The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



სერგო ლუკას ძე გერსამია

სერგო ლუკას ძე გერსამია
სხვა სახელი:ვინმე  (ფსევდონიმი)
კეთილი სანდალა  (ფსევდონიმი)
მეთვალყურე  (ფსევდონიმი)
სერ-გერიმია  (ფსევდონიმი)
სფინქსი  (ფსევდონიმი)
ფენიქსი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:23 ივნისი, 1892
გარდაცვ. თარიღი:8 იანვარი, 1968  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    სერგო გერსამია დაიბადა 1892 წლის 23 ივნისს ქუთაისში.

    1911 წელს დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია.

    1912 წელს ქუთაისში გამოსცა საოხუნჯო ალმანახები: „მაშხალა“ და „ანკესი“.  ამავე წელს გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნდა მისი სტატია „ქალთა წრე“. 1913 წლიდან სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში ათავსებდა საზოგადოებრივი და პოლიტიკური ხასიათის წერილებს.

    1914 წლის 16 მარტიდან  ქუთაისში, მისი რედაქტორობით გამოდიოდა ყოველდღიური გაზეთი „ჩვენი ერი“, რომელიც რამდენიმე ნომრის გამოსვლის შემდეგ (45 ნომერი) მთავრობამ დახურა, ხოლო თავად გერსამია პასუხისგებაში მისცეს და ციხეშიც იჯდა. 1915 წელს, ციხიდან განთავისუფლების შემდეგ, ბათუმის თვითმმართველობაში მუშაობდა და პარალელურად თანამშრომლობდა „მეგობარში“, „სახალხო ფურცელში“, იყო გაზეთ „ტალღის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი.

     სერგო გერსამია განუწყვეტლივ მუშაობდა სათეატრო სფეროში. 1913 წელს სახალხო უნივერსიტეტთან არსებული დრამწრის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. იგი თეატრებისთვის პიესებსაც წერდა. მას ეკუთვნის პიესები: „დიდი კაცი სამი კვირით“ და „საშინელი განაჩენი“.

    1917 წელს ბათუმსა და ოზურგეთში რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობდა, როგორც საოლქო პარტიული კომიტეტის წევრ-მდივანი.

    1918 წელს, ბათუმში ოსმალების შემოსვლის დროს, ეროვნული საბჭოს წევრად აირჩიეს. 1918 წლის გაზაფხულიდან ქუთაისში მუშაობდა პარტიული კომიტეტის თავმჯდომარის  მოადგილედ. იგი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ქუთაისის განყოფილების, დრამატული საზოგადოების, სამუსიკო საზოგადოების და საგუბერნიო აღმასრულებელი კომიტეტის წევრი.

    სერგო გერსამია დასავლეთ საქართველოში ერობათა კავშირის რწმუნებულის მოვალეობას ასრულებდა. მისი პუბლიცისტურ-ისტორიულ ხასიათის ნაწერები ბლომადაა გაფანტული იმდროინდელ პერიოდულ პრესაში. თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში:  „ხალხის მეგობარი“, „თემი“, „იმერეთი“, „ერი“ და „სამაჰმადიანო საქართველოს საკითხი“, სადაც მოწინავე წერილებსა და ფელეტონებს აქვეყნებდა, ხოლო 1919 წელს ამ გაზეთის ფაქტიური ხელმძღვანელი გახდა.

    1920 წელს სერგო გერსამია კვლავ ბათუმში გადასახლდა, სადაც ლიტერატურულ გაზეთ „მწვერვალში“ თანამშრომლობდა და მუდმივად ათავსებდა მოთხრობებსა და წერილებს. ამ გაზეთში დაიბეჭდა მისი ვრცელი წერილი - „ქართველი ქალი ძველად და ახლა“.

    საქართველოში საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ, რომელ ქალაქშიც კი ცხოვრობდა, ყველგან ითვლებოდა დრამწრის თავმჯდომარედ, კულტურულ-საგანმანმათლებლო ორგანიზაციებში თავმჯდომარის მოადგილედ და გამგეობის წევრად. კითხულობდა ლექციებსა და მოხსენებებს სხვადასხვა საკითხებზე. ბოლო ხანებში საქართველოს თეატრალურ მუზეუმში მეცნიერ-მუშაკად მუშაობდა, იყო სათეატრო ინსტიტუტის ლექტორი და საქართველოს თეატრალური საზოგადოების მდივანი. ერთი პერიოდი ქუთაისის თეატრის დირექტორის მოვალეობასაც ასრულებდა.

    სერგო გერსამია გარდაიცვალა 1968 წლის 8 იანვარს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1920-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: