The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



გრიგოლ რომანოზის ძე ფერაძე (მღვდელმოწამე)

გრიგოლ რომანოზის ძე ფერაძე
დაბადების თარიღი:31 აგვისტო, 1899
გარდაცვ. თარიღი:6 დეკემბერი, 1942  (43 წლის ასაკში)
კატეგორია:თეოლოგი, ისტორიკოსი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

   გრიგოლ ფერაძე დაიბადა 1899 წლის 31 აგვისტოს გურჯაანის სოფელ ბაკურციხეში, მღვდლის, რომანოზ ფერაძისა და მარიამ სამადალაშვილის ოჯახში, რომელიც ასევე მოძღვრის ქალიშვილი გახლდათ.

   გრიგოლი სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, შემდეგ კი სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. იგი საუკეთესო იყო სემინარიის კურსდამთავრებულთაგან და ამიტომაც საკათოლიკოსო საბჭომ პროფესორ კეკელიძის შუამდგომლობით გენერალ ფონ კრესს მიმართა გრიგოლ ფერაძისთვის რომელიმე გერმანულ თეოლოგიურ ფაკულტეტზე სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე. ფონ კრესი დახმარებას შეჰპირდა, მაგრამ  იმჟამად გერმანიაშიც რევოლუციური ქაოსი სუფევდა და ეს გეგმა ჩაიშალა.

    გრიგოლმა თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების განყოფილებაზე გააგრძელა სწავლა და პარალელურად სოფელ ხანდაკის სკოლაში მასწავლებლობდა. ამასობაში გრიგოლს „სამხედრო ბეგარის“ დრომაც მოუწია და იძულებული გახდა დროებით სეავლა შეეწყვიტა. საქართველოს ანექსიის შემდეგ, ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმძიმეს პერიოდში, ჯარიდან დაბრუნებულს დაპატიმრება ემუქრებოდა, ამიტომ კორნელი კეკელიძემ სოფელ მანავში მასწავლებლად გააგზავნა.

    1921 წელს, გელათში გამართულ მესამე საეკლესიო კრებაზე, გრიგოლი გარე კახეთის სამღვდელოების წარმომადგენელი იყო, იქ მიტროპოლიტ ნაზარის და დეკანოზ კორნელი კეკელიძის შუამდგომლობით მისი ევროპაში სასწავლებლად გამგზავრების საკითხი გადაწყდა. გრიგოლის უცხოეთში გამგზავრებით კათოლიკოსიც ყოფილა დაინტერესებული: „მახსენდება უკანასკნელი აღდგომის დღესასწაული სამშობლოდან გამომგზავრებამდე, ეს იყო 1921 წლის 1 მაისი, ლოცვას აღავლენდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე, წირვის დამთავრებისას, როცა პატრიარქი ტაძრიდან გამოვიდა, შეჩერდა, მან ჩემი ორივე ხელი აიღო და მამობრივი მზრუნველობით წარმოთქვა მრავალგზის: განეშორე, იხსენი შენი სიჭაბუკე! შევიგრძენი მამა-შვილური მზრუნველობა, სიმწარე, ტკივილი და სევდაც“.

   1921 წელს, საკათოლიკოსო საბჭომ, უწმიდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ, კორნელი კეკელიძემ და ივანე ჯავახიშვილმა სრულფასოვანი თეოლოგიური განათლების მისაღებად გრიგოლი არტურ ლაისტის დახმარებით ბერლინში გაგზავნეს. მას დაენიშნა „დოქტორ ლეპ სიუს დოიჩე ორიენტ-მისიონის“ სტიპენდია.

    გრიგოლი ბერლინის უნივერსტეტში თეოლოგიას და აღმოსავლურ ენებს სწავლობდა, შემდეგ კი ბონის უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე გადავიდა და ნაშრომისათვის, რომელიც საქართველოს მონასტრებს შეეხებოდა, ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო. მოკლე ხანში მან 12–ზე მეტი ენა ისწავლა, მათ შორის ძველებრაული, ძველბერძნული, სირიული, არაბული, კოპტური და ძველსომხური ენები. მოგვიანებით ლათინური და თანამედროვე ენები - ინგლისური და ფრანგული შეისწავლა. ამათ გარდა, იცოდა გერმანული, რუსული და ძველსლავური.

    საქართველოში კომუნისტური წეს-წყობილების დამყარების შემდეგ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს სამშობლოსაკენ გზა შეეკრათ. მათ საქართველოში დაბრუნებაზე ოცნებაც კი აღარ შეეძლოთ. გრიგოლი ინგლისში გაემგზავრა და იქ სამეცნიერო მუშაობას შეუდგა. ეცნობოდა ბრიტანეთის მუზეუმსა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცულ უძველეს ხელნაწერებსა და მასალებს. მალე იგი ბონში მიიწვიეს, რათა ლექციები წაეკითხა ქართულ და სომხურ ლიტერატურაზე. ერთი წლის შემდეგ კი ოქსფორდში ქართული ეკლესიის ისტორიის საკითხების შესახებ ლექციების წაკითხვა შესთავაზეს.

   1926-1927 წლებში გრიგოლი ვენისა და ლოზანის დიდ ეკუმენურ კრებებში მონაწილეობდა.

   1930 წლის შობის დღეებში მძიმედ დაავადდა. სიკვდილის პირას მისულს ხილვა ჰქონდა, რომ უფლისთვის ბოლომდე უნდა მიეძღვნა თავი და 1931 წელს, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა, მაგრამ უკვე პატივდებული მეცნიერი ლონდონის წმინდა სოფიის ბერძნულ საკათედრო ტაძარში ბერად აღიკვეცა, იქვე ეკურთხა დიაკვნად და მალევე პარიზის წმიდა სტეფანეს ბერძნულ საკათედრო ტაძარში მღვდლად  აკურთხეს და მის მიერვე დაარსებულ წმინდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიაში წინამძღვრად განამწესეს. ამ დროიდან მოყოლებული მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, იგი დაუღალავად იღვწოდა პარიზის ქართული ეკლესიისთვის და ეს საქმე თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ამოცანად მიაჩნდა.

    მამა გრიგოლის ხელმძღვანელობით შეიქმნა და გამოიცემოდა ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“. მან შეადგინა ქართული ეკლესიის წესი, რომლის თანახმადაც ამ ტაძარში მხოლოდ ქართველ მღვდელმსახურებს უნდა ემსახურათ და აუცილებლად ქართულ ენაზე. ამ სამრევლოს ჩამოყალიბება ძალიან დიდი საქმე იყო, რადგან იგი ერთადერთ ნუგეშს წარმოადგენდა სამშობლოდან გადახვეწილი და სამშობლოს უიმედოდ მონატრებული ქართველობისათვის.

     მამა გრიგოლი პოლონეთში, ვარშავაში მიიწვიეს მართლმადიდებლური სასულიერო სკოლის დირექტორად. იგი მოხსენებებს კითხულობდა სამეცნიერო კონფერენციებსა და ევროპის სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრებში. მთელ თავის სახსრებს  სხვადასხვა ქვეყნების მუზეუმებსა თუ ბიბლიოთეკებში დაცულ ქართულ ხელნაწერთა მოძიებასა და შესწავლას ახმარდა.

    საქართველოში კი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არავინ არაფერი იცოდა მამა გრიგოლის მოღვაწეობის შესახებ. არავინ იცოდა ისიც, რომ ექვთიმე თაყაიშვილის მიერ საფრანგეთში გახიზნული ქართული საუნჯეც გრიგოლ ფერაძის წყალობით გადაურჩა განადგურებას. მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა ფაშისტებმა თითქმის მთელი ევროპა დაიპყრეს, შეიტყვეს, საფრანგეთის ერთ-ერთ ბანკში ერთი პატარა ქვეყნის დიდი ქონება ინახებაო. ამ ქონების შესაფასებლად მათ გრიგოლ ფერაძე მიიწვიეს, როგორც ცნობილი მეცნიერი და ექსპერტი. მამა გრიგოლმა იფიქრა, საქართველოს ასეთი სიმდიდრის განადგურებას ჩემი სიკვდილი სჯობსო და ფაშისტებს განუცხადა, ეს ქონება არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს, ის უბრალოდ ქართველებისთვისაა ძვირფასი, როგორც ეროვნული შემოქმედება. მხოლოდ იმ ქევეყნის ისტორიის დამადასტურებელი ნივთები და საბუთებიაო. ფაშისტები ენდნენ გამოჩენილ მეცნიერს და განძზე ფიქრს თავი ანებეს.

   მეორე მსოფლიო ომის დროს, მამა გრიგოლი ხშირად იფარებდა ფაშისტებისგან შევიწროებულ ადამიანებს, განსაკუთრები კი ებრაელებს, რისთვისაც შეიპყრეს და ციხეში ჩასვეს, შემდეგ კი ოსვენციმის ბანაკში გადაიყვანეს.

   მამა გრიგოლ ფერაძე 1942 წლის 6 დეკემბერს ოსვენციმის ტყვეთა ბანაკში აღესრულა.

   1995 წელს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა განიხილა მამა გრიგოლის მოღვაწეობა და ქრისტიანობისათვის, სამშობლოსათვის და მოყვასისათვის თავგანწირული არქიმანდრიტი წმინდანთა დასში შერაცხა და ეწოდა მღვდელმოწამე გრიგოლი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბორჯომის განყოფილების ნამდვილი წევრი (1920-)

გააზიარე: