The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



რებეკა ისაიას ასული გამსახურდია

რებეკა ისაიას ასული გამსახურდია
ოფიციალური სახელი:რებეკა ისათას ასული ვაშაძე
დაბადების თარიღი:18??
დაკრძალვის ადგილი:ჭიათურა
კატეგორია:პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

    რებეკა ვაშაძე დაიბადა ჭიათურაში შეძლებული მღვდლის, ისაია ვაშაძის ოჯახში. იგი გახლდათ კონსტანტინე გამსახურდიას პირველი მეუღლე. ისინი დაახლოებით ტოლები იყვნენ და ქუთაისის გიმნაზიაში ერთ პერიოდში სწავლობდნენ. მაშინ ქალთა და ვაჟთა სასწავლებლები ცალ-ცალკე იყო. მათ წლების განმავლობაში უყვარდათ ერთმანეთი. შემდეგ კონსტანტინე გერმანიაში გაემგზავრა და რებეკას იქიდან წერილებით ეხმიანებოდა. მოღწეულია მრავალი წერილი, რომელსაც ახალგაზრდა მწერალი შეყვარებულ ქალს პეტერბურგიდან, მოსკოვიდან, მიუნხენიდან თუ ბერლინიდან უგზავნიდა და სწუხდა რომ მარტო დატოვა და თავად ევროპას მიაშურა. წერილების რაღაც ნაწილი, თავის დროზე, განაწყენებულ  რებეკას ბუხარში დაუწვავს.

    რებეკას მშობლებს სასიძო არ მოსწონდათ, რადგან იგი საეჭვო პერსპექტივის მარადიული სტუდენტი იყო, ხელთ მუდამ წიგნი ეჭირა, ფული არ ჰქონდა, პრაქტიკულ საქმეს გულს ვერ უდებდა, ცხოვრობდა სხვების ხარჯზე და დღენიადაგ იცვლიდა ქალაქებსა და უნივერსიტეტებს.

    1913 წლიდან რებეკა ვაშაძე "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოები" ნამდვილი წევრი გახლდათ და ჩაბმული იყო საზოგადოების საქმიანობაში.

   1914 წელს კონსტანტინესა და რებეკას ჯვარი თავად ისაიამ დასწერა და წყვილი გერმანიაში გაემგზავრა. როგორც რუსეთის მოქალაქეები, იქ ორივე დააპატიმრეს. გერმანიაში რებეკა, სახელისა და მამის სახელის გამო, ებრაელი ეგონათ. რებეკა სოციალ-ფედერალისტი იყო, თუმცა კონსტანტინე უშლიდა, პარტიულობა ქალს არ სჭირდებაო.

   რებეკა გალაკტიონის პირველ მეუღლესთან, ოლია ოკუჯავასთან მეგობრობდა. ისინი ერთად მასწავლებლობდნენ ჭიათურაში.

   1918 წელს რებეკასა და კონსტანტინეს ქალიშვილი - ნათელა შეეძინათ. რამდენიმე თვეში კონსტანტინე გერმანიაში გაემგზავრა, ერთ წელში უკან მობრუნდა და მეუღლეს კატეგორიულად მოსთხოვა მასთან ერთად ბერლინში გამგზავრება, მაგრამ რებეკას მშობლები ჩაერივნენ და ქალიშვილს ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცეს იმ მიზეზით, რომ ომია, ქვეყანა არეულია და ბავშვიანი ქალი სად უნდა წავიდესო. კონსტანტინე გაჯიუტდა, თუმცა რებეკა ვერ დაითანხმა.

   1919 წლიდან მათი ხანმოკლე ცოლ-ქმრობა ფაქტიურად დამთავრდა. კონსტანტინე გერმანიაში დაბრუნდა, რებეკა კი ჭიათურაში დარჩა და სკოლაში ქართულ და რუსულ ენებს ასწავლიდა. მალე მდგომარეობა უარესად დაიძაბა. კონსტანტინეს კომუნისტები სდევნიდნენ და არც მღვდლის ოჯახს ადგა კარგი დღე. რებეკას ოჯახს წაართვეს სახლი, ჩამოართვეს მიწები და აუკრძალეს მღვდელმსახურება. კონსტანტინე რებეკას გერმანიიდან კვლავ წერილებს უგზავნიდა. ერთ-ერთ წერილში იგი წერს: „შენს თვალებში მე მეგულება ჩემი მზეგადაცვლილი სიჭაბუკე“.

   1925 წელს კონსტანტინემ რებეკას გერმანიიდან „დიონისოს ღიმილი“ გაუგზავნა. რებეკამ რომანზე რეცენზია დაწერა, თითქოს ძველი წყენა დავიწყებას ეძლეოდა, მაგრამ რამდენიმე თვეში მწერალი დააპატიმრეს. კონსტანტინეს გადაკარგვამ, სევდამ და დეპრესიამ ახალგაზრდა ქალს ფსიქიკა შეურყია. იგი, 41 წლის ასაკში ჭიათურაში გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს. კონსტანტინე დაკრძალვას არ დასწრებია. ნათელა ჭიათურაში ბებია-ბაბუასთან იზრდებოდა და  ხანდახან ხედავდა ხოლმე მამას. როცა რებეკა გარდაიცვალა, კონსტანტინემ ქალიშვილს მისწერა, რომ სკოლის დათავრების შემდეგ თბილისში ჩამოიყვანდა და მამასთან იცხოვრებდა. მირანდა ფალავანდიშვილზე ქორწინების შემდეგ, მართლაც კონსტანტინემ პირობა შეასრულა, შვილი თბილისში ჩამოიყვანა და მასთან ოჯახში იზრდებოდა.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ჭიათურის განყოფილების ნამდვილი წევრი (1913-)

გააზიარე: