The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



აპოლონ იოანეს ძე წულაძე

აპოლონ იოანეს ძე წულაძე
ოფიციალური სახელი:აპოლონ ივანეს ძე წულაძე
სხვა სახელი:ანწლაძე  (ფსევდონიმი)
ესიკელაი  (ფსევდონიმი)
თემისტოკლე  (ფსევდონიმი)
მებუკე  (ფსევდონიმი)
პერპენდუმობილე  (ფსევდონიმი)
პიტნა  (ფსევდონიმი)
სტუდენტი  (ფსევდონიმი)
ჭანი  (ფსევდონიმი)
ჭანჭათელი  (ფსევდონიმი)
ხოჭოღლი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1884
გარდაცვ. თარიღი:1942  (58 წლის ასაკში)
კატეგორია:აგრონომი, ეთნოლოგი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

      აპოლონ წულაძე დაიბადა 1871 წელს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჭანჭათში ღარიბი მღვდლის ოჯახში. მამა საკმაოდ განათლებული კაცი ყოფილა და ყველანაირად ცდილობდა შვილებისთვის განათლება მიეცა და შრომისადმი სიყვარული ჩაენერგა. პატარა აპოლონს წერა–კითხვა უფროსმა ძმებმა შეასწავლეს და 1880 წელს ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, მაგრამ შინაგანაწესის დარღვევის გამო იგი 1885 წელს სასწავლებლიდან გარიცხეს.

    1886 წელს, ისიდორე რამიშვილის რჩევით, აპოლონ წულაძემ წინამძღვრიანთკარის სასოფლო–სამეურნეო სკოლაში ჩააბარა. ამ დროისათვის სკოლას საკმაოდ მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონდა. "არ დამიტოვებია არცერთი ქართული წიგნი, რომელიც ორ–სამჯერ არ წამეკითხოს" – იგონებს აპოლონ წულაძე.

    აპოლონმა 1890 წელს დაამთავრა აღნიშნული სკოლა და ოჯახში დაბრუნდა. აქ იგი ასწავლიდა ჭანჭათის, წყალწმინდისა და სუფსის სამრევლო სკოლებში, ხოლო შემდეგ ნიგოითში, ჩაქვსა და რაჭაში მეფუტკრედ და მებაღედ მუშაობდა.

    აპოლონ წულაძეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ეგნატე ნინოშვილთან და სხვა ქართველ მწერლებთან. იგი 1891 წლიდან თანამშრომლობდა "ეშმაკის მათრახში", "ჯეჯილში", "ივერიაში", "კვალსა" და "ცნობის ფურცელში".

    1894 წელს აპოლონ წულაძე ქუთაისის სასოფლო–სამეურნეო სკოლაში მეფუტკრეობისა და მეაბრეშუმეობის მასწავლებლად მიიწვიეს, ამავე დროს სკოლის ეკონომიურ და სამეურნეო ნაწილსაც განაგებდა. მისი თაოსნობით სკოლაში დაარსდა ჟურნალი "ნორჩი მეურნე", მოაწყვეს საკუთარი სამკითხველო და ბიბლიოთეკისთვის იწერდნენ ჟურნალ–გაზეთებს.

   აპოლონ წულაძე გურიის გლეხთა 1904 წლის აჯანყების აქტიური წევრი იყო. მისი საქმიანობა შეუმჩნეველი არ დარჩენია პოლიციას და იგი ხუთი წლით ორენბურგის პროვინციაში გადაასახლეს. ცხრათვიანი პატიმრობის შემდეგ აპოლონი გამოიპარა ორენბურგიდან და არალეგალური ცხოვრება და მოღვაწეობა დაიწყო. იგი 1905 წლის გურიის აჯანყების ერთ–ერთი ხელმძღვანელი და და აქტიური მონაწილე იყო. იგი რვა წლის განმავლობაში გურიის რევოლუციური მოძრაობის კომიტეტის მდივანი გახლდათ. 1911 წელს აპოლონ წულაძეს კვლავ აპატიმრებენ და სამი თვით ციხეს უსჯიან. ეს პერიოდი მან ქუთაისის ციხეში გაატარა, სადაც დაწერა წიგნი "ფუტკარი და მეფუტკრეობა", რომლის ხელნაწერი 1911 წელს თბილისის სასოფლო–სამეურნეო გამოფენაზე ოქროს მედლით დაჯილდოვდა, ხოლო 1912 წელს მეფუტკრეთა საზოგადოების მიერ პირველად გამოიცა. აპოლონ წულაძე ამასთან ერთად ავტორია რიგი წიგნებისა: "თაფლი და მისი სამკურნალო მნიშვნელობა", "დედა ფუტკრის ნაამბობი", "ფუტკრის ცხოვრება", "ძმური სიტყვა ქართველ მუსულმანებს" და სხვა.

   აპოლონ წულაძე ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ჟურნალ "სასოფლო გაზეთს", რომელიც 1912 წლიდან ქუთაისში გამოდიოდა და სისტემატურად აქვეყნებდა წერილებს მეფუტკრეობის საკითხებზე.

    აპოლონ წულაძე პროფესორ სიმონ ხუნდაძის დავალებით მთელი ექვსი თვე ეგნატე ნინოშვილის ბიოგრაფიული მასალების შეგროვებაზე მუშაობდა. მან მთელი გურია, აფხაზეთი და რაჭა–ლეჩხუმი შემოიარა და ბევრი ახალი საინტერესო მასალა შეაგროვა. იგი წლების მანძილზე მუშაობდა შრომებზე: "ეთნოგრაფიული გურია" და "ეთნოგრაფიული აჭარა", რომლებიც 1941 წლამდე სისტემატურად იბეჭდებოდა ჟურნალ "მნათობში".

    აპოლონ წულაძემ მთელი თავისი შინაარსიანი სიცოცხლე ხალხში გონივრული მეფუტკრეობის გავრცელების საქმეს მოანდომა. იგი იყო დიდი პრაქტიკოსი, რომელიც გლეხობას დაუზარებლად ასწავლიდა ფუტკრის მოვლას, მეფუტკრეობაში გამოსაყენებელი ინვენტარის გაკეთებას და რაც მთავარია, უნერგავდა ამ დარგისადმი სიყვარულსა და პატივისცემას. საქართველოში არ დარჩენილა არცერთი კუთხე, სადაც აპოლონ წულაძეს არ ჰქონოდა მოწყობილი საფუტკრე. იგი საქართველოს სოფლებში სისტემატურად აწყობდა კურსებს და მსურველებს მეფუტკრეობის შესახებ ლექციებს უკითხავდა.

   1942 წლის ზაფხულში, მეორე მსოფლიო ომის დროს, 56 წლის აპოლონ წულაძე, როგორც „საბჭოთა ხალხის მტერი“ ისე დააკავეს. დაპატიმრების მიზეზი გახდა საუბარი ფილიპე მახარაძესთან. მახარაძის კითხვაზე „როგორ ცხოვრობო?“ წულაძეს უპასუხია: „არც ისე უსვინდისო ვარ, ამ დროში რომ კარგად ვიყოო“.

   1942 წელს, დაპატიმრებიდან მალევე აპოლონ წულაძე ციხეში გარდაიცვალა. 1956 წელს მოხდა მისი რეაბილიტაცია.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ოზურგეთის განყოფილების ნამდვილი წევრი (1916-)

ბიბლიოგრაფია

  • ქართველი აგრონომები : თენგიზ ჩხეიძე. - თბილისი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1962

გააზიარე: