The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ილია გიორგის ძე გოგია

ილია გიორგის ძე გოგია
სხვა სახელი:აბდიკანტი  (ფსევდონიმი)
ბრანდი  (ფსევდონიმი)
ია ნარიძე  (ფსევდონიმი)
ოდიშელი  (ფსევდონიმი)
ონელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:5 იანვარი, 1889
გარდაცვ. თარიღი:იანვარი, 1971  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   ილია გოგია დაიბადა 1889 წელს სენაკის რაიონის სოფელ ნოღაში, ღარიბი გლეხის ოჯახში. მშობლები ადრე დაეხოცა და მისი აღზრდა ბიძამ ითავა. სწავლობდა სოხუმის დაწყებით სკოლაში (Горская школа), ქუთაისის საოსტატო სემინარიასთან არსებულ პირველდაწყებით სკოლაში და ხონის საოსტატო სემინარიაში, სადაც ახლად დანიშნული დირექტორის ალექსანდრე ჭიჭინაძისა და მასწავლებელ ტრიფონ თაბუკაშვილის, გრიგოლ ბურჭულაძის, გ. ბოკერიასა და სხვათა ხელმძღვანელობით სამშობლოს, მშობლიური ენისა და მწერლობის სიყვარული შეისისხორცა.  სწორედ ამ პერიოდში ჩაება იგი საზოგადოებრივ და სამხატვრო-სალიტერატურო საქმიანობაში.

   ილია გოგიამ პირველი ლექსი ვალერიან გუნიას ჟურნალ „საქართველოში“ 1908 წელს გამოაქვეყნა. იმავე წელს დაბეჭდა პირველი წერილი მოწაფეთა პერიოდულ ალმანახში „მოწაფის ჩანგი“. წერილი ეხებოდა ქართული ენის სწავლებას.

   1909 წელს, ხონის სემინარიის დამთავრებისთანავე  რაჭის მაზრის სოფელ  ჭიორის დაწყებითი სკოლის გამგედ გაანაწილეს, სადაც ხუთი  წელი მსახურობდა. სხვადასხვა დროს სხვადსხვა სოფლებსა და ქალაქებში მასწავლებლობდა:  რაჭის სხვადასხვა სკოლებში, ბაქოს “ქშწკგ” საზოგადოების ქართულ სკოლაში, თბილისის რეალურ სასწავლებელში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად,  კახეთის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, სამეგრელოში  ზუგდიდის მაზრის და რაიონული განათლების განყოფილების ინსპექტორად და მეთოდისტად,  ზუგდიდის მუზეუმის მეცნიერ-მუშაკად და სწავლულ მდივნად, შემდეგ  კი იმავე მუზეუმის დირექტორად.

   ილია გოგია ინტენსიურად თნამსრომლობდა ქართულ პერიოდულ გამოცემებში: “განათლება”, “განათლების მუშაკი”, “საბჭოთა მასწავლებელი”, “ნაკადული”, “პიონერი”, “მომავალი”, “საქართველო”, “ბურჯი”, “განთიადი”, “ცხოვრება”, “მეგობარი”, “ფასკუნჯი”, “კოლხიდა”, “იმერეთი”, “ერი”, “ჩვენი ერი”, “შრომა”, “თემი”, “სახალხო ფურცელი”, “სახალხო გაზეთი”, “სახალხო საქმე”, “ტრიბუნა”, “კომუნისტი”, “კომუნარი”, “მებრძოლი” და სხვა ჟურნალ-გაზეთებში. წერდა უმთავრესად საბავშვო მხატვრული და პედაგოგიურ-აღმზრდელობითი ხასიათის ლექსებს, მოთხრობებს, იგავ-არაკებს, მეთოდურ-პედაგოგიურ, ისტორიულ-ეთნოგრაფიულ და პუბლიცისტურ წერილებსა და ნარკვევებს. გამოქვეყნებული  აქვს თარგმანებიც.

    1919-1921 წლებში ილია გოგია  პედაგოგიურ ჟურნალ „განათლების“ რედაქციის მდივანი და მისი გამოცემის ხელმძღვანელი გახლდათ. იმავე ხანში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ და „ბუნების კარის“ შემსწორებელ-გადამმუშავებელი კომისიის წევრიც იყო. სხვათა თანაავტორობით შეადგინა ქართული ენის სახელმძღვანელო (დაწყებითი სკოლებისათვის) „ჩვენი სკოლა“ ( I და II ნაწილი).

  ილია  გოგიას თანარედაქტორობით გამოვიდა ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის შრომები. ბოლო ხანებში იგი ძირითადად  სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ეწეოდა საქართველოს ისტორიულ და ლიტერატურულ  თემებზე.    

     ილია გოგია გარდაიცვალა 1971 წლის იანვარში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1920-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ონის განყოფილების ნამდვილი წევრი (1913-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბაქოს განყოფილების ნამდვილი წევრი (1915-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: