The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ეგნატე გიორგის (გუტა) ძე გაბლიანი

ეგნატე გიორგის (გუტა) ძე გაბლიანი
დაბადების თარიღი:1881
გარდაცვ. თარიღი:1937  (56 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:უცნობია (დახვრეტილი)
კატეგორია:ეთნოლოგი, მწერალი, პუბლიცისტი, რეპრესირებული

ბიოგრაფია

    ეგნატე გაბლიანი დაიბადა 1881 წელს მულახის თემის სოფელ ზარდლაშში, გიორგი (გუტა) გაბლიანის ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და სასწავლებლად პეტერბურგში გაემგზავრა, სადაც უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩააბარა. უნივერსიტეტში სწავლისას მან მრავალმხრივი განათლება მიიღო. იგი გახლდათ სანკტ-პეტერბურგის აკადემიის კორესპონდენტი.

    საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეგნატე მუშაობდა სხვადასხვა ადმინისტრაციულ თანამდებობაზე, როგორც  მეფის რუსეთის პერიოდში, ასევე საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროსაც და ასევე საქართველოს გასაბჭოების შემდეგაც. 1900-იან წლებში იყო სვანეთის ბოქაული, შემდეგ ბეჩოს რაიონის უფროსი. ყოველ თანამდებობას მშობლიური კუთხის, სვანეთის  განვითარებისა და წინსვლისათვის იყენებდა. ეგნატეს განუზომელი წვლილი მიუძღვის ქართულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, მე-19 საუკუნის მიწურულისა და მე-20 საუკუნის პირველი მეოთხედის სვანეთში მოწინავე ქართული საზოგადოებრივი აზრისა და იდეალების ფორმირებაში. საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდში ეგნატე გაბლიანი დიდ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა, ცდილობდა სვანეთის ცხოვრების მოწესრიგებას ძველი ქართული სამართლის ამოქმედებით, რომელიც ყველაზე ცოცხლად სვანეთშია შემონახული ჩვეულებითი სამართლის სახით.

   1920 წლიდან ეგნატე გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრი. ამავე დროს, იგი აქტიურად თანმშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან და მკითხველს აცნობდა სვანეთის ეთნოგრაფიას, ფართოდ აშუქებდა არსებულ პრობლემებს,  აგროვებდა ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს, იკვლევდა სვანების ყოფასა  და  ფოლკლორს. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ეგნატე გაბლიანის ცხოვრებაში უმძიმესი პერიოდი დადგა. მან დაიწყო დაუცხრომელი ბრძოლა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. ცნობილია, რომ სვანეთის საზოგადოება არ ეპუებოდა ბოლშევიკურ ოკუპაციას. 1921 წელს სვანეთი კარგა ხანს უმკლავდებოდა რუსებს. სვანეთის მოსახლეობის მძაფრი წინააღმდეგობის ისტორია აისახა საქართველოს პატრიარქის მემორანდუმშიც (1922 წლის გენუის კონფერენცია).

   ეგნატე აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყებაშიც. ბოლშევიკური ოკუპაციის პირველ ეტაპზე იგი  ცოცხალი გადარჩა, რადგან, იმ დროს, დამპყრობელს ჯერ კიდევ არ ჰქონდა ფეხი მტკიცედ მოკიდებული სვანეთში, ეგნატე კი გამორჩეულად უყვარდა მთელ სვანეთს და ხელისუფლებამ მისი შემორიგება არჩია, თუმცა კი ზარდლაშში სახლი აუფეთქეს და კარ-მიდამო გადაუწვეს.

   1930-იანი წლების მეორე ნახევარში  ეგნატე მესტიის რაიკომში მუშაობდა. ამ წლებში მან ბევრი სასიკეთო სიახლე დანერგა ზემო სვანეთში.  მისი ინიციატივითა და მონაწილეობით გაყვანილ იქნა ზუგდიდი-მესტიის პირველი სამანქანო გზა, მდინარე მაგანაზე გაიდო სამეგრელოსთან მაკავშირებელი ხიდი, მუხლჩაუხრელად იღვწოდა ქართული ეროვნული საგანძურის მოძიების, თავმოყრისა და გადარჩენისათვის. მან საფუძველი ჩაუყარა მესტიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, რომელიც  დღეს, თავისი უნიკალური საგანძურით, ეროვნული მუზეუმის ნაწილია და ჰქვია „სვანეთის მუზეუმი“.  ამ მუზეუმის ისტორია 1936 წლიდან იწყება. მისი შექმნის აუცილებლობის საკითხის დაყენება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შესწავლის მიზნით, ქართული ჰუმანიტარული მეცნიერების ფუძემდებელთა და ადგილობრივ მოღვაწეთა სახელს უკავშირდება, რომელთა შორის საპატიო ადგილი ეგნატე გაბლიანს უჭირავს. სეტის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაცული სიძველეების ბაზაზე შექმნილი მუზეუმის დირექტორი ეგნატე გაბლიანი გახდა.

   ეგნატე იყო ერთ-ერთი მასპინძელი სვანეთით დაინტერესებული მეცნიერებისა და მოგზაურებისა.  მისი ხელმძღვანელობით მუზეუმში, სხვადასხვა გზით შემოსული ნივთების საშუალებით, კოლექცია ნელ-ნელა მდიდრდებოდა. მან არქეოლოგიური გათხრების ჩატარების უფლებაც მოიპოვა და დაზვერვითი სამუშაოები შეასრულა ჩუბეხევის, ლახამულისა და ჭუბერის ტერიტორიებზე. ამავე წლებში დაიწერა და გამოქვეყნდა ეგნატე გაბლიანის სამი მონოგრაფია. იგი ავტორია რამდენიმე წიგნისა, რომელთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „თავისუფალი სვანეთი“, რომელიც 1927 წელს დაიბეჭდა. სიცოცხლის ბოლომდე  ეგნატე მესტიის მუზეუმს ედგა სათავეში.

   ეგნატე გაბლიანი რამდენჯერმე იყო რეპრესირებული და დაპატიმრებული ( 1922 და 1924–1926 წლები). 1937 წელს,  არალეგალური ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით, იგი ხელახლა დააპატიმრეს და დახვრიტეს. რეპრესიების მთელი სიმძიმე იწვნია ეგნატეს ოჯახმაც. საბჭოთა ხელისუფლებამ დააპატიმრა და გადაასახლა მისი მეუღლე, ცნობილი პედაგოგი ვერა თევზაძე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1920-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: