ეკონომიკის ისტორიის, საქართველოს სამთამადნო მრეწველობის და სხვა საკითხებზე.

    სიმონ ავალიანი გარდაიცვალა 1922 წლის 12 აგვისტოს და დაკრძალულია წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის სასაფლაოზე, დღევანდელი ვერის ბაღის (ყოფილი კიროვის ბაღი) ტერიტორიაზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1920-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: