The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



რაჟდენ მათეს ძე გვეტაძე

რაჟდენ მათეს ძე გვეტაძე
დაბადების თარიღი:9 აგვისტო, 1897
გარდაცვ. თარიღი:1 დეკემბერი, 1952  (55 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

     რაჟდენ გვეტაძე დაიბადა 1897 წელს იმერეთის სოფელ ციხიაში. დაამთავრა სამკლასიანი სასწავლებელი, უსახსრობის გამო სწავლის გაგრძელება ვეღარ შეძლო და ქუთაისის სტამბაში შეგირდად დაიწყო მუშაობა. პარალელურად სწავლობდა საღამოს სკოლაში. ბეჯითი ახალგაზრდა დაეწაფა წიგნებს და ამავე პერიოდში გადადგა პირველი ნაბიჯები ლიტერატურაში. 1913 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსები, ხოლო 1915 წელს პირველი წიგნი "მთვარის ზღაპარი". ამ პერიოდში იგი უახლოვდება ცისფერყანწელებს, რაც აისახა კიდეც მის იმდროინდელ კრებულებში: "თეთრი წიგნი", "დაბინდული ქარები", "ღამეები", "ვირების მესია" და სხვ.

     რაჟდენ გვეტაძე ძირითადად პროზაში მუშაობდა. იგი ავტორია რომანებისა: "თეო", "ჭიაკოკონა", "ლაშაური საღამოები", რომელიც ახალი ეტაპია მის შემოქმედებაში და ნოველათა კრებულებისა. მწერალმა მრავალი პროზაული და პოეტური ნაწარმოები უძღვნა სამამულო ომს. მათ შორის კრებულები "მართალი ნოველები", "ცხოვრება იწყება თავიდან", ლექსები "შვილის წერილი" და მრავალი სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია პოპულარული ლექსი "სიმღერა შალამბერიძეზე", რომელიც ხალხმა სიმღერად აქცია. მწერლის პროზაული ნაწარმოებები გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმითა და ღრმა ემოციურობით, ხოლო მისი ლექსები მუსიკალურობითა და სიმარტივემდე სისრულით.

       რაჟდენ გვეტაძე ნაყოფიერ მთარგმნელობით მოღვაწეობას ეწეოდა. მან გაამდიდრა ქართული მწერლობა მსოფლიო მნიშვნელობის ისეთი ძეგლებით, როგორიცაა ძველინდური ეპოსი "რამაიანა", ფრანგული ეპოსი "სიმღერა როლანდზე". მანვე თარგმნა აგრეთვე ფრანკოს, ნეკრასოვის და სხვა რუსი, უკრაინელი, სომეხი და ბელორუსი მწერლების ნაწარმოებები.

      1935-1950 წლებში სათავეში ედგა გამომცემლობა "ფედერაციას" (შემდგომში "საბჭოთა მწერალი").

     რაჟდენ გვეტაძე გარდაიცვალა 1952 წლის 1 დეკემბერს თბილისში და დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1934-)
  • ქართველ სიმბოლისტთა ჯგუფი, წევრი (1916-1922)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1920-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"

გააზიარე: