შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
გიორგი ნიკოლოზის ძე ერისთავი![]()
ბიოგრაფიაქსნის ერისთავთა შთამომავალი, გიორგი (გიგუშა) ერისთავი დაიბადა 1875 წლის 3 ოქტომბერს გენერალ–ლეიტენანტ ნიკოლოზ ერისთავისა და ეკატერინე სარაჯიშვილის ოჯახში. გიგუშა ერისთავმა თბილისის კადეტთა კორპუსი დაამთავრა და 1893 წლიდან სამხედრო სამსახურში იმყოფებოდა. სწავლა განაგრძო პეტერბურგის პაჟთა კორპუსის სამხედრო სასწავლებელში, რომელიც 1895 წელს კორნეტის ჩინით დაამთავრა და იმავე წელს ლაიბ–გვარდიის ულანთა მისი საიმპერატორო უდიდებულესობის პოლკში (ვარშავის სამხედრო ოლქში) განამწესეს. პოლკში გიგუშა ერისთავის კარიერა წარმატებით წარიმართა: 1899 წელს პორუჩიკად დაინიშნა, 1903 წლიდან შტაბს–როტმისტრია. ამავე წელს ფლიგელ–ადიუტანტი გახდა, 1907 წელს როტმისტრის წოდება მიენიჭა, ხოლო შემდეგ ადიუტანტის ჩინი. 1904-1905 წლებში რუსეთ–იაპონიის ომში მონაწილეობდა და 1914-1918 წლებში პირველ მსოფლიო ომში. 1914 წელს პოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა და მეთაურობდა გვარდიის კავალერიის ბრიგადას, რომელიც გადმოსროლილი იქნა მოსკოვში ჩრდილო–დასავლეთის ფრონტიდან. მოსკოვის ბრძოლების შემდეგ, რომელსაც თან სდევდა ხელისუფლების გადასვლა ბოლშევიკების ხელში, განკარგულება მისი ბრიგადის გადასროლაზე იქნა გაუქმებული და ბრიგადა განლაგდა გჟატსკის მიდამოებში (პეტროგრადთან). 1916–1917 წლებში გიგუშა ერისთავი თავად მეთაურობდა აღნიშნულ პოლკს და იგი გახლდათ იმპერატორ ნიკოლოზ II უახლოესი გარემოცვის წევრი. გიგუშა ერისთავი, საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო მრავალი მედლითა და ორდენებით. 1917 წლის ბოლოს იგი სამხედრო სამსახურიდან გადადგა, თადარიგში გავიდა და პოლკოვნიკის ჩინით დაბრუნდა სამშობლოში. ცხოვრობდა თბილისში. 1918–1921 წლებში ქართულ ჯარში მსახურობდა და მეთაურობდა ცხენოსანთა კორპუსს. 1918 წელს გენერალ–მაიორის წოდება მიანიჭეს. 1918 წელს გიგუშა ერისთავი იმპერატრიცა ალექსანდრა ფეოდოროვნას ფრეილინა მერი შერვაშიძეზე დაქორწინდა. მათ ერთმანეთი პეტერბურგში გაიცნეს, მაგრამ დაქორწინება დაუგვიანდათ, რადგან ფრეილინებს გათხოვება ეკრძალებოდათ. მხოლოდ საქართველოში დაბრუნების შემდეგ დაიწერეს ჯვარი ქუთაისის მთავარანგელოზის ეკლესიაში. 1920 წლიდან გიგუშა ერისთავი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ქუთაისის განყოფილების წევრი. 1921 წლის თებერვალ–მარტში საბჭოთა რუსეთის არმიის შემოჭრისას, ქართულ ნაწილებთან ერთად გენერალი ერისთავიც ბრძოლით იხევდა ბათუმისკენ. ბოლშევიკების მიერ საქართველოს დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, მერი ბათუმიდან საფრანგეთს გაემგზავრა. გემი რამდენიმე დღით შეჩერდა სტამბულში, სადაც მას უკვე დევნილი ქმარიც შეუერთდა. ემიგრაციაში გიგუშა ერისთავი აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის საიმპერატორო არმიის ყოფილი ოფიცრების ორგანიზაციების საქმიანობაში. გიგუშა ერისთავი გარდაიცვალა პარიზში, 1947 წლის 10 მაისს და დაკრძალულია სენტ–ჟენევიევ–დე–ბუას სასაფლაოზე, მეუღლესთან ერთად. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |