The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ელისაბედ (ლიზა) იოსების ასული ბოლქვაძე

ელისაბედ (ლიზა) იოსების ასული ბოლქვაძე
ოფიციალური სახელი:ელისაბედ (ლიზა) იოსების ასული ნაკაშიძე
სხვა სახელი:თამარა  (ფსევდონიმი)
მისკო  (ფსევდონიმი)
ხვარამზე  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:აგვისტო, 1885
გარდაცვ. თარიღი:22 თებერვალი, 1937  (51 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:უცნობია (დახვრეტილი)
კატეგორია:დამფუძნებელი წევრი, პოლიტიკოსი, რეპრესირებული

ბიოგრაფია

    ელისაბედ (ლიზა)  ნაკაშიძე დაიბადა 1885 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ სამხვთოში, აზნაურის ოჯახში.

დაამთავრა ტფილისის ქალთა მესამე გიმნაზია, მალევე ჩაერთო სოციალისტურ მოძრაობაში და უკვე 1904 წლიდან  საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი იყო. 1905 წელს, პარტიაში განხეთქილების შემდეგ,  „მენშევიკებს“ მიემხრო და  გურიის ქალთა სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. ამავე პერიოდში დაქორწინდა რევოლუციონერ გლეხ ბოლქვაძეზე.

    1907 წელს სოციალ-დემოკრატიული პარტიის  გურიის კომიტეტის დაპატიმრებისა და გადასახლების შემდეგ, ლიზა ბოლქვაძე გაძევებული იქნა ამიერკავკასიდან და დაბრუნდა 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ.

   1917 წლის 20 მარტს ლიზა ბოლქვაძე გურიის ქალთა საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩიეს, ხოლო 1918 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრობის კანდიდატად.

    1919 წლის 12 მარტიდან ლიზა ბოლქვაძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად  აირჩიეს სოციალ-დემოკრატების სიით და მუშაობდა შრომისა და მომარაგების კომისიებში.

   1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ ლიზა  საქართველოში დარჩა  და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში.

    1923 წელს დააპატიმრეს და სხვა მენშევიკ პატიმრებთან ერთად ურალის მხარეში გადაასახლეს. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების ჩახშობის შემდეგ, ბოლშევიკური რეჟიმის მიერ ტაქტიკის შეცვლისა და რეპრესიების შერბილების კამპანიის ფარგლებში, გადასახლებულთა ნაწილს უფლება მისცეს სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ და 1925 წელს ლიზა ბოლქვაძე-ნაკაშიძე საქართველოში დაბრუნდა. თავდაპირველად  გურიაში ცხოვრობდა, შემდეგ გადავიდა თბილისში და საქართველოს სსრ შინავაჭრობის სახალხო კომისარიატში დაიწყო მუშაობა. ლიზა პარალელურად სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის არალეგალური ცენტრალური კომიტეტის შემადგენლობაში ირიცხებოდა. მალე იგი ცეკას და თბილისის კომიტეტის ხელმძღვანელი გახდა და ენერგიული ზომები მიიღო მუშაობის გასააქტიურებლად, მოაწესრიგა კონსპირაციული კავშირები პარტიის საზღვარგარეთის ბიუროსთან და პოლიტპატიმართა ოჯახების დახმარების მექანიზმი.

    ლიზა ბოლქვაძე 1926 წელს საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ დააპატიმრა. დაკითხვაზე მან პარტიული საქმიანობა აღიარა, მაგრამ თავი დამნაშავედ არ სცნო. საგამოძიებლო ორგანოებმა იგი მოსკოვში გადაგზავნეს განსაკუთრებული სათათბიროს განკარგულებაში, რსფსრ-ს რომელიმე საკონცენტრაციო ბანაკში მისი გადასახლების რეკომენდაციაზე სანქციისათვის. ლიზა ბოლქვაძეს სამწლიანი პატიმრობა მიესაჯა და კრასნოიარსკის მხარეში, მინუსინსკის პოლიტიზოლატორში გადააგზავნეს. მალევე პატიმრობა გადასახლებით შეუცვალეს და ვადის ამოწურვის შემდეგ მხოლოდ ურალის მხარეში ცხოვრების უფლებით გაანთავისუფლეს. ცხოვრობდა ალტაის მხარეში, ქალაქ ობის კამენში და გადასახლებულთა შორის „პოლიტიკური წითელი ჯვრის“ ხაზით მუშაობდა.

   1936 წლის პირველ ნახევარში შინსახკომის კამენის რაიონულმა განყოფილებამ მსხვილმასშტაბიანი ოპერაცია ჩაატარა და პოლიტიკური საბაბით გადასახლებული ქართველი სოციალ-დემოკრატების დიდი ჯგუფი დააკავა, მათ შორის ლიზა ბოლქვაძეც, რომელმაც დაკითხვებზე კატეგორიულად უარყო კონტრრევოლუციური ორგანიზაციის არსებობა და „მენშევიკების“ საზღვარგარეთის ბიუროსთან კავშირი, ხოლო პირადი კავშირების დასახელებაზე უარი განაცხადა. ძიებამ მაინც მოახერხა სასურველი ინფორმაციის მიღება, თუმცა ბრალდების ფაქტებით დადასტურება ვერ შეძლო. მიუხედავად ამისა სსრკ-ს შინსახკომის კოლეგიასთან არსებულმა განსაკუთრებულმა სათათბირომ ლიზა ბოლქვაძეს  5 წლით კრასნოიარსკის მხარეში გადასახლება მიუსაჯა. რამდენიმე თვეში ლიზა ბოლქვაძე კვლავ დააპატიმრეს ქალაქ მინუსინსკში და 1937 წლის 13 თებერვალს, კრასნოიარსკის მხარის შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე. წ. „ტროიკა") დახვრეტა მიუსაჯა. განაჩენი 22 თებერვალს სისრულეში იქნა მოყვანილი.

    რეაბილიტირებულია 1956 წლის 22 სექტემბერს კრასნოიარსკის სამხარეო სასამართლოს და 1989 წლის 23 აპრილს ალტაის სამხარეო პროკურატურის მიერ.

წყარო: SOVLAB

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გურიის ქალთა საზოგადოება, თავმჯდომარე (1917-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი (1904-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ოზურგეთის განყოფილების ნამდვილი წევრი (1916-)

გააზიარე: